6 ნოემბერს „დოიჩე ველემ“ (DW) გამოაქვეყნა ინტერვიუ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან. ინტერვიუს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, რომლის შეფასებით, „ყველასთვის ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა, რაც ვაშაძემ ინტერვიუში კიდევ ერთხელ დაადასტურა“.
მაინც რა თქვა გრიგოლ ვაშაძემ DW-სთან ინტერვიუში?
გთავაზობთ ფრაგმენტებს გერმანული სამაუწყებლო კომპანიისთვის მიცემული ინტერვიუდან:
გრიგოლ ვაშაძე: ...რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილს, შევეცდები მოკლედ აღვწერო მისდამი ჩემი დამოკიდებულება. ის ჩემი მეგობარია და როგორც ყველა საქართველოს გონიერი მოქალაქე, მეც მადლიერი ვარ მისი იმისათვის, რომ ეს ტერიტორია გარდაქმნა თანამედროვე სახელმწიფოდ. მას უნდა ჰქონდეს უფლება იცხოვროს საქართველოში. მან უნდა დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. თუ სამართლადამცავ ორგანოებს ან მართლმსაჯულებას აქვს მის მიმართ შეკითხვები, მან აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი მათ. და თუ სააკაშვილს უნდა აქ თავისი პოლიტიკური მომავლის აშენება, მაშინ გადაწვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს.
DW: თუ თქვენ გახდებით პრეზიდენტი, დაუბრუნებთ საქართველოს მოქალაქეობას?
გრიგოლ ვაშაძე: სავსებით მართალი ხართ! დავუბრუნებ!
DW: შეიწყალებთ?
გრიგოლ ვაშაძე: დიახ, მე ამას გავაკეთებ, მაგრამ არ ვაპირებ მხოლოდ მის შეწყალებას, შევიწყალებ ყველა პოლიტპატიმარს (გეთაყვა, არ გამოტოვოთ ეს ფრაგმენტი, თორემ ქართული არხები ჭრიან ხოლმე ამ ფრაზის მეორე ნაწილს). შევიწყალებ პრეზიდენტ სააკაშვილს; შევიწყალებ ყველა პოლიტპატიმარს; შევიწყალებ ყველა ქალს, რომელსაც არ ჩაუდენია რამე ექსტრაარაორდინარული და ქალებს, რომლებსაც ჰყავთ ბაშვები. ვაპირებ ამ ყველაფრის ძალიან სწრაფად გაკეთებას, სავარაუდოდ, პრეზიდენტობის პირველ ორ-სამ თვეში, რადგანაც ვიცი, თუ რა ხდება ციხეებში. როგორც იურისტს, მინდა, სამართლიანობამ იზეიმოს და ასეც იქნება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას. ისარგებლებს ამ უფლებით, თუ - არა, მასზეა დამოკიდებული. მისი პოლიტიკური მომავალიც უნდა განსაზღვრონ საქართველოს მოქალაქეებმა, მაგრამ აქ - თავის ყვარლის სახლში ცხოვრების შესაძლებლობა ის ვალია, რაც უნდა დავუბრუნოთ.
DW: კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის როლი საკმაოდ სიმბოლურია. რეალურად, პრეზიდენტს არ აქვს არანაირი რეალური უფლებამოსილება. რატომ არის ეს არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი პირადად თქვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის?
გრიგოლ ვაშაძე: ალბათ, გინდათ მკითხოთ, რატომ არის ამ არჩევნებზე ასეთი დაძაბულობა? სწორი და დროული შეკითხვაა. იმიტომ, რომ ეს არ არის რიგითი საპრეზიდენტო არჩევნები. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებია. ეს არის რეფერენდუმი ჩვენი ქვეყნის მომავლის შესახებ, რაც ყველას ესმის. როცა ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ არა მხოლოდ ამ არჩევნებში, არამედ ჩვენ გავიმარჯვებთ რეფერენდუმში საპარლამენტო არჩევნების ზღურბლზე. ესეც ყველას ესმის. მეორე რიგში, ვიტყოდი იმას, რომ სრული სისულელეა ის, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი უფლებამოსილება. უკაცრავად, მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რაც თავისთავად სულაც არ არის ურიგო.
DW: კი, ეს კარგი არგუმენტია, მაგრამ თქვენ ხომ ვერ შეასრულებთ ამ ფუნქციას მთავრობის თუ პარლამენტის ნებართვის გარეშე?
გრიგოლ ვაშაძე: ასეთ შემთხვევებში, კარდინალი რიშელიე ამბობდა ხოლმე, მოთმინება! უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყნის მთავარი წარმომადგენელია საერთაშორისო ურთიერთობებში. ვეტოს უფლება. პრემიერ-მინისტრის დამტკიცების უფლებამოსილება, შეწყალების უფლება და მრავალი სხვა არანაკლებ მნივშნელოვანია. და კიდევ, არ დაგავიწყდეთ, არსებობს კონსტიტუციის ტექსტი და არსებობს კონსტიტუციის სული. კონსტიტუციის სული - ნიშნავს პოლიტიკურ პროცესს და ვერავინ შეძლებს ჩემ შეკავებას, ჩავუდგე პოლიტიკურ პროცესს სათავეში. ვისურვებდი, მენახა მთავრობა, არა მხოლოდ ე.წ. „ქართული ოცნების“ მთავრობა, არამედ ნებისმიერი, როცა მე ვუხმობ 50 ან 100 ათას ჩემს თანამოქალაქეს, გამოვიდნენ ქუჩაში და შეურთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეძლებს მის შეკავებას. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა დემონსტრაცია იქნება. ასე, რომ ე.წ. „ქართული ოცნება“ ძალიან მართალია, როცა თავგანწირვით იბრძვის ამ პოსტისათვის, მაგრამ მათ უკვე წააგეს ეს ბრძოლა.