Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ


გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილთა დასჯის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების პლაკატი. თბილისი, 18 აპრილი, 2006 წ.
გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილთა დასჯის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების პლაკატი. თბილისი, 18 აპრილი, 2006 წ.

13 წლის წინ, 2006 წლის 28 იანვარს, ოქროყანის სასაფლაოს მახლობლად იპოვეს ახალგაზრდა მამაკაცის გაშიშვლებული და ნაწამები სხეული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოკლული იყო „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი, რომელიც წინა ღამით მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად შარდენის ქუჩიდან გაიტაცეს უცნობმა პირებმა ვერცხლისფერი მერსედესით. როგორც იურისტი ანა დოლიძე ამბობს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ და მოძრაობამ, რომელიც მოკლულის დედამ, ირინა ენუქიძემ, დაიწყო, საქართველოს ისტორია შეცვალა.

აღსრულდა თუ არა სამართალი

სანდრო გირგვლიანის ცხედრის პოვნიდან 13 წლის თავზე ადვოკატი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ სამართალი სრულფასოვნად არ აღსრულებულა. ადვოკატი იშველიებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა. შალვა შავგულიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დასვა კითხვის ორი ნიშანი, რომლებიც დღემდე არ მოხსნილა:

„პირველი: სწორი იყო თუ არა დანაშაულის კვალიფიკაცია, რომლითაც გასამართლდა ოთხი პირი? შს სამინისტროს თანამშრომლებს სასჯელი განესაზღვრათ სხეულის განზრახ დაზიანების გამო, რასაც გაუფრთხილებლობით მოჰყვა სიკვდილი, თუმცა აშკარა იყო, რომ საქმე გვქონდა განზრახ მკვლელობასთან, ჩადენილთან დამამძიმებელ გარემოებებში, და ეს გარემოებები იყო დანაშაულის ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენა. მეორე კითხვის ნიშანი კი შეეხება დანაშაულთან შს სამინისტროს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირებისა და შს მაშინდელი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, მეუღლესთან კავშირს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შალვა შავგულიძემ.

სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა ევროსასამართლოში
სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა ევროსასამართლოში

​სანდრო გირგვლიანის დედა, 2007 წელს გარდაცვლილი ირინე ენუქიძე, ამტკიცებდა, რომ საბედისწერო კონფლიქტი დაიწყო სუფრასთან „შარდენ-ბარში“, სადაც სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად მიაკითხა თავის მეგობარ გოგონას, თამარ მაისურაძეს, რომელიც იქ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიასთან, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაიასთან, შსს-ს გენინსპექციის უფროს ვასილ სანოძესა და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა.

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლომ, სხვა სახელმწიფო უწყებეთან შეთანხმებით, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ამ საზარელი დანაშაულის საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო.
შალვა შავგულიძე

„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა: ამ საქმეზე რომ ჩატარებულიყო ჯეროვანი გამოძიება და სასამართლო განხილვები, შესაძლებელია გამოკვეთილიყო სუფრის წევრების კავშირი ამ დანაშაულთან, ასევე გამოკვეთილიყო, რომ მსჯავრდებულ პირებს ჩადენილი აქვთ უფრო მძიმე დანაშაული - განზრახ მკვლელობა და არა სხვეულის დაზიანება, რასაც გაუფრთხილებლობით მოჰყვა მკვლელობა. ამ კუთხით არ წასულა გამოძიება. ესაა უმთავრესი კითხვები, რომლებსაც ვაყენებდით საქმის წარმოების მთელ პროცესში. კი, საბოლოო ჯამში, გასამართლდა მერაბიშვილიც, ახალაიაც, სააკაშვილიც დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში მონაწილე პოლიციელების შეწყალების საქმეში, მაგრამ ამ ორ კითხვაზე პასუხი დღემდე გაუცემელია“, - ამბობს შალვა შავგულიძე.

ადვოკატის თქმით, ცალკე გულისწყრომას იწვევს როგორც საქართველოს სასამართლო სისტემა, რომელმაც ევროპული კონვენციის სერიოზული დარღვევებით განიხილა გირგვლიანის საქმე, ასევე ამ სისტემის მფარველობა ამჯერად უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ:

„სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლომ, სხვა სახელმწიფო უწყებეთან შეთანხმებით, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ამ საზარელი დანაშაულის საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო. აი, ასეთი შეფასების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს მოსამართლეები ვადის გასვლის შემდეგ გადანიშნა უვადოდ და მათ ჩააბარა სასამართლო ხელისუფლება. ამის გამოც ვერ ვიტყვით, რომ სამართლიანობა სრულყოფილად იქნა აღდგენილი“.

იურისტი ანა დოლიძეც ამბობს, რომ გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლეების, მათ შორის ლევან მურუსიძის სისტემაში დატოვებით, ხელისუფლება ინარჩუნებს და სიცოცხლეს უხანგრძლივებს ძალადობრივ სისტემას.

„გირგვლიანის საქმის“ გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ და იმ მოძრაობამ, რომელიც სანდრო გირგვლიანის დედამ, ირინა ენუქიძემ, დაიწყო, შეცვალა საქართველოს ისტორია.

2012 წლამდეც იყო ბევრი მცდელობა შეცვლილიყო ხელისუფლება. იყო ქუჩის აქციები, არჩევნები და ა.შ., მაგრამ ეს ვერ შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ „გირგვლიანის საქმე“, როგორც აჩრდილი, სულ არსებობდა ფაქტორის სახით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გირგვლიანის ამბავი რომ არ მომხდარიყო, სხვა რამე მოხდებოდა, მაგრამ იქნებოდა იგივე ნარატივი...
გია ნოდია

„გირგვლიანის საქმე“, მართლაც, გამორჩეულად რეზონანსული გამოდგა. შვილის მკვლელობით გაუბედურებული, მაგრამ მაინც შეუპოვარი ირინა ენუქიძე იქცა სახელმწიფო სისტემის მსხვერპლისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ. 2006 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული თითქმის ყველა საპროტესტო მსვლელობასა თუ მიტინგზე გაისმოდა მოწოდება, დასჯილიყვნენ გირგვლიანის მკვლელები. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის, თქმით, გირგვლიანის საქმემ დაარწმუნა ყველა, რომ ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ დაიხევდა უკან და რომ ბოლომდე დაიცავდა ბოროტმოქმედებს თავის რიგებში.

„შეიქმნა ყველაფერზე წამსვლელი ხელისუფლების იმიჯი. ცხადია, ამ საქმემ დააზარალა მაშინდელი ხელისუფლება და შეაკავშირა ოპოზიციური ძალები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ თუ ხელისუფლება ჩაიდენდა რამე ბოროტმოქმედებას, არანაირ სათანადო დასკვნას აქედან არ გამოიტანდა“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

ფილოსოფოსი გია ნოდიაც მიიჩნევს, რომ „გირგვლიანის საქმემ“ განსაზღვრა ოპოზიციის ნარატივი, რომ ხელისუფლება მოძალადე და ადამიანის უფლებების სისტემურად დამრღვევია.

„მოძალადე ხელისუფლების იმიჯი“ გახდა ლაიტმოტივი ოპოზიციის როგორც ქმედებების, ასევე რიტირიკის, რაც დღემდე შემორჩა. „ქართული ოცნება“ თავისი რიტორიკით კვლავ რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციად“, - ამბობს გია ნოდია, რომელიც არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს „გირგვლიანის საქმემ“ გადამწვეტი როლი ითამაშა ხელისუფლების ცვლილებაში 2012 წელს.

„2012 წლამდეც იყო ბევრი მცდელობა შეცვლილიყო ხელისუფლება. იყო ქუჩის აქციები, არჩევნები და ა.შ., მაგრამ ეს ვერ შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ „გირგვლიანის საქმე“, როგორც აჩრდილი, სულ არსებობდა ფაქტორის სახით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გირგვლიანის ამბავი რომ არ მომხდარიყო, სხვა რამე მოხდებოდა, მაგრამ იქნებოდა იგივე ნარატივი, რომ გვყავს მოძალადე, სისხლიანი ხელისუფლება და ა.შ. ალბათ, ცალკე ეს მოვლენა რეალურად გადამწყვეტი არ იყო, მაგრამ გახდა წამყვანი, დომინანტი სიმბოლო იმისა, რაც, კრიტიკოსების აზრით, ცუდი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს“, - უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.

გამეორების შეუძლებლობა?

შესაძლებელია თუ არა დღეს სანდრო გირგვლიანის საქმეში აღწერილი დანაშაულის მსგავსი დანაშაულის ჩადენა - როდესაც დანაშაულს სჩადიან სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები და დამნაშავეებს მფარველობს როგორც მართლმსაჯულება, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება?

გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილთა დასჯის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქცია. თბილისი, 7 ივნისი, 2006 წ.
გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილთა დასჯის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქცია. თბილისი, 7 ივნისი, 2006 წ.

დავით ზურაბიშვილის აზრით, ხელისუფლებას ამგვარი კატასტროფისგან იცავს თავისივე სისუსტე და მობილიზების შეუძლებლობა.

„ინსტიტუციურად შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება ძალიან სუსტია. ის უფრო ჰგავს წინის წინა ხელისუფლებას, შევარდნაძისდროინდელს, როდესაც მიდიოდნენ ყველანაირ დარღვევაზე, თუ იყო შესაბამისი პოლიტიკური ინტერესი. დღესაც, დანაშაულსაც ჩაიდენენ და დაფარავენ კიდეც, მაგრამ სისტემური მიდგომა - „ჩვენ არასდროს და არაფერში უკან არ ვიხევთ“ - ასეთი სისტემური მიდგომა დღეს არ არის. დღეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი ადამიანის ნებაზე, რაც ასევე უბედურებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ის, რაც წინა ხლისუფლების დროს გვქონდა, იყო მიზანმიმართული ქმედება. გირგვლიანის შემთხვევა იყო ყველაზე თვალსაჩინო შემთხევევა, თორემ სხვა ყველაფერშიც ასე იქცეოდნენ. ჰყავდათ ხელშეუხებელი პირები და მათთვის პრინიციპულად მიუღებელი იყო იმის აღიარება, რომ რამე შეეშალათ, უკან დაიხიეს და დათმეს - ეს იყო პრინციპულად მიუღებელი. ახლა ასეთი მიდგომა არ არის. ახლა ერთი კაცის პოლიტიკური ნება წყვეტს ყველაფერს. სხვა მხრივ, არის ქაოსი, კორუფცია და ა.შ. ცხადია, უსამართლობის მაგალითებიც გვაქვს: მაჩალიკაშვილის საქმე, თუნდაც... არ იძიებენ. სარალიძის საქმე, რომელიც კატასტროფულად გამოიძიეს...“ - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

ფილოსოფოსი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ, ინსტიტუციური სისუსტის მიუხედავად, მოქმედი ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის აქტიურად იყენებს უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს. გარდა ამისა, ხელისუფლება ასევე შემჩნეულია ჩრდილოვანი სტრუქტურების შექმნაში, რის ნიმუშებადაც გამოდგება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, მონაწილეობა „ომეგასა“ და მთავარი აუდიტორის ცემის საქმეებში, „მოჭიდავეების“ დაუსჯელი ძალადობა კორცხელში.

„ბუნებრივია, როცა სამართალდამცავ ორგანოებს იყენებ პოლიტიკური მიზნით და პლუს ამას ამატებ არალეგალურად მოქმედ ჯგუფებს, შესაძლებელია კონტროლიდან გავიდეს ქმედებები და კვლავ მივიღოთ გირგვლიანის მკვლელობის მსგავსი დანაშაული - ეს სავსებით შესაძლებელია, თუმცა სხვა ამბავია, რა სიმბოლურ დატვირთვას მიიღებს ყოველივე ეს პოლიტიკურ რიტორიკასა და პოლიტიკურ ბრძოლაში, ანუ რამდენად განმსაზღვრელი იქნება ეს ხელისუფლების პოლიტიკური იმიჯისა“, - ამბობს გია ნოდია, რომლის თქმითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მოქმედების ხელისუფლება, რომელიც ბევრ რამეს ცვლიდა საზოგადოების ცხოვრებაში და ეს შეცვლაც აღიქმებოდა ერთგვარ ძალადობად:

„სწორედ ამიტომ შეიძინა გირგვლიანის საქმემ დომინანტი სიმბოლოს მნიშვნელობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე კი ვერ ვიტყვით, რომ ის აქტივისტი ხელისუფლებაა, რომ ის ცდილობს საზოგადოების და მისი ინსტიტუტების გარდაქმნას. ის ინერტული, პასიური ხელისუფლებაა, რომელიც რეაგირებს მიმდინარე მოვლენებზე და ამიტომ მას არ აქვს იმიჯი, რომ ვიღაცაზე სისტემურად ძალადობს. ის, პრინციპში, არაფრის შეცვლას არ ცდილობს, ამიტომ მგონია, თუნდაც რომ მოხდეს გირგვლიანის მკვლელობის მსგავსი დანაშაული, - შეიძლება ხდება კიდეც, - ის მაინც არ შეიძენს სიმბოლურ დატვირთვას“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG