Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გმირის სიკვდილი - რა იქნება ნავალნის შემდეგ?


ალექსეი ნავალნი. ილუსტრირებული ფოტო
ალექსეი ნავალნი. ილუსტრირებული ფოტო

ალექსეი ნავალნის დაღუპვის შემდეგ რუსეთის პოლიტიკის დღის წესრიგში გაჩნდა ახალი კითხვა: რა ელის ისედაც უკიდურესად დასუსტებულ ოპოზიციას? რა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ გამოჩნდნენ ნავალნის მასშტაბის ახალი ლიდერები?

თუმცა რუსეთის ოპოზიციის მომავალთან დაკავშირებით გაჩენილმა ამ კითხვებმა აქტუალობა ვერ დაუკარგა ძველ დავას საკუთრივ ალექსეი ნავალნისა და მისი ღვაწლის მნიშვნელობის შესახებ.

ვინ იყო ალექსეი ნავალნი - პუტინის რეჟიმს შეწირული გმირი თუ ხელისუფლებისთვის მებრძოლი იმპერიული სულისკვეთების პოლიტიკოსი, რომელიც, დევნილობაში მყოფ ბელარუს ოპოზიციონერს, ზიანონ პაზნიაკს რომ დავესესხოთ, პუტინსაც კი გადაახტებოდა, ხელისუფლებაში რომ მიეშვათ?

ემიგრაციაში მცხოვრები 79 წლის პაზნიაკი გაღიზიანებას ვერ მალავს ნავალნის პიროვნებისადმი გაზრდილი ყურადღებისა და მისი როლის გაზვიადების გამო. არახალია, რომ ნავალნის ბრალს სდებდნენ უკრაინის არასაკმარის მხარდაჭერაში, "იმპერიალისტობასა" და ველიკორუსულ შოვინიზმში. ზოგიერთი მიმომხილველი კრიტიკულად აფასებს ნავალნის სიცოცხლის ბოლო წლებსაც, ხოლო რუსეთში მის ნებაყოფლობით დაბრუნებას საერთოდ „სიბრიყვეს“ უწოდებს.

ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია ბერლინში რუსეთის საელჩოსთან. 2024. 18 თებერვალი
ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია ბერლინში რუსეთის საელჩოსთან. 2024. 18 თებერვალი

ალექსანდრ ფრიდმანი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტის თანამშრომელი, დარწმუნებულია, რომ ნავალნი იყო რუსი პოლიტიკოსი, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა რუსეთში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლას:

„უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ნავალნი არ შემოიფარგლა ომის საწინააღმდეგო აბსტრაქტული რიტორიკით.მან აღიარა უკრაინა 1991 წლის საზღვრებში, დაგმო რუსული არმიის სამხედრო დანაშაულები და დაეთანხმა უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებლობას.

ნავალნიმ ამგვარი პოზიცია დაიკავა მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმოდა, რომ პროპაგანდით გაბრუებული რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც „დიადი საბჭოთა კავშირის“ და იმპერიული ტრადიციების ნოსტალგიითაა შეპყრობილი, მხარს არ დაუჭერდა მას და „ეროვნული ინტერესების ღალატშიც“ კი დაადანაშაულებდა“.

ალექსანდრ ფრიდმანის თქმით, ალექსეი ნავალნის პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მისმა შეხედულებებმა სერიოზული ევოლუცია განიცადეს, რის შედეგადაც წარსულს ჩაბარდა მისი ღია ფლირტი ველიკორუსულ შოვინიზმთან, რამაც თავის დროზე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მის რეპუტაციას:

„ნავალნიმ დაუშვა პოლიტიკური შეცდომები, მაგრამ მას ჰქონდა გამბედაობა, ეღიარებინა ისინი. დისკუსია იმაზე, რომ „ნავალნის რუსეთი“ უარესი იქნება „პუტინის რუსეთზე“, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და აიხსნება შერჩევითი აღქმით, ანტირუსული კლიშეებითა და პირადი ანტიპათიით...

ბევრი ბელარუსი თუ რუსი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, რომლებიც აიძულეს პოლიტიკურ ემიგრაციაში წასულიყვნენ, ალექსეი ნავალნი ასეთ ვარიანტს არც კი განიხილავდა. არ სურდა ხელისუფლებაში მოსვლა უცხო არმიის „ხიშტებით“ და აცნობიერებდა, რომ ემიგრაციაში მყოფ ნებისმიერ პოლიტიკოსს ემუქრება „პოლიტიკურ გვამად“ ქცევა.

ნავალნიმ იცოდა, რა პერსპექტივა ელოდა რუსეთში, თუმცა მაინც გადაწყვიტა დაბრუნება. როგორც უკომპრომისო იდეალისტს, მას სრულიად სჯეროდა თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთის და მზად იყო ამისთვის სიცოცხლე დაეთმო.

საყვედურები მის მიმართ და მით უმეტეს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ციხეს (სიკვდილს) ემიგრაცია ამჯობინა, ცინიკურად და ამორალურად გამოიყურება“.

ანალიტიკოსების ნაწილი გაზვიადებულად მიიჩნევს ნავალნის პიროვნების მნიშვნელობას, რადგან მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე მართლაც არ იყო დიდი.

ნავალნი არ სარგებლობდა რუსი ამომრჩევლების უმრავლესობის მხარდაჭერით. მეტიც, რუსული სოციალური ქსელები ახლაც სავსეა „რიგითი რუსების“ ამაზრზენი კომენტარებით „დასავლეთის მორიგი აგენტის ჩაძაღლების“ შესახებ, თუმცა, ალექსანდრ ფრიდმანის თქმით, ეს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ნავალნის ალტრუიზმსა და თავგანწირვას:

„ნავალნი თავის დროს უსწრებდა. ის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში დაეცა იმ საზოგადოებისთვის, რომელიც არ ელოდა ასეთ თავგანწირვას, რომელმაც ვერ დააფასა ეს თავგანწირვა და რომელიც არ იმსახურებს მას.

ალექსეი ნავალნი, როგორც საბჭოთა დისიდენტმა და ისრაელელმა პოლიტიკოსმა ნათან შარანსკიმ შენიშნა, არ ყოფილა მსხვერპლი. ნავალნი იყო მებრძოლი, რომელმაც გაკვეთილი ჩაუტარა ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს, რომელთა მსჯელობა დემოკრატიაზე ხშირად ეწინააღმდეგება კონკრეტულ ქმედებებს“.

ისტორიკოსი და პოლიტიკის ანალიტიკოსი, სერგეი მედვედევიც მიიჩნევს, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთში ქმნიდა ცვლილებებისა და მომავლის იმედს, მაგრამ „რუსეთი მხდალად ამჯობინებდა „სტაბილურობას“ თავისი რეპრესიებით, სისხლითა და ომით“:

„ნავალნი იყო სწორედ ის ზღაპრული გმირი-განმათავისუფლებელი, მოვლენილი სხვა სამყაროებიდან, რომელმაც თითქოს შეძლო რუსეთის შეცვლა და ამიტომაც იყო ასე ძლიერი მისდამი რწმენა და ამიტომაც მოხდა მისი მითოლოგიზაცია.

მაგრამ უმრავლესობა არ იყო მზად რისკისთვის, პოლიტიკაში ჩართვისთვის, არჩევნებზე ან ქუჩაში პროტესტის გამოხატვისთვის: ბევრად უფრო ადვილი იყო ტახტზე წამოწოლა და მისი ელვარე გამოძიებების ყურება სახლიდან ფეხის გაუდგმელად.

ნავალნის ანტიკორუფციული გამოძიებების, მისი საარჩევნო სტრატეგიისა და შემდეგ ციხიდან გზავნილების პოლიტიკურ ქმედებებში კონვერტაცია განუხრელად იკლებდა და მცირდებოდა. ასე ტახტზე წამოწოლილი რუსული საზოგადოება მოესწრო გმირის ჯერ მოწამვლას, შემდეგ ციხეში გამოკეტვას და ბოლოს მკვლელობას“.

სერგეი მედვედევი
სერგეი მედვედევი

სერგეი მედვედევის თქმით, ნავალნი უდავოდ მოკლა პუტინმა, თუმცა არა მხოლოდ მან, ნავალნი ასევე მოკლა ავმა რუსულმა ენტროპიამ, გულგრილობამ, მონობამ, შურმა, სიზარმაცემ, სიძულვილმა და ცვლილების შიშმა.

„მოკლეს არა უბრალოდ საშიში ოპოზიციონერი, არამედ მოკლეს ალტერნატიული, თავისუფალი და მსოფლიოსთვის გახსნილი რუსეთი, რომელსაც კიდევ ერთხელ არ მისცეს არსებობის საშუალება, - ამბობს ანალიტიკოსი, - მათ მოკლეს არა ამერიკული ოცნება, არამედ რუსული ოცნება. მოკლეს პუტინისგან, სიბნელისგან და კოშმარული სიზმრისგან განთავისუფლების სასოწარკვეთილი, ილუზორული იმედი.

ნავალნი იყო იმედის ბოლო ძაფი, რომელსაც ეჭიდებოდნენ არა მხოლოდ რეჟიმის კრიტიკოსები, არამედ ნეიტრალური ადამიანები. რუსეთს წაართვეს იმედი“.

ვინ დაუბრუნებს რუსეთს იმედს?

პოლიტოლოგ მუჰამად შამსუდინოვის თქმით, დიდი ალბათობით ნავალნის მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა უახლოეს მომავალში ვერ გამოჩნდება, რადგან ომის პირობებში, რუსეთის ხელისუფლება სასტიკად თრგუნავს უკმაყოფილების ნებისმიერ გამოვლინებას. ყველა სახის ოპოზიციური აქტიურობა იქნება ჩახშობილი, ძირითადად სისხლის სამართლის საქმის აღძვრითა და ხანგრძლივი პატიმრობით:

„რაც შეეხება ოპოზიციას რუსეთის ფარგლებს გარეთ, ის ვერ იქნება ისეთი ეფექტური, როგორიც შეიძლება იყოს ქვეყნის შიგნით. მხოლოდ ქვეყანის შიგნით მოქმედ ოპოზიციას შეუძლია ხალხის მიტინგებზე მიყვანა და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა. ასეთი ოპოზიცია და ასეთი ლიდერი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში არ გამოჩნდება“.

რუსი პოლიტოლოგის, ფიოდორ კრაშენინიკოვის თქმით, ნავალნის სიკვდილმა აჩვენა, რომ შეკავების ძველი მექანიზმები აღარ მუშაობს და, რომ პუტინის ციხეში შეიძლება მოკლან ნებისმიერი ადამიანი:

ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

„ბევრი ევროპელი პოლიტიკოსისთვის შოკი იყო იმის აღმოჩენა, რომ ნავალნი, რომელზეც საჯაროდ ბევრს ლაპარაკობდნენ და, რომელსაც ისინი მხარს უჭერდნენ, შეიძლებოდა უბრალოდ აეღოთ და ციხეში მოეკლათ. რაღაც გაგებით ეს მათი გამოწვევაა, მათი - დასავლელი პოლიტიკოსების წონის განულებაა.

ჩვენ ხომ ათწლეულების განმავლობაში ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც იყვნენ პატიმრები, ისინი სხედან ციხეებში, მაგრამ თუ მათ საერთაშორისო დონეზე უჭერდნენ მხარს, მათ არაფერი ემართებოდათ, რადგან ისინი, ვინც პატიმრებს ციხეებში აჩერებდნენ, ანგარიშს უწევდნენ და უფრთხოდნენ საერთაშორისო აზრს. მაგრამ ახლა პუტინმა აჩვენა ყველას, მათ შორის დასავლელ პოლიტიკოსებსაც, რომ მას არაფრის აღარ ეშინია, რომ ადამიანი, ვისაც ექომაგებოდნენ სამყაროს ყველაზე მაღალი რანგის ლიდერები, შეიძლება უბრალოდ მოკლან ციხეში“.

ამგვარად შეცვლილ სამყაროში, ცხადია, ძნელი იქნება ნავალნის მასშტაბის ახალი ლიდერის გამოჩენა. ჟურნალისტ გალინა სიდოროვას თქმით, შექმნილია უიმედო მდგომარეობა, რომელშიც თითქმის არ დარჩა ნათელი წერტილები:

„ალექსეი ნავალნი სიკვდილის შემდეგაც სიცოცხლის სიმბოლოდ რჩება. ვლადიმირ პუტინი სიცოცხლის განმავლობაში იქცა სიკვდილის სიმბოლოდ.

ჩამოწოლილი სიბნელისა და კრემლის მანიაკი მმართველის ახალი სიგიჟეების ფონზე გახსენდება ფრაზა რობერტ უორენის „მეფის მთელი მხედრიონიდან“: „ბოროტებისაგან უნდა შექმნა სიკეთე, რადგან სხვა არაფერი გაქვს მის შესაქმნელად.” ნავალნიმ სწორედ ეს გააკეთა“.

ფიოდორ კრაშენინიკოვი
ფიოდორ კრაშენინიკოვი

ალექსეი ნავალნის გამოცდილების გაზიარებას მიიჩნევს გამოსავლად პოლიტოლოგი ალექსანდრ კინევიც, რომლის თქმითაც, რუსეთის ოპოზიციას თუ რამე გადაარჩენს, პირველ რიგში უნარი - ელაპარაკოს ხალხს მათთვის გასაგებ ენაზე, როგორც ამას ალექსეი ნავალნი აკეთებდა:

„რუსულ დემოკრატიულ მოძრაობას მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს მომავალი. თუ ის აღარ იქნება პოლიტიკური სნობების გეტო, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენა, მხოლოდ ერთმანეთთან „ტუსოვკებზე“ სიარული“.

ოპოზიციამ ძირითად სათქმელად უნდა აქციოს ის, რომ რუსეთის მოსახლეობა არ არის ადამიანების რაღაც ერთობა, რომლებიც უბრალოდ ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რომ ყველანი ისინი ცხოვრობენ რუსეთში, რომ ყველას ერთი სამშობლო და ერთი მომავალი აქვს, რომ უყვართ ქვეყანა, რომელიც უნდათ, რომ აყვავებული, დემოკრატიული და ძლიერი იყოს“.

ალექსეი ნავალნი ყოველივე ამას ხალხისთვის გასაგებ ენაზე ამბობდა, რაც დაადასტურა კიდეც 1 მარტს მის გასვენებაში ათობით ათასი ადამიანის მისვლამ. დაშინებისა და ხელისუფლების მიერ შექმნილი უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები მაინც მივიდნენ პოლიტიკოსთან გამოსამშვიდობებლად, ბევრმა მათგანმა მისი ცხედარი უკანასკნელ გზაზეც კი გააცილა.

ალექსეი ნავალნის გასვენებაში მისული ხალხი. მოსკოვი. 2024 წ. 1 მარტი
ალექსეი ნავალნის გასვენებაში მისული ხალხი. მოსკოვი. 2024 წ. 1 მარტი

ალექსანდრ ფრიდმანის თქმით, ალექსეი ნავალნის ოცნებები არ ახდა და ჯერჯერობით არც არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ოდესმე ახდება, თუმცა ისტორიკოსი დარწმუნებულია, რომ ნავალნის ძალისხმევა ფუჭად არ ჩაივლის:

„თუკი თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობისმოყვარე რუსეთი, რაზეც ნავალნი ოცნებობდა, რეალობად იქცევა, ასეთ ქვეყანაში მცხოვრები რუსები დიდად დავალებული იქნებიან ბრძოლაში დაღუპული პოლიტიკოსისგან.

მისი წყალობით, ისინი შეძლებენ თქვან, რომ მათი ქვეყნის ისტორიაში იყო არა მხოლოდ ტირანი პუტინი, რომელმაც სისხლისმღვრელი სასაკლაო გააჩაღა და ომის საშინელი დანაშაულები ჩაიდინა, არამედ იყო მებრძოლი ნავალნიც - ტრაგიკული გმირი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღო სხვა რუსეთისთვის“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG