Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიცოდით, რომ მოზარდებში იყო ეს პრობლემა, მაგრამ ასეთი მასშტაბით თუ იყო, ვერ წარმოვიდგენდით“


„ვიცოდით, რომ მოზარდებში იყო ეს პრობლემა, მაგრამ ასეთი მასშტაბით თუ იყო, ვერ წარმოვიდგენდით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, გუგა ბესელია. მისმა ორგანიზაციამ გამოიკვლია მოზარდების დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ და აღმოჩნდა, რომ გმაოკითხული 14-18 წლის 500 მოზარდიდან 48% ონლაინ აზარტულ თამაშებს თამაშობს.

გუგა ბესელია აზუსტებს, რომ 15-18 წლის ჯგუფს თუ ავიღებთ, მოთამაშეთა პროცენტული წილი იზრდება 59%-მდე და აგრეთვე აცხადებს:

„არსებობს პირდაპირი კავშირი ასაკის მატებასა და დამოკიდებულების ზრდას შორის“.

„აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“ სკოლების მოსწავლეებთან მივიდა ლუდომანიის (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების) პრევენციისთვის ლექცია-სემინარების ჩასატარებლად. გამოკვლევის იდეა მოსწავლეებთან კომუნიკაციის პროცესში გაჩნდა:

„მოზარდების აბსოლუტური უმრავლესობა გვიდასტურებს, რომ ეს არის უბრალო გართობა. ჩვენ ვუხსნიდით, რომ ეს გართობის გარდა ყველაფერია“.

უპირველეს ამოცანად გუგა ბესელია თვლის ონლაინ-სამორინეებში რეგისტრაციის პროცედურის გამკაცრებას იმისათვის, რომ ნებისმიერ ფიზიკურ პირს არ შეეძლოს ანგარიშის გახსნა. ონლაინ-რეგისტრაციისას ერთადერთი ბარიერია შეკითხვა - არის, თუ არა პირი სრულწლოვანი:

„ონლაინ-სამორინეები ცდილობენ თამაში გახადონ ტრენდული და პოპულარული ყველა სეგმენტში და ამისთვის აკეთებენ ყველაფერს!“.

გუგა ბესელია განმარტავს:

„არ ვამბობთ, რომ ყველა ვისაც შეხება აქვს, ლუდომანია, მაგრამ ეს არის გზა ლუდომანიისკენ“.

„დილის საუბრების“ რესპონდენტი ლაპარაკობს ლუდომანიისა და ნარკომანიის მსგავსებაზე:

„თუ ნარკომანიის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში ვზრდით ნარკოტიკის დოზებს, ლუდომანიის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში უნდა გავზარდოთ ფსონების მოცულობა“.

„აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“ მუშაობს კანონპროექტზე, რომელსაც ზაფხულამდე წარუდგენს პარლამენტს და უპირველესაც გამიზნული იქნება ონლაინ-კაზინოებში რეგისტრაციის შეზღუდვისა და კაზინეობის აგრესიული მარკეტინგული კამპანიების შეზღუდვისთვის.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG