Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამერიკის მამა“ - მართლმადიდებელი და უმცირესობების დამცველი  

გოგი გვახარია - ტომ ჰენქსი და ფილმი „ფილადელფია“
გოგი გვახარია - ტომ ჰენქსი და ფილმი „ფილადელფია“

„ფილადელფია“(აშშ, 1994, რეჟისორი ჯონათან დემე)


როცა კინოს ისტორიაში მართლაც გამორჩეულ ფესტივალებზე ვფიქრობ, პირველი, რაც მახსენდება, 1994 წლის “ბერლინალეა”. სწორედ იქ მიიღო „ფილადელფიის“ ვარსკვლავმა ტომ ჰენქსმა საუკეთესო მსახიობისთვის განკუთვნილი „ვერცხლის დათვი“. ჰენქსი ამ კვირის იუბილარია, 9 ივლისს მისი დაბადებიდან 70 წელი გავიდა.

ტომ ჰენქსის საიუბილეო თარიღი გვიბიძგებს, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ძველი შეფასება, რომელიც „ფილადელფიის“ პრემიერის შემდეგ დამკვიდრდა: თითქოს ჯონათან დემეს ფილმის მთავარი და თითქმის ერთადერთი ღირსება ტომ ჰენქსის შესრულებაა. ასეთ შემთხვევაში სრულიად გამართლებულადაც მოგვეჩვენებოდა 1994 წლის „ბერლინალეს“ ჟიურის გადაწყვეტილება - „ოქროს დათვი“ ერგო ჯიმ შერიდანის „სახელითა მამისათას“, გრან-პრი კუბურ ფილმს, „მარწყვი და შოკოლადი“, ხოლო „ფილადელფია“ მხოლოდ ტომ ჰენქსის, როგორც საუკეთესო მსახიობის, დაჯილდოებით აღინიშნა. დროის გადასახედიდან ეს გადაწყვეტილება სულ უფრო სადავოდ მეჩვენება. ბერლინის 44-ე კინოფესტივალზე გამარჯვებულ ფილმებს “რევოლუციურს” ვერ უწოდებ (მიუხედავად იმისა, რომ “მარწყვი და შოკოლადი” მართლაც რომ დისიდენტური კინოა), ჯონათან დემეს “ფილადელფიამ” კი სრულიად შეცვალა ამერიკული კინო, დაანგრია ცრურწმენები, რომლებიც წლების მანძილზე მკვიდრდებოდა ჰოლივუდში.

„ფილადელფია“ ამბიციური პროექტია, რომელიც თავიდანვე გათვლილი იყო რაც შეიძლება ფართო საერთაშორისო აუდიტორიაზე. ავტორები არც მალავდნენ, რომ სურდათ მაყურებლამდე მიეტანათ აივ ინფიცირებული ადვოკატის, ენდრიუ ბეკეტის ამბავი იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ჰომოსექსუალობის მიმართ ცრურწმენები განსაკუთრებით ღრმად იყო ფესვგადგმული. ერთი იყო გზავნილი, რომელიც დასავლელ მაყურებელს ეკუთვნოდა - აივ ინფიცირებული ადამიანების დისკრიმინაციის დაუშვებლობა - და სხვა იყო შოკი, რომელიც ფილმის ნახვის შემდეგ ჰომოფობებს უნდა განეცადათ, როდესაც “ფილადელფიის” უარყოფით პერსონაჟებში საკუთარ თავს დაინახავდნენ.

ბერლინის კინოფესტივალის ჟიურიმ, უბრალოდ, ვერ გაითვალისწინა, რამდენად რთულია ამ ცრურწმენებთან ბრძოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში დააფასებდა ფილმის სცენარსაც, რეჟისურასაც, დენზელ ვაშინგტონის ოსტატობასაც, სრულიად გენიალურ საუნდტრეკსაც (ბრუს სპრინგსტინის ჰიტით პროლოგში და ნილ იანგის სიმღერით ფინალში) და არ დაუჯერებდა კრიტიკოსებს, რომლებმაც “ფილადელფია” მეტისმეტად მანერულად მიიჩნიეს, “პედლების” ზედმეტი გამოყენებით, განსაკუთრებით სცენაში, რომელშიც ტომ ჰენქსის გმირი თავის ადვოკატს La mamma morta-ს ასმენინებს მარია კალასის შესრულებით. ამ ეპიზოდის კრიტიკოსებმა უბრალოდ ვერ გაითვალისწინეს, რომ ოპერა ისტორიულად ყოველთვის იყო ერთგვარი თავშესაფარი და თვითგამოხატვის ფორმა ქვიარ საზოგადოებისთვის, ვერ მიხვდნენ, რომ მარია კალასის ხმა ამ სცენაში ენდრიუ ბეკეტის შინაგანი ხმაცაა - ტრაგიკული, მაგრამ ამაყი, ღირსებით სავსე.

წითელი ფერი, რომელსაც ავტორები აქტიურად იყენებენ „ოპერის სცენაში“, ეს თბილი, წითელი განათება, „პედალი“ კი არ არის, არამედ ენდრიუს სხეულში მიმდინარე პროცესის გამოხატულებაა, ხოლო კამერის რაკურსი ზევიდან ქვევით - ტომ ჰენქსის გმირის აბსოლუტური დაუცველობის გამომხატველი სახე. ამავე დროს, სწორედ ამ სცენაში ქრება ბარიერი ორ, სრულიად განსხვავებულ ადამიანს შორის, მილერი (დენზელ ვაშინგტონი) პირველად დაინახავს ბეკეტში არა „ავადმყოფ გეის“, არა უბრალოდ კლიენტს, არამედ როგორც ხელოვნების, სიცოცხლისა და ტკივილის აღმქმელ სრულფასოვან ადამიანს... პირველად გააცნობიერებს, რომ ტანჯვა, ტკივილი, ავადმყოფობა, სიკვდილი უნივერსალურია. ამიერიდან ბეკეტის ტრაგედია მისი პირადი ტკივილი ხდება.

რა თქმა უნდა, კომპრომისი იყო მთავარი გმირის შიდსით დაავადების გამოყენება, როგორც მაყურებლის ემპათიის გასაძლიერებელი დრამატურგიული ხერხი. ენდრიუ ბეკეტი ხომ სასიკვდილო სენით დაავადებული ადამიანია - მისი ტანჯვა მაყურებლის თანაგრძნობას ბუნებრივად იწვევს (ფილმი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადაიღეს. ტომ ჰენქსმა გადაღებების დროს 10 კილოგრამზე მეტი დაიკლო წონაში). ამგვარი ემოციური სტრატეგია იმაზეც იყო გათვლილი, რომ ჰომოფობ მაყურებელსაც კი გაჰყოლოდა პერსონაჟის, ნიჭიერი და წარმატებული ადვოკატის ბედი - ბოლოს და ბოლოს, ის კვდება და, მათი წარმოდგენით, საზოგადოებრივ წესრიგს აღარაფერი „ემუქრება“.

ბერლინალეს ჟიურისთვის, როგორც ჩანს, ეს იყო მანიპულაცია და ჰომოსექსუალი გმირის “პოზიტიური ეგზოტიზაცია”… თუმცა “ფილადელფიის” მაშინდელი კრიტიკოსები, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ, რამდენი რამ შეცვალა ჯონათან დემეს ფილმმა ადამიანების წარმოდგენაში.

მე, მაგალითად, კარგად მახსოვს “ფილადელფიის” პირველი ჩვენება “რუსთავი 2-ზე", “ფსიქოში”… არ დამავიწყდება იმ აღფრთოვანებული მაყურებლის ზარები, რომლებიც პირდაპირ ეთერში აღიარებდნენ, რომ ფილმმა მათი წარმოდგენები შეცვალა. ბევრი მეგობარი მიმტკიცებდა მაშინ, რომ “მსხვერპლის შეცოდება” ემოციური ეფექტია, რომელიც მნიშვნელოვნად არც არაფერს არ შეცვლის. შეცდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჰოლივუდში სწორედ ჯონათან დემეს ამ ფილმით დაიძრა ყინული.

„ფილადელფიის“ შემდეგ ჰოლივუდში ნელ-ნელა იწყება ცვლილება, რომელიც წლების შემდეგ „კუზიან მთამდე“ მიიყვანს. თანდათან ნათელი ხდებოდა, რომ “ფილადელფიის” ავტორებმა 90-იანი წლების მსოფლიოს ჰუმანიზმის გაკვეთილი ჩაუტარეს. დიახ, არა ტოლერანტობის, არამედ სწორედაც რომ ჰუმანიზმის გაკვეთილი.

ბერლინის ფესტივალის დასრულებისთანავე გაიმართა ამერიკული “ოსკარით” დაჯილდოების ცერემონია, სადაც კინოაკადემიკოსებმა თითქოს „ბერლინალეს“ ჟიურის მიბაძეს - „ფილადელფია“ აღინიშნა „ოსკარით“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

თუმცა მსოფლიო მედიამ „ოსკარის“ შოუს ტრანსლირებისას ყველაზე დიდი დრო დაუთმო ტომ ჰენქსის სიტყვას, რომელშიც დიდმა არტისტმა, აქამდე პუბლიკა უფრო მეტად კომედიური როლებით რომ იცნობდა, მადლობა გადაუხადა თავის ორ მასწავლებელს, ჰომოსექსუალებს, რომლებიც ენდრიუ ბეკეტის სახის შექმნაში დაეხმარნენ. ამის შემდეგ, როდესაც დაიწყო „ფილადელფიის“ ტრიუმფალური სვლა მსოფლიო ეკრანებზე (ფილმი 6 თვეში 200-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა), ტომ ჰენქსი - ერთ წელიწადში ახალი „ოსკარის“ მფლობელი „ფორესტ გამპში“ განსახიერებული როლისთვის - ყველგან იმეორებდა, რომ „ფილადელფია“ დიდი კოლექტივის შემოქმედებითი პროდუქტია, ეს არის თავისებური აქცია სიძულვილის წინააღმდეგ, რომელიც ასამდე პროფესიონალმა ერთად ჩაატარა.

დიახ, ჰენქსისთვის დამახასიათებელი არ არის გადაჭარბებული ინდივიდუალიზმი თუ ვარსკვლავური ნარცისიზმი. თანაც ტომ ჰენქსი არასდროს ყოფდა ერთმანეთისგან შემოქმედებას და აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას - 1988 წელს მართლმადიდებლად მოინათლა, მაგრამ ლგბტ+ ადამიანთა უფლებებისთვის ბრძოლა გააგრძელა.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპს და მის მომხრეებს მუდმივად აკრიტიკებს, მილიონობით ამერიკელისთვის, იმისთვისაც კი, ვინც მის პოლიტიკურ პოზიციას არ იზიარებს, ტომ ჰენქსი დარჩა „ამერიკის მამად“... დიახ, ზუსტად ეს სახელი შეარქვეს მსახიობს სამშობლოში.


ფილმის ორიგინალური ვერსია:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG