Accessibility links

გიურზისგან დაკბენილი პაციენტები რუსთავის საავადმყოფოდან გაწერეს


შხამიანი გველის, გიურზის მიერ დაკბენილი ორი მამაკაცი რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან გაწერეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალგეთზე, გველისგან დაგესლილი ერთი პაციენტი საავადმყოფოში 13 ივლისს შეიყვანეს, ხოლო მეორე, რომელსაც გიურზამ რუსთავიდან ხუთ კილომეტრში მდებარე სოფელ გაჩიანში უკბინა, - 15 ივლისს. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, პაპუნა ბახტაძის, ცნობით, ის, რომ პაციენტები ნამდვილად გიურზამ დაკბინა, დადასტურდა დაზიანებული ადგილების ვიზუალური დათვალიერებით, კლინიკური გამოკვლევით და თავად პაციენტების მონაყოლით.

„გიურზა არ ესხმის თავს ადამიანს და არ წარმოადგენს საფრთხეს, როგორი აზრიც არის დამკვიდრებული. თუ არ გამოეკიდე, დაჭერა არ სცადე, ფეხი არ დააბიჯე, ისე არ მოგეკარება“, განმარტა პაპუნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, პაციენტებს გაუკეთეს ანტიგიურზინის შრატი, ჩაუტარეს პირველადი კომპლექსური მკურნალობა დეზონტიკსაციით. იგი ურჩევს ყველას, შხამიანი გველის დაკბენის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართონ კლინიკას:

„გიურზის შხამს, თუ ის ადამიანის ორგანიზმში მოხვდა და გადაუდებელი მკურნალობა არ ჩაუტარდა, ახასიათებს პარალიტიკური მოქმედება. ადგილობრივ რეაქციას მოჰყვება ორგანიზმის მთლიანი ინტოქსიკაცია და მთავრდება ლეტალურად“, თქვა ბახტაძემ. „ შხამიანი გველით დაკბენილები შემდგომშიც საჭიროებენ ანტიინტოქსიკაციურ მკურნალობას. ჩვენი კლინიკიდან გაწერილებს მკურნალობის შესაბამისი კურსი დავუნიშნეთ“.

ბახტაძის ცნობით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გიურზისგან დაკბენილები ხვდებიან ამ გველის ენდემური გავრცელების ტერიტორიებიდან, უდაბნო და ნახევარუდაბნო ადგილებიდან. ბახტაძის თქმით, ქვემო ქართლში ასეთი ტერიტორიებია: რუსთავის მიმდებარე იაღლუჯის მთა, მარნეულის მუნიციპალიტეტის რიგი ადგილები და გარდაბნის მხარე - ყარაიაზის ნახევრად უდაბნო ტერიტორია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG