Accessibility links

გულიკო ჭიტაძე - „ცხოველების დედის“ სიკვდილი


გულიკო ჭიტაძე ერთ-ერთი იყო ზოოპარკის იმ სამ თანამშრომელს შორის, რომელთა სიცოცხლეც 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ შეიწირა. 13 ივნისის ღამეს დაიღუპნენ ასევე: მისი მეუღლე - მალხაზ ჭიტაძე და გივი დვალი.

გულიკო და მალხაზი თითქმის 26 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ზოოპარკში და იქვე ცხოვრობდნენ. გულიკო ცხოველების მთავარი ძიძა-მომვლელი იყო, მალხაზი კი - მომვლელი.

ზოოპარკის ცხოველების უმრავლესობა გულიკო ჭიტაძის გაზრდილი იყო. მას შვილი არ ჰყავდა და ცხოველებს შვილებივით უვლიდა, ეფერებოდა და ღამეებს უთენებდა. ცხოველების დედა ვარო - ამბობდა. ბევრს სახელი თავად დაარქვა, ყველა ცხოველს სახელით მოიხსენიებდა.

რადიო თავისუფლების აუდიოარქივში იძებნება 2005 წლის ჩანაწერი - გულიკო ჭიტაძე თავის აღზრდილებზე და აღსაზრდელებზე ლაპარაკობს.

გულიკო არასოდეს უბრაზდებოდა ცხოველებს და ბოლოს არც იმ ვეფხვს გაუბრაზდა, რომლის გამოც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მკლავიც დაკარგა - არ უნდოდაო, ჩემი გაზრდილი არ გამწირავდაო... საავადმყოფოდანაც ადრე გამოეწერა - ჯიხვის პატარა ციკანსა და სხვა ცხოველებს ვჭირდებიო.

გულიკომ გაზარდა ლომები, ვეფხვები, იაგუარები, ლეოპარდები, დათვები, მაიმუნები, ტურები თუ მგლები. მათ შორის იყო ცნობილი ლომი შუმბა, რომელიც სხვა მრავალ ცხოველთან ერთად ასევე 13 ივნისის სტიქიამ იმსხვერპლა.

სიკვდილს გადაურჩა გულიკო ჭიტაძის გაზრდილი ბეჰემოტი ბეგი, რომელიც გადარჩენისა და ერთად დგომის საერთაშორისო სიმბოლოდ იქცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG