Accessibility links

logo-print logo-print

გორში საბავშვო ბაღების გახსნა გადაიდო


გორში საბავშვო ბაღების გახსნას აღსაზრდელები, მათი მშობლები და აღმზრდელებიც დღეს ელოდნენ, მაგრამ ბაღში წასვლა კიდევ სამი დღით გადაიდო.

ბაღების ნაწილი ბავშვების მისაღებად უკვე მზად იყო, აღმზრდელებმა მშობლებთან შეხვედრებიც გამართეს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გააცნეს.

გორის მეთორმეტე საბავშვო ბაღი, დიდი ხანია, სააღმზრდელო პროცესის გასაახლებლად მზადაა. ბაღის გამგე ქეთევან დავითაშვილი ამბობს, რომ შეძენილია სადეზინფექციო ხსნარები, ელექტროთერმომეტრები. გარდა ამისა, ბაღის შენობაში აღსაზრდელები და მათი მშობლები მხოლოდ ერთი შესასვლელით არ ისარგებლებენ.

მუნიციპალიტეტის ბაღების დიდი ნაწილი უკვე მზადაა ბავშვების მისაღებად, შესაბამისი ღონისძიებები ბევრგან პირველ ოქტომბრამდე გატარდა, რადგან თავიდან საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად სწორედ პირველი ოქტომბერი დასახელდა.

პირველი ოქტომბრიდან სააღმზრდელო პროცესის დასაწყისმა 12 ოქტომბრამდე გადაიწია, თუმცა პროცესი კიდევ სამ დღეს გადაიწევს. ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილის თქმით, ამ სამ დღეში მცირეოდენი ხარვეზებიც გამოსწორდება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და იქ მუშაობის განახლება ჯერ არ იგეგმება.

ამასობაში შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. რეგიონში, ჯამში, კოვიდ-19-ის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ სიმონ გულედანის თქმით, ვირუსი პირველი და მე-8 საჯარო სკოლების, ასევე სოფელ ფლავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაუდასტურდათ.

"მერვე და ფლავის საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციური რეჟიმით სწავლებაზე გადავა. რაც შეეხება პირველ სკოლას, აქ თვითიზოლაციაში მესამე და მეათე კლასი გადავა და სწავლება დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარდებათ", - განაცხადა გულედანმა.

მისი თქმით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კოვიდ-19-ის 15 ახალი შემთხვევიდან 10 არასრულწლოვანია, კერძოდ კი, ფლავის, გორის მე-8 და პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეები. რამდენიმე დღეა, რაც საკლასო ოთახებში სწავლა შეწყვეტილია გორის მესამე საჯარო სკოლაში. მიზეზი აქაც კორონავირუსით მოსწავლის ინფიცირებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG