Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის პარკი - საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრი


​​დღის განმავლობაში მიწის ნაკვეთი სპეციალური სკანერით დაათვალიერეს.
​​დღის განმავლობაში მიწის ნაკვეთი სპეციალური სკანერით დაათვალიერეს.

24 საათზე მეტია, გორის კულტურისა და დასვენების პარკში სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. პარკში სპეციალური ლენტით შემოსაზღვრულია მიწის ნაკვეთი, სადაც პოლიციელები, სავარაუდოდ, 2004 წლის ნოემბერში დაკარგული 11 წლის მოზარდის, ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელს ეძებენ.

დღის განმავლობაში მიწის ნაკვეთი სპეციალური სკანერით დაათვალიერეს. ამჟამად სკანერის მიერ მიღებული მასალის გაშიფვრა-დამუშავება მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც, არაოფიციალური ინფორმაციით, სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება. ეს ყველაფერი 16 ნოემბრის საღამოს დაიწყო. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, იაგო ნებიერიძე, რომელიც რვა წლის გოგონას მკვლელობაშია ბრალდებული, სპეცდანიშნულების რაზმის თანხლებით პარკის ტერიტორიაზე მიიყვანეს, წყაროს ცნობით, ნებიერიძემ სამართალდამცველებს სწორედ ის ადგილი უჩვენა, რომელიც ახლა პატარა დროშებით არის აღნიშნული. წუხელ ეს ინფორმაცია ბერძნიშვილების ოჯახის წევრებმაც შეიტყვეს და პარკში მივიდნენ. დაკარგული ბავშვის დედა ხათუნა რაზმაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მედიიდან გაიგო.

„დარწმუნებით ვიცი, რომ ბავშვს ეძებენ, მაგრამ ბევრი არაფერი ვიცი. ალბათ, მივაგნებთ ამ კვალს და დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი. ჯერჯერობით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამატებით ინფორმაციას მივიღებთ, ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს“, - განაცხადა ხათუნა რაზმაძემ.

17 ნოემბრის საღამოს საგამოძიებო მოქმედებები პარკის ტერიტორიაზე დროებით შეჩერდა, ადგილზე მხოლოდ ის პოლიციელები დარჩნენ
17 ნოემბრის საღამოს საგამოძიებო მოქმედებები პარკის ტერიტორიაზე დროებით შეჩერდა, ადგილზე მხოლოდ ის პოლიციელები დარჩნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ კეთდება, თუმცა წუხელვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს მოქმედებები გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული იაგო ნებიერიძის მონაწილეობით მიმდინარე ოპერაციას უკავშირდებოდა.

იაგო ნებიერიძე 2004 წელსაც იყო დაკავებული ფულის გამოძალვის ბრალდებით. მაშინ გორში 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. ნებიერიძეს ბერძნიშვილების ოჯახთან ურთიერთობა ჰქონდა. იგი, ბერძნიშვილებს მამასთან ერთად ავტოფარეხს უშენებდა. ბავშვის დაკარგვის შემდეგ ნებიერიძემ ოჯახს ფულის მოთხოვნით წერილი შეუგდო და 20 ათასი დოლარი მოითხოვა. მაშინ ნებიერიძე დააკავეს, მაგრამ გატაცების ნაწილში ბრალდება ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს. როგორც ბერძნიშვილების ახლობლები ჰყვებიან, მაშინ საქმეში კინოლოგებიც ჩაერთვნენ და ძაღლმა კვალი სწორედ პარკის ტერიტორიაზე დაკარგა. მაშინ გორის პარკის ის ნაწილი, რომელიც ახლა შემოსაზღვრულია, მოუვლელი და ჩაბნელებული იყო. ციხიდან გამოსული ნებიერიძე 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით მიმდინარე წლის ოქტომბერში დააკავეს. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე თავდაპირველად109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. მოგვიანებით ამ ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებული, გარყვნილი ქმედების ბრალდებაც დაემატა. პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ გორში მოკლული 8 წლის გოგონას ოჯახის წევრებიც. გოგონას პაპის ძმამ ხვიჩა ბერიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ საქმის გახსნის დიდი იმედი აქვს და თითქმის დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველები ზაქრო ბერძნიშვილის სამარხსაც იპოვიან.

17 ნოემბრის საღამოს საგამოძიებო მოქმედებები პარკის ტერიტორიაზე დროებით შეჩერდა, ადგილზე მხოლოდ ის პოლიციელები დარჩნენ, რომლებიც შემოსაზღვრულ მიწის ნაკვეთს იცავენ. სკანერიდან მიღებულ მასალას კი სამხარაულის სახელობის ბიუროს ექსპერტ-კრიმინალისტები იკვლევენ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. ზაქრო ბერძნიშვილის ოჯახი და საზოგადოება კი სამართალდამცველებისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG