Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოკამერა, როგორც ფუნჯი

გოგი გვახარია ფილმზე „ცისფერი მთები“
გოგი გვახარია ფილმზე „ცისფერი მთები“

12 მარტს ლევან პაატაშვილს 100 წელი შეუსრულდებოდა. ვფიქრობ, ჩვენი კინოხელოვნების სამყაროში არ არსებობს ადამიანი, რომელიც პაატაშვილს ყველა დროის საუკეთესო ქართველ ოპერატორად არ მიიჩნევს.

„ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1984, რეჟისორი ელდარ შენგელაია)


ბატონი ლევანი ისეთივე დონის ოპერატორი იყო, როგორც ვიტორიო სტორარო, პასკუალინო დე სანტისი თუ სერგეი ურუსევსკი. არადა, მიუხედავად იმისა, რომ 96 წელი იცოცხლა, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ბოლომდე იკვლევდა მოძრავი გამოსახულების მაგიურ ძალას და ღრმად მოხუცებულმა შესანიშნავი წიგნიც დაწერა ოპერატორის ხელოვნების შესახებ, დღეს ყველა მისი კოლეგა აღიარებს, რომ ლევან პაატაშვილის ნიჭი სიცოცხლეში სათანადოდ ვერ დაფასდა. შესაძლებელია - რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ - მისი ხასიათის გამო. დიდი ხნის წინ პაატაშვილის მოწაფემ, გიორგი ბერიძემ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში გვითხრა, რომ ბევრი რეჟისორი გაურბოდა ლევან პაატაშვილთან მუშაობას, რადგან იცოდა მისი მუშაობის სტილი, მისი მომთხოვნელობა, დაუდევრობის და ზედაპირულობის კატეგორიული მიუღებლობა.

1995 წელს ქართული საოპერატორო სკოლის ლიდერი მოსკოვში გადასახლდა და იქ გააგრძელა პედაგოგიური მოღვაწეობა, თუმცა პოსტსაბჭოთა რუსეთშიც ცხადი გახდა, რომ ლევან პაატაშვილის მუშაობის სტილი კინოში პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა დამკვიდრებულ „საბაზრო ეკონომიკას“. ამ კაცისთვის გამოთქმა „დრო ფულია“ კატეგორიულად მიუღებელი იყო. ლევან პაატაშვილთან დრო ძიებაა, ახლის აღმოჩენის პროცესია. ამიტომაც სრულიად განსხვავებულია მისი კამერით დანახული სამყარო ფილმებში: „სხვისი შვილები“, „ერთი ცის ქვეშ“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „ნეილონის ნაძვის ხე“... ასევე - რუსეთში გადაღებულ „სიბირიადაში“ თუ „სრბოლაში“.

კინოწარმოების საბჭოთა სისტემა, შესაძლებელია, მართლაც უკეთესი იყო ისეთი ტიპის პროფესიონალისთვის, როგორიც ლევან პაატაშვილია - მისი მუშაობის „შენელებულ ტემპს“ დასავლური კინოწარმოება ნამდვილად ვერ აიტანდა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ საბჭოთა კინოინდუსტრიისთვის იყო მიუღებელი ექსპერიმენტების თითქმის გაფეტიშება, დამახასიათებელი პაატაშვილისთვის, მისი ფორმალისტური ძიებები... ლევან პაატაშვილი კინოკამერას განიხილავდა, როგორც ინსტრუმენტს, რომელიც არა მარტო აღბეჭდავს, არამედ ცვლის რეალობას. რაც შეეხება საბჭოთა სისტემას, არაპროფესიონალიზმს და ზედაპირულობას, მისი, როგორც ხელოვანის, პოზიცია კიდევ ერთხელ შეგიძლიათ იხილოთ ელდარ შენგელაიას ფილმში „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ - დიდი რეჟისორის „კინოწინასწარმეტყველებაში“, იმ სისტემის ლპობას რომ ასახავს, რომელსაც ლევან პაატაშვილი მთელი ცხოვრება ემიჯნებოდა.

„ცისფერი მთები“ ერთი შეხედვით ის ფილმი არაა, რომელიც ოპერატორს მწვანე შუქს აუნთებდა ექსპერიმენტებისთვის. მთელი ფილმის მოქმედება ფაქტობრივად ერთ, სრულიად უსახო გარემოში ვითარდება. გარემო არ იცვლება და, შესაბამისად, პაატაშვილის კამერა ვეღარ სწვდება გრანდიოზულ სივრცეს, როგორც „სიბირიადაში“, ვეღარ ქმნის „მოცულობით ეფექტებს“ ლინზების გამოყენებით, როგორც რეზო ესაძის ფილმებში. სამაგიეროდ აქ იცვლება დრო - „ფანჯრიდან შემოდის“ წელიწადის 4 დრო და პაატაშვილი ცდილობს ახლა უკვე არა იმდენად სივრცის, რამდენადაც დროის დახასიათებას, დროის „ვიზუალიზაციას“.

ფილმის პრემიერის შემდეგ პაატაშვილმა გვითხრა, რომ მისთვის, როგორც ოპერატორისთვის, ყველაზე საინტერესო იყო ზამთრის სურათის წარმოდგენა. მას მოსწონდა ეფექტი, რომელიც იქმნებოდა ანთებული სინათლის წყაროს შუქის და შენობის ფანჯრებიდან შემოღწეული სინათლის შეჯახებით. ამავე დროს, პირობითობის მისაღწევად (ვიმეორებ, პაატაშვილის კამერა არასდროს არაა რეალობის მექანიკური აღმბეჭდავი) აძლიერებდა შუქს ნათურებით, თუმცა აქვე არბილებდა განათებას კამერაზე დამაგრებული ნისლოვანი ფილტრებით.

სინათლე „ცისფერი მთების“ დრამატურგიის ელემენტია და პირდაპირ უკავშირდება ფილმის ავტორთა სათქმელს. „ელდარი გვთხოვდა რბილ განათებას, რათა პერსონაჟები კარიკატურულობისგან განთავისუფლებულიყვნენ. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ამ იდიოტურ სამყაროს ადამიანურობა არ მოკლებოდა... გვეჩვენებინა, რომ ის, რასაც ვხედავთ, ჩვეულებრივი რედაქციაა და ეს ადამიანებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან - არც კარგები და არც ცუდები“ - გვითხრა ლევან პაატაშვილმა.

დიახ, ჭარბი სინათლე (ძლიერი შუქი აქ თითქოს ჭერიდანაც ეფინება), უაღრესად თბილი ტონები, მომწვანო კედელი, ყვითელი ავეჯი, კაქტუსები... ეს ყველაფერი ფილმის ავტორების ხედვაა. ის სითბოა, რომლის წყალობითაც რედაქციის თანამშრომლები უსიცოცხლო გარემოშიც კი ინარჩუნებენ ადამიანობას... გულგრილობის, ინერტულობის, მანიაკალური ეგოცენტრიზმის გარემოს მიუხედავად, „ცისფერი მთების“ ავტორები არავის კიცხავენ. ელდარ შენგელაიას ადამიანის თანაგრძნობის სრულიად განსაკუთრებული უნარი აქვს - ცხოვრობს ყველა თავის პერსონაჟში. ამიტომაც უარყოფს რეჟისორი კარიკატურას და გროტესკს. მას სურს გვაგრძნობინოს, რომ ეს ჩვეულებრივი, ქართული-საბჭოთა რედაქციაა და ეს ადამიანებიც ჩვეულებრივი „ქართული-საბჭოთა“ მოქალაქეები არიან.

ეს გულგრილობა და ზედაპირულობაც ნაცნობი იყო ყოველი ჩვენგანისთვის, როცა „ცისფერი მთები“ კინოთეატრებში გამოვიდა. სწორედაც იმიტომ, რომ ქართული-საბჭოთა რედაქციის თანამშრომლებს ჩვენიანებად აღვიქვამდით. თუმცა არავინ ველოდით მთავარს - ელდარ შენგელაიას წინასწარმეტყველების აღსრულებას. „ცისფერი მთების“ პრემიერიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ სისტემამ ნგრევა დაიწყო. „პერესტროიკის“ ეპოქა იდეალური აღმოჩნდა ლევან პაატაშვილისთვის, რომელმაც 80-იანი წლების მეორე ნახევარში „ნეილონის ნაძვის ხე“ გადაიღო, გამოსახულების თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი ქართული კინოს ისტორიაში. პარალელურად ჯგუფიც აიყვანა თეატრისა და კინოს ინსტიტუტში და ახალგაზრდა ქართველ ოპერატორთა სკოლა შექმნა. მაგრამ წინასწარმეტყველება აღმოჩნდა „ნეილონის ნაძვის ხეც“. ახლა უკვე ეს, „გარდამავალი“ სისტემაც დაინგრა და დიდი მაესტრო სამუშაოს გარეშე დარჩა.

ასევე ნახეთ:
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG