„მეწამული ოქრო“(2003, ირანი, რეჟისორი ჯაფარ ფანაჰი)
გასულ კვირას ირანის სასამართლომ უარყო კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის“ ლაურეატის, ჯაფარ ფანაჰის განაჩენის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა „სასულიერო სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდის“ განაჩენი, რომელიც ითვალისწინებს ცნობილი კინორეჟისორის ერთწლიან პატიმრობას და მოგზაურობის ორწლიან აკრძალვას.
ფანაჰის დაპატიმრება სხვა ბრალდებებსაც უკავშირდება. მათ შორის კანში გამარჯვებული „უბრალო შემთხვევის“ გადაღებას (ცენზურის თავიდან აცილების მიზნით, ფილმი ოფიციალური ნებართვის გარეშე დაასრულეს), ასევე რამდენიმე დისიდენტის, პოლიტიკური პატიმრების და აკრძალული საზოგადოებრივი მოძრაობის (“ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“) მხარდაჭერას. მანამდე ფანაჰი ორჯერ დააპატიმრეს - 3 თვით 2010 წელს და 7 თვით 2022-2023 წლებში. შიმშილობის გამოცხადების შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ ირანის დატოვება აუკრძალეს.
2025 წელს მაინც მოახერხა კანის ფესტივალზე დასწრება. „ოქროს პალმა“ საფრანგეთში დარჩენის და მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევდა. არაერთი პროექტი შესთავაზეს კიდეც ევროპასა და ამერიკაში, მაგრამ ჯაფარ ფანაჰი მშობლიურ ირანში დაბრუნდა - იქ, სადაც პატიმრობა ელოდა. ვიღაც ამტკიცებს, ასაკოვანი დედა მარტო ვერ დატოვაო, ზოგი ამბობს, შეწყალების იმედი ჰქონდაო.
მე კი მგონია, რომ ფანაჰი სამშობლოს იმიტომ დაუბრუნდა, რომ... კინოს გადაღება უნდოდა. იმ ირანელი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება უმალვე გამოიყენეს დასავლეთში დასარჩენად და სამუშაოდ, ჯაფარ ფანაჰის უბრალოდ არ შეუძლია მუშაობა ირანის გარემოს, ატმოსფეროს გარეშე... ფანაჰისთვის, ვფიქრობ, წარმოუდგენელია სამშობლოს იმიტაცია, რადგანაც ამ ადამიანს კონკრეტული ფაქტურის ძალიან მძაფრი შეგრძნების უნარი აქვს. მისთვის ზღვარი ნამდვილსა და „მხატვრულს“ შორის თითქმის სრულიად წაშლილია. ასე იყო ყოველთვის, ფანაჰის პირველივე ფილმებიდან - 2003 წელს გადაღებულ „მეწამულ ოქროში“ ჰუსეინს, მთავარ პერსონაჟს, მოტოციკლეტზე ამხედრებულ პიცის დამტარებელს, თამაშობს ჰუსეინ ემადედინი, რომელიც ცხოვრებაშიც პიცას ყიდდა(შიზოფრენიის დიაგნოზით).
ფანაჰის არასდროს მოსწონდა მსახიობები, რომლებიც რეალობას „აფუჭებდნენ“ თავიანთი, თუნდაც ძალიან კარგი თამაშით. ამიტომაც, როდესაც მის ბოლო შედევრზე, „უბრალო შემთხვევაზე“, ამბობენ ხოლმე, კარგი ისტორიაა, მაგრამ ძალიან ცუდად თამაშობენ მსახიობებიო, სულ მინდა ამ ხალხს ვთხოვო, ნახონ ფანაჰის სხვა ფილმებიც და უკეთ გაერკვნენ ამ კაცის ესთეტიკაში - „უბრალო შემთხვევა“ ხომ თავიდან ბოლომდე „თამაშის ხაზგასმაა“, თამაშის ინსცენირება და აქედან გამომდინარე მწარე ირონია ყველაფერზე, რაც ხელოვნურია... ქილიკია იმ სიყალბეზე, რომელშიც აცხოვრებენ დღეს „სულიერების დამცველები“ ირანულ საზოგადოებას.
ფანაჰის ნამდვილად გაუჭირდება იმიტირებული თეირანის გადაღება სადღაც საფრანგეთსა თუ შვედეთში. ანდა ნიუ-იორკში. სხვათა შორის, სწორედ ნიუ-იორკიდან თეირანში გადმოიტანა მან მოქმედება „მეწამულ ოქროში“, გადაიღო რა მარტინ სკორსეზეს „ტაქსის მძღოლის“ ირანული რიმეიკი. თუმცა უფრო ადრეული მერვილის, ვიდრე სკორსეზეს გავლენით.
ფაქტობრივად, „მეწამული ოქრო“ ტრილერია, რომელშიც მიუხედავად იმისა, რომ თხრობა ბოლოდან იწყება და მიემართება დასაწყისისკენ, სასპენსი შენარჩუნებულია ფინალურ სცენამდე, რომელშიც ჰუსეინი კინოკადრის ჩარჩოს ხაფანგში ექცევა. ტრაგედია ნაომარი კაცისა, რომელიც უთანასწორობის, უსამართლობის მუდმივ განცდას, კორუფციას და, რაც მთავარია, სიყალბეს სასოწარკვეთილ გადაწყვეტილებამდე, ერთგვარ „თვითდამანგრეველ ამბოხებამდე“ მიჰყავს, იბადება არა მარტო პერსონაჟში, არამედ გარემოში.
ფანაჰის იმდენად უნდა, რომ ჩვენ სწორედ გარემოს, ომებითა და რელიგიური ფანატიზმით გამოფიტულ ქალაქს მივაქციოთ ყურადღება, ვადევნოთ თვალი დეტალებს, რომ ამბავსაც კი „უკნიდან“ ჰყვება. ამ კაცისთვის ამბავი არაფერია, ყველა „შემთხვევა უბრალოა“... უფრო მნიშვნელოვანი სიღრმეშია. მას ჩაღრმავება, ჩაფიქრება, დანახვა სჭირდება.
გარემო ფანაჰის შემოქმედების მთავარი პერსონაჟია. მის ფილმში „წრე“ ქალს პატიმრობიდან ათავისუფლებენ, მაგრამ ისევ ციხეში ხვდება, რადგან ერთ დღესაც კი ვერ ძლებს სისტემაში, რომელიც შექმნა რეჟიმმა. ესაა უცნაური ამ კაცის შემოქმედებით ბიოგრაფიაში და სწორედ ეს ქმნის მის განუმეორებელ სტილს - გარემო კლავს, ანგრევს, ამცირებს, აწამებს, აპატიმრებს, მაგრამ ავტორს, რომელიც ამ გარემოს აღბეჭდავს, არ შეუძლია სხვაგან ცხოვრება.
შეიძლება იმიტომაც, რომ ჯაფარ ფანაჰი ნაკლებად მიმართავს ირანის რეჟიმის კრიტიკას ლიბერალური პოზიციიდან, მაინცდამაინც არ მოითხოვს რეჟიმის ფუნდამენტურ ნგრევას (ფანაჰიმ, მაგალითად, საჯაროდ დაგმო ისრაელის ავიაციის მიერ თეირანის დაბომბვა)... „მეწამულ ოქროში“ რეჟისორი სოციალური უსამართლობისა და უთანასწორობის თემას ირჩევს და ამ რაკურსით აღბეჭდავს თანამედროვე თეირანს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ფანაჰი ახერხებს, ეს რეალობა ჰუსეინის მზერით დაგვანახოს, ფაქტობრივად, გვაიძულებს მასთან თანაარსებობას და მისი განცდების გაზიარებას, თითქოს გვეუბნება: „ეს ქვეყანა და ეს ხალხი ჩემი იდენტობის ნაწილია. აქედან რომ წავიდე, შეიძლება თავისუფლად ვიცხოვრო, მაგრამ მე უკვე სხვა ადამიანი ვიქნები“.
2004 წელს „მეწამული ოქრო“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზით აღინიშნა. იმხანად ჯაფარ ფანაჰის ნაკლებად იცნობდნენ ჩვენში. ყველამ დავინახეთ, რომ ირანულ კინოში ახალი თაობა მოვიდა, რომელმაც სინამდვილის „გაფერადებაზე“ და ეზოპეს ენით შენიღბვაზე უარი თქვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაწყვიტა კავშირი დიდებულ ირანულ კინოკლასიკასთან (სხვათა შორის, „მეწამული ოქროს“ სცენარის ავტორი აბას ქიაროსთამია).
ფანაჰისთვის დამახასიათებელი ლაკონიურობა, სიზუსტე და იუმორი ყოველთვის ეხმარებოდა მას უსინათლო რეალობის მართლაც რომ „ოქროდ“ გადაქცევაში. და სწორედ ასეთ კაცს, თავისი ქვეყანა და ხალხი მთელ მსოფლიოს რომ შეაყვარა, ემუქრება ახლა მინიმუმ ერთწლიანი პატიმრობა თავისსავე სამშობლოში.
ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით:
ფილმის ორიგინალური ვერსია რუსული სუბტიტრებით:
ფორუმი