Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგი გვახარია თვითიზოლაციაში: როგორ იწინასწარმეტყველა კინომ კორონავირუსი


პაატა იმნაძე წინასწარმეტყველებაზე უარს ამბობს, თუმცა ვრცელდება მეთექვსმეტე საუკუნის ფრანგი მისტიკოსის, მიშელ ნოსტრადამუსის, ჩანაწერები, რომლებშიც, თითქოს, სახელგანთქმული წინასწარმეტყველი ამტკიცებს, 2020 წელს მსოფლიოში საშინელი ეპიდემია დაიწყებაო. ნოსტრადამუსის ტექსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კაცობრიობა კორონავირუსს - არც მეტი, არც ნაკლები -მხოლოდ 2024 წელს დაამარცხებს.

იაგო კაჭკაჭიშვილს ველაპარაკებოდი გუშინ ტელეფონით (იაგო მუდმივად გვამარაგებს თვითიზოლირებულებს ღვინით და ნამცხვრებით). ვიმსჯელეთ აქაურზე, იქაურზე. მეთქი, რა ვიცი, თამრიკოს მაგარი ინტუიცია აქვს და ამბობს, რომ გული უგრძნობს, ზაფხულში მორჩება ყველაფერი... ვინ თამრიკოო? თამრიკოს ინტუიციის იმედზე ვიყოო?

აბა, მე რა ვიცი, ვის იმედზე უნდა ვიყოთ. ანდა, რატომ უნდა გვჯეროდეს იმათი, ვისაც ”მაგარი ინტუიცია” აქვს. მაგრამ წყალმა წაგვიღო და ხავსსაც არ მოვეჭიდოთ? თანაც, ჩვენნაირი ურწმუნოებისთისაც კი ”რაღაც არსებობს”... ეგ ხომ ნაღდია. გასაჭირში ის ხალხიც გვახსენდება, ვისაც მართლა აღმოაჩნდა წინასწარმეტყველების უნარი.

კინოს ისტორია სავსეა პარადოქსული ამბებით. 1902 წელს კინოს პიონერმა, ჟორჟ მელიესმა, გადაწყვიტა გადაეღო მხატვრული ფილმი ედუარდ მეშვიდის კორონაციაზე. იდეაში სურათის პრემიერა კორონაციის დღეს უნდა დამთხვეოდა, მაგრამ ცერემონიამ დროში გადაიწია. შესაბამისად, კინომ დაასწრო ისტორიას. ძმები ლიუმიერების დოკუმენტური ფილმებისგან განსხვავებით, ესაა უკვე ფსევდოდოკუმენტალისტიკა, რომელშიც ზღვარი რეალურსა და წარმოდგენილს შორის მთლიანად წაშლილია.

კიდევ ერთი მაგალითი გვაქვს ისტორიის წინასწარ დადგმის, ანდა, უბრალოდ, ისტორიის წინასწარმეტყველების - ჟან რენუარის ”დიდი ილუზია”(1937).

ამ საოცარ ფილმში ფრანგული კინოს კლასიკოსი პირველი მსოფლიო ომის სურათებს აღადგენს, მაგრამ დღეს უკვე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ”დიდი ილუზია” წინ უსწრებს ისტორიას და მეორე მსოფლიო ომის აბსოლუტური წინასწარმეტყველებაა. რენუარზე ხშირად ამბობენ, იმდენად თავისუფალი კაცი იყო, დრო და სივრცე მისთვის არაფერს წარმოადგენდა, საზღვარს საერთოდ არ ცნობდაო. ასე გამოვიდა - ფილმი, რომელიც ადამიანთა ერთობაზე, ეთნიკური და სოციალური საზღვრების გადალახვაზე გვიამბობს, გადაიქცა თავისუფალი კაცის - ჟან რენუარის - ხილვად.

მოცალეობის ჟამს თვალს ვადევნებ კინოს მოყვარულებს, რომლებიც სხვადასხვა დროს აპოკალიფსის თემაზე გადაღებულ ფილმებს იხსენებენ და სახლში გამოკეტილ, კორონავირუსისგან შეშინებულ ხალხს უმტკიცებენ, ნახეთ, ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა ჰოლივუდმა ეს ეპიდემიაო. ჩემი დაკვირვებით, ჩამოთვლილ ფილმებს შორის ლიდერობს სტივენ სოდერბერგის ”დასნებოვნება” (2011) , პირველ რიგში, ატმოსფერიოს გამო, რომელსაც ქმნის სოდერბერგი - ეს ცარიელი ქალაქები, მატყუარა ბლოგერები, ფეიკ-ნიუსები, პანიკაში მყოფი ხალხი და, პირიქით, ისინი, ვინც ”გრიპი უარესიაო”, გვიმტკიცებენ, გვინეტ პელტროუს ხველებაც კი იმდენად ნაცნობია, იმდენად გახდა ჩვენი ცხოვრების სახე, რომ შეიძლება იფიქრო, სოდერბერგმა სურათი არა 2011 წელს, არამედ მაშინ გადაიღო, როცა კორონავირუსის საფრთხე წარსულს ჩაბარდა და როდესაც ჰოლივუდი თავის ჩვეულ როლს - საზარელი ამბებით მომგებიანი ტრილერების გადაღებას დაუბრუნდა.

რამდენი ფილმი-კატასტროფაა შექმნილი ამერიკული კინოს ისტორიაში და უკვე მერამდენედ ამბობენ ამერიკულ კინოაკადემიაში, იქნებ შევწყვიტოთ ისტორიის ”დაპროგრამებაო”... ამას ამბობდნენ 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, ცოდვებსაც ინანიებდნენ - ტერორისტებს ”ვასწავლეთ” როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მსგავს სიტუაციებშიო. ერთხანს ფიცსაც დებდნენ, 11 სექტემბრით სპეკულაცია არ იქნება, ამ ტრაგედიის ”კინემატოგრაფიულ ინტერპრეტაციაზე” უარს ვამბობთო. ცოტა ხანში გატეხეს ფიცი. ბაზარმა მოითხოვა. ბაზარმა და მაყურებელმა, რომელიც ახლაც, როცა უჭირს, ფილმი-კატასტროფებით ერთობა კარანტინში. ბევრს ვერაფერს სწავლობს ამ ფილმებიდან, მაგრამ მოსწონს, პარალელს როცა ავლებს იმ რეალობასა და დღევანდელობას შორის.

რას აღარ უყურებენ. ტერი გილიამის ანტიუტოპიას ”12 მაიმუნი”, რობერტ უაიზის ”ვირუს ანდრომედას” (ეს ფილმი მეც მიყვარს), ვოლფგანგ პეტერსონის ”ეპიდემიას”... როგორც გაირკვა, დიდი მოთხოვნაა ბრიტანელი რეჟისორის, დენი ბოილის, ფილმზე ”28 დღის შემდეგ”... ინტელექტუალები ნანობენ, რომ შარშან კანის ფესტივალზე დაეზარათ 5 საათი კინოში ჯდომა და კონკურსგარეშე პროგრამაში არ ნახეს ფილიპინელი რეჟისორის, ლავ დიასის, ახალი ფილმი ”გაწყვეტა”. აქ, როგორც გაირკვა, ”გრანდიოზული ხანგრძლივობის” სეანსებისა და ე.წ. ”ნელი კინოს” მოტრფიალე ლავ დიასი (არ ვიცოდი, რომ სახელი ”ლავ” მშობლებმა არა სიყვარულის, არამედ ლავრენტი ბერიას პატივისცემის ნიშნად შეარქვეს) გვიამბობს შეშლილ პრეზიდენტზე, რომელიც სარგებლობს ეპიდემიით და ქვეყანაში დიქტატურას ამყარებს. ბევრია ისეთი, ვისაც იზოლაციაში ”გრძელი კინოს” ნახვა ეზარება. იმ ფილმებს შორის, რომლებსაც იზოლაციაში უყურებენ შიშის დასაძლევად, ექვსწუთიანი შედევრიც შემხვდა - უოლტ დისნეის ანიმაცია ”ჩონჩხების ცეკვა” (1929)

შეგაშინათ? შეძრწუნდით? არ გესიამოვნათ? რატომ? აკი გვასწავლიან, განსაცდელში შიშს უნდა დავცინოთ და სიკვდილი მასხრად ავიგდოთო. მეტს კი არაფერს აკეთებს უოლტ დისნეი...

კი, ასეა. კინოხელოვნება თავისი არსებობის პირველივე დღიდან გვაშინებს და კინორეჟისორი, რომელიც, ალბათ, ყველა ხელოვანზე მეტად ფლობს მანიპულაციის, დაშინების, პანიკის, ანდა, პირიქით, ილუზიების შექმნის ძალაუფლებას, გამუდმებით წარმოგვიდგენს თავს არა მარტო ცხოვრების მცოდნის (ხომ გახსოვთ, ასეთი ჟანრიც მოვიგონეთ იმ ტკბილ 90-იან წლებში, როცა ძალიან გვიჭირდა, ”ჟიზნენნი კინო”), არამედ ცხოვრების წინასწარმეტყველის როლში. დაშინება და ჰორორი იქით იყოს, სულ ახლახან, გასულ კინემატოგრაფიულ წელს, ორი ფილმი გამოვიდა, რომელთა ავტორებმა, როგორც გაირკვა, პირდაპირ მიზანში გაარტყეს და, ფაქტობრივად, იწინასწარმეტყველეს ეს საზიზღარი კორონა. ორივე ფილმი არის ინტერნეტში. შედევრი არც ერთია, მაგრამ ფაქტია - წინასწარმეტყველებაა.

პირველი, ჯიმ ჯარმუშის ”გარდაცვლილები არ კვდებიან”, შავი კომედიაა, რომელშიც აპოკალიფსის მიზეზად კლიმატის ცვლილებაა დასახელებული. ამ სურათში შეყვარებულებიც ვერ გადარჩებიან. შანსი აქვთ მხოლოდ სამურაებს და მღვდლებს(!). ჯარმუშის ფილმით გაიხსნა კანის შარშანდელი კინოფესტივალი. აბა, რა გითხრათ? მე ასეთი იუმორი არ მესმის, არც ზომბებზე გადაღებული ფილმები მიყვარს და ის ხალხიც კი მაღიზიანებს, ვისაც ამ ვითომ ”შავ იუმორზე” ეცინება. მაგრამ ფაქტია - ჯარმუშმა ამოიცნო რა მოხდებოდა პლანეტაზე 2020 წელს. კანში დასცინეს. გააკრიტიკეს. ახლა კი ლამის ბოდიში მოუხადონ და კინემატოგრაფიული მესია უწოდონ

მეორე წინასწარმეტყველება უკეთესია - ”ოსკარის” ლაურეატის კეისი აფლეკის ”ჩემი თვალისჩინი”. აქ აპოკალიფსის თემა ”me too”-ს მოძრაობას უკავშირდება. ვირუსი აფლეკის ფილმში ქალებს ერჩის. აფლეკი შეგვახსენებს ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომელიც ზოგჯერ გვავიწყდება დღევანდელი განსაცდელის ფონზე: როგორიც არ უნდა იყოს ეს განსაცდელი, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, ადამიანობას თუ არ შევინარჩუნებთ და ერთმანეთს დავერევით, აღარანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ მოკვდება და ვინ გადარჩება ამ პლანეტაზე.

ძმები კოენების ფილმს ერქვა ”მოხუცების ადგილი აქ არ არის”, ჯიმ ჯარმუშის ფილმს - ”გარდაცვლილები არ კვდებიან”. აფლეკმა კი ”ჩემი თვალისჩინი” დაარქვა, ანუ ჩემი სინათლე, ჩემი სიცოცხლის აზრი - ადამიანი და ადამიანები!

კინო-წინასწარმეტყველებად ასახელებენ აგრეთვე ფილმს, რომელიც შესაძლებელია ჩვენთვის, როგორც ყოფილი საბჭოელებისთვის, განსაკუთრებით ახლობელი გახდეს - კირილ სერებრენიკოვის ახალ ნამუშევარს ”პეტროვები გრიპში და მის გარშემო”. გაგახსენებთ, რომ მოსკოვის გოგოლის ცენტრის ხელმძღვანელი, ძალიან კარგი ფილმის, ”ზაფხულის”, რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი აგერ წელიწად-ნახევარია შიდაპატიმრობაშია. იგი, არსებითად, პუტინის პირადი პატიმარია. კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე სერებრენიკოვმა თავის თანამოქალაქეებს იუტუბის არხით მიმართა და გაუზიარა იზოლაციაში ცხოვრების გამოცდილება. რაც შეეხება ”პეტროვებს”... ფილმი ჯერ ვერა, მაგრამ წიგნის ტექსტი კი შეგიძლიათ დაძებნოთ ინტერნეტში - მართალი გითხრათ, ვერ მოვწყდი ალექსეი სალნიკოვის რომანს, რომლის მიხედვითაცაა სწორედ გადაღებული სერებრენიკოვის ფილმი. რომანის გმირები გრიპის საშინელი ეპიდემიის დროს, თავადაც დავირუსებულები, აგრძელებენ აქტიურ სოციალურ ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით - დიდად არ ანაღვლებთ არც მოხუცები, არც ცოცხლები და არც გარდაცვლილები. დიდად არ ანაღვლებთ სიცოცხლე.

ალექსეი სალნიკოვის რომანმა თვითიზოლაციაში მაგრად გამახალისა. ასე რომ, ეს პატარა ტექსტი ვერა და ვერ დავასრულე. ამასობაში გაირკვა, რომ კორონავირუსი შეეყარა სულ სხვა მწერალს - ბორის აკუნინს. და რა გამახენდა, იცით? 2012 წელი, როცა პუტინის მორიგი ინაუგურაციის შემდეგ აკუნინმა (იგმავე ჩხარტიშვილმა) მოსკოვში გამართა აქცია ”მწერლების გასეირნება”... როგორც ჩხარტიშვილი ამტკიცებდა, აქციის მიზანი იყო ”გარკვევა, გვაქვს თუ არა მწერლებს უფლება თავისუფლად გადავაადგილდეთ მოსკოვის ქუჩებში”.

ახლა კარანტინშია. ესეც ხომ თავისებური წინასწარმეტყველებაა?

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG