Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გონიოს პოლიგონი - ადგილი კაზინოებისა და ბანკებისთვის, თუ მსოფლიო მნიშვნელობის, დასაცავი ტერიტორია?


ფრინველებზე დამკვირვებლები. 2017 წელი
ფრინველებზე დამკვირვებლები. 2017 წელი

„გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი“, - ეს განზრახვა, რომელიც არსებითად სიახლე არ არის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის წარდგენისას აცნობა გონიოს ციხესთან, 17 აგვისტოს შეკრებილ მოქალაქეებს.

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, გონიოში, საბჭოთა პერიოდიდან არსებული სამხედრო ბაზა და 308 ჰექტარზე გაშლილი პოლიგონი რუსულმა ჯარმა 2005 წელს დატოვა. ამის შემდეგ, ყოფილი პოლიგონის ტურისტულ, საკურორტო ადგილად გადაქცევა ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ მოინდომა, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ მთავრობამ, სადაც ასეთ გეგმასა და შესაბამისი კონცეფციის მომზადებაზე 2021 წლის აგვისტომდეც ლაპარაკობდნენ.

რა „გაანდო“ ხალხს ირაკლი ღარიბაშვილმა?

„მინდა ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგანდოთ, გაგიზიაროთ“, - 17 აგვისტოს ამ სიტყვებით დაიწყო პრემიერ-მინისტრმა გონიოს ციხესთან სიტყვით გამოსვლის ის ნაწილი, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, „ახალი ქალაქის მშენებლობას“ ეხებოდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, მისი დავალებით საქართველოს მთავრობა, მათ შორის, აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ და აქვთ „შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად, ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული“.

ამ კონცეფციის მიხედვით, თუ პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დავეყრდნობით, „გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავის კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით და ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას“.

რა საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს გონიოს ყოფილ პოლიგონს?

შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე, სადაც მდინარე ჭოროხი ზღვას უერთდება, გადამფრენი ფრინველების უმნიშვნელოვანესი დერეფანი მდებარეობს. წლის განმავლობაში აქ მილიონზე მეტი სხვადასხვა სახეობის ფრინველი იკრიბება, სანაპიროზე ისვენებს და შემდეგ გზას აგრძელებს. აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები სწავლობენ ფრინველების მიგრაციას. ყოველწლიურად ტარდება ჩიტებზე დაკვირვების ფესტივალიც.

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, სხვა ადგილებთან ერთად ქმნის ბათუმის 10-კილომეტრიან „სამიგრაციო ძაბრს“, რომელიც გადამფრენ ფრინველთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პრფესორი, ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი გვეუბნება, რომ ფრინველთა მიგრაციის რუკაზე ეს საერთაშორისო მნიშვნელობის ადგილია, თუმცა, საქართველოში მას ნაკლებად იცნობენ:

„პატარა კუნძულივითაა დარჩენილი, სადაც თავს აფარებენ ფრინველები. გადაფრენის პერიოდში აქ ჯდებიან ძალების აღსადგენად და აგრძელებენ გზას. ქართულმა პუბლიკამ არ იცის ამის შესახებ, თორემ საერთაშორისო დონეზე ძალიან ცნობილი ადგილია. ყველამ, ვინც ამ სფეროში მუშაობს, იცის, რომ მტაცებლების გადაფრენის აღრიცხვისთვის ეს ადგილი დიდი ხანია არსებობს. მსოფლიოში ნამდვილად ცნობილია, როგორც მინიმუმ, მესამე სიდიდით და ევრაზიის კონტინენტზე მეორე სიდიდით“.

გონიოს ჭოროხის დელტა - „ზურმუხტის ქსელის“ ნაწილი

ბათუმთან ახლოს რომ ფრინველების მიგრაციის მნიშვნელოვანი დერეფანი არსებობს, ეს უცხოელმა მეცნიერებმა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს ყოფნის დროს იცოდნენ. ფრინველთა სადგურს იკვლევდნენ საბჭოთა მეცნიერებიც. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში კი, ველური ბუნების დამცველმა ორგანიზაციამ ფრინველებზე დაკვირვება და პირველი აღრიცხვა დაიწყო. ამ პროცესში ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილიც მონაწილეობდა. როგორც ამბობს, სწორედ ამის შემდეგ მიიპყრო ტერიტორიამ საერთაშორისო მეცნიერების ყურადღება. ისინი ყოველ შემოდგომაზე საქართველოში ჩამოდიან და გადამფრენ ფრინველებს ამ ტერიტორიიდან აკვირდებიან და ითვლიან:

„ეს ტერიტორია აღიარებულია ყველა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ, რომელსაც ეს თემა ეხება. საერთაშორისო ორგანიზაციამ BirdLife ჭოროხის დელტა მონიშნა მსოფლიოს მნიშვნელოვან ტერიტორიად. თავად საქართველოში ის გამოცხადებულია სპეციალურ დაცულ ტერიტორიად „ბერნის კონვენციის“ მიხედვით, რომელსაც ქვეყანამ ხელი მოაწერა. ჭოროხის დელტა არის „ზურმუხტის ქსელის“ საიტიც, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, და შემდეგ წევრიც თუ გინდა გახდე, მოგეთხოვება, რომ გქონდეს. საერთაშორისო მნიშვნელობის გამოა შეტანილი. ეს არის ტერიტორია, რომელზეც „ზურმუხტის ქსელი“ შეიქმნა იმისთვის, რომ მოხდეს მიგრანტი ფრინველების დაცვა“.

დაცვა კი, როგორც ზურაბ ჯავახიშვილი გვეუბნება, ნიშნავს ამ ტერიტორიის ხელშეუხებლად შენარჩუნებას: „ეს ტერიტორია უნდა შევინარჩუნოთ ისე, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს, როგორც მიგრანტ ფრინველთა შესასვენებელმა ტერიტორიამ და თავშესაფარმა. ხომ წარმოგიდგენიათ, იქ თუ კორპუსებს დადგამთ, დამთავრებული იქნება ეს საკითხი“.

„ახლა გონიოს მიადგნენ?!“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ბათუმის საზოგადოების იმ ნაწილშიც, რომელიც აქტიურად ცდილობს მწვანე სივრცეების, ისტორიული ქალაქისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

მოძრაობის „დაიცავი ძველი ბულვარი“ წევრი ნინო ნაკაშიძე გვეუბნება, რომ ბათუმსა და კვარიათში ქალაქგეგმარების წესების სრული იგნორირებით წარმოქმნილმა ქაოსურმა განაშენიანებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქალაქს და საკურორტო ადგილებს. ნინო ნაკაშიძისთვის გონიოს ყოფილ პოლიგონზე ქალაქის მშენებლობის იდეა კატეგორიულად მიუღებელია:

„სანაპიროზეც კი ჰაერი აღარ მოძრაობს მრავალსართულიანი მშენებლობების გამო და ამას დაემატება გონიოს შესასვლელში ახალი კორპუსები?! რა ქალაქზეა საუბარი, რომელი კაზინოების ნაკლებობას განვიცდით ბათუმში?! ცხრა წელია მიმდინარეობს იმაზე ლაპარაკი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა გააფუჭა. არ მოგვწონდა, ხო?! იმის გაკეთებულს აგრძელებ და ამატებ უფრო მეტს. თუკი რამის გაფუჭება შეიძლებოდა, ყველაფერი გააფუჭეს შუაგულ ქალაქში, ძველ ბათუმში. ბულვარი არ დატოვეს ხელშეუხებელ რეკრეაციულ ზონად და ახლა გონიოს მიადგნენ?!“

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი მრავალსართულიან განაშენიანებას გადარჩენილი, ერთადერთი შემორჩენილი კუნძულიაო, გვეუბნება ბათუმის ისტორიული უბნების აქტიური დამცველი ზეინაბ დიასამიძე:

„ბათუმელები რასაც ვიმკით, ეს კარგად ვიცით. დაგვირღვიეს მთის და ზღვის თანაარსებობა. პირდაპირ პლაჟზე აგვიშენეს მაღლივი კორპუსები და ქალაქში მოსვენებაც აღარ შეიძლება. კვარიათშიც, სადაც განსაკუთრებული, რაფინირებული მიკროკლიმატი იყო და მთისა და ზღვის ულამაზესი სიახლოვე, ეს აღარ არსებობს. ახლა იქ ზღვასა და მთას შორის ჩახერგილი კორპუსებია. ერთადერთი ველურად შენარჩუნებული ადგილი გონიოს პოლიგონზეა - ზღვისპირი, თავზე წამომდგარი შენობების გარეშე. ეს ყველაფერი დაიკარგება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG