სროლამ რესტორანში და მასში ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების დადანაშაულებამ ისედაც გაჭიანურებული კრიზისი კიდევ უფრო გაართულა. "ოფიციალური სტრუქტურები" აცხადებენ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ, ხალხი კი მიიჩნევს, რომ სისტემა კიდევ უფრო არასტაბილური გახდა.
წვიმიანი სოხუმის ცენტრში, წითელ ხიდთან, დილას "ოპოზიციის" მოწოდებით ხალხი შეიკრიბა. ისინი ქუჩაში ეშსოუ კაკალიას დაჭრამ და „პოლიტიკური ვითარების განხილვის“ აუცილებლობამ გამოიყვანა.
ადგილობრივი მედიის თანახმად, მილიცია დილიდანვე რეიდებს ატარებდა. მძღოლებსა და მგზავრებს ეკითხებოდნენ, გეზი წითელი ხიდიკენ ხომ არ ჰქონდათ.
აქციაზე ბევრნი არ იყვნენ, თუმცა შეკრებაზე ბადრა გუნბას კვლავ მოუწოდეს, გაათავისუფლოს და პასუხისგებაში მისცეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ეშბა.
რა მოხდა რესტორან „აფსნიში“
21 თებერვალს, დღის 3 საათზე, რესტორან „აფსნიში“, რომელიც ძიძარიას ქუჩაზე მდებარეობს, გასროლის ხმა გაისმა. ეშსოუ კაკალიას თავს დაესხნენ.
ქირურგმა რუსლან მუკბამ „აიაშარასთან“ განაცხადა, რომ დაშავებულს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა მარცხენა ბარძაყსა და მარჯვენა წვივზე, ასევე - მოტეხილობები და თავის ტვინის ტრავმა. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანების მუხლით - ჩადენილი ჯგუფურად, საზოგადოებისთვის საშიში მეთოდით. საქმე ასევე აღძრეს იარაღის უკანონო გასხვისების მუხლითაც.
მომხდარიდან მეორე დღეს, 22 თებერვალს, დააკავეს სროლაში ეჭვმიტანილი ალხას გურგულია.
ტელეგრამ-არხი „აფხაზური პორტალი“ წერს, რომ ერთი დღით ადრე, ბადრა გუნბამ დაამტკიცა "საზოგადოებრივი პალატის" ახალი შემადგენლობა. დაკავებული ამ ახალი შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი იყო.
ამავე არხის ინფორმაციით, სამივე თავდამსხმელი ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ბესლან ეშბას ენათესავება: „ორნი - ეშბას ცოლის ძმისშვილები არიან, ერთი კი - ძმისშვილი“.
„სამი თავდამსხმელი სადღაც 3 საათისთვის შევიდა დაწესებულებაში, სადაც ეშსოუ კაკალია სადილობდა. ალხას (ალხო) გურგულია კაკალიას წინ მაგიდას მიუჯდა და მაგიდის ქვეშიდან კაკალიას ფეხებში დაუშინა ტყვიები. ორმა სხვამ, საიდ ეშბამ და აბზაგ გურგულიამ, დაჭრილს ცემა დაუწყეს“, - წერს „აფხაზური პორტალი“ და დასძენს, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილებს ე.წ. სახელმწიფო სტრუქტურებში თანამდებობები უჭირავთ.
- ალხას გურგულია - სოხუმის ცენტრალური ბაზრის დირექტორია, აფხაზეთის "საზოგადოებრივი პალატის" წევრი.
- აბზაგ გურგულია - სოხუმის მუნიციპალური საწარმო „წყალკანალის“ დირექტორის მოადგილეა.
- ასლან ეშბა - მუნიციპალური საწარმო „მწვანე ქალაქის“ დირექტორია.
ე.წ. ოფიციალური სტრუქტურები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ თავდასხმაში სხვებიც მონაწილეობდნენ, არც ნათესაურ კავშირებზე გაუკეთებიათ კომენტარი.
ბესლან ეშბას გათავისუფლების მოთხოვნით
ოკუპირებულ აფხაზეთში ისედაც კრიზისი იყო, ახლა კი ამას ეშსოუ კაკალიაზე თავდასხმა დაემატა. "ოპოზიცია" ამბობს, რომ "ხელისუფლება" აქტივისტებს პოლიტიკური მოტივით დევნის.
2025 წლის ნოემბერში რუსეთმა კაკალიასა და რამდენიმე სხვა "ოპოზიციონერზე" ფედერალური ძებნა გამოაცხადა. ისინი ყაჩაღობაში არიან ბრალდებული. საუბარია რუს პოლიტტექნოლოგებთან დაკავშირებულ ინციდენტზე, რომელიც გაზეთ „აფხაზეთის მაცნეს“ ოფისში მოხდა. 2026 წლის თებერვალში სოხუმის პროკურატურამ კაკალიას ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) წაუყენა.
რუსული გამოძიების თანახმად, „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე სამმა პირმა წინასწარი განზრახვით მოაწყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მუქარის შემცველი ყაჩაღური თავდასხმა „საგნის მეშვეობით, რომელიც იარაღად იქნა გამოყენებული“. ზარალმა 1,975 მლნ რუბლი შეადგინა. ეჭვმიტანილებზე - კან კვარჩიაზე, ეშსოუ კაკალიასა და ხინა დუმააზე - რუსეთში ფედერალური ძებნა გამოცხადდა. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
5 ნოემბერს, აფხაზეთში ე.წ. მუნიციპალური არჩევნების წინ, დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტის“ წევრმა კან კვარჩიამ და ოპოზიციის აქტივისტებმა სოხუმში აღმოაჩინეს ოფისი, სადაც რუსეთის სამი მოქალაქე - ივან რევა, პაველ ტიმოფეევი და დმიტრი ბუდიკინი - მუშაობდნენ და საიდანაც პროსახელისუფლებო გაზეთი „აფხაზური მაცნე“ და ბადრა გუნბას საარჩევნო კამპანია იმართებოდა. მეორე დღეს, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვების შემდეგ, რუსმა პოლიტტექნოლოგებმა განაცხადეს, რომ მათ სცემეს და იარაღით დაემუქრნენ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ თავდასხმა ამ ჯაჭვის ერთი რგოლია, ასევე პასუხი ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ბესლან ეშბას კრიტიკაზე. ოპონენტები მას რუსი პოლიტტექნოლოგების მფარველობაში ადანაშაულებენ. თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე, როდესაც კაკალია პოლიტტექნოლოგების საქმეზე დაკითხეს, თქვა, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცნენ ეშბა და "პრეზიდენტის" მრჩეველი ახრა სმირი, როგორც სავარაუდო ორგანიზატორები რუსი სპეციალისტების საქმიანობისა, რომელთა მიმართაც [სპეციალისტების] ასევე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
„აფხაზეთის პროკურატურამ მათი საქმიანობა შეაფასა, როგორც დანაშაულებრივი, ამიტომ ორგანიზატორების მიმართაც უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ასე [პროცესები] ცოტათი მაინც დაემგვანება კანონიერს და ობიექტურს“, - უთხრა კაკალიამ „აიაშარას“.
18 თებერვალს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების სხდომაზე, რომელსაც კაკალიაც ესწრებოდა, ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს. "გენპროკურატურას" მოუწოდეს, შეაფასოს დე ფაქტო შს მინისტრის, რობერტ კიუტისა და ბესლან ეშბას ქმედებები. ასევე მოუწოდეს "პარლამენტს" კონტროლის ე.წ. კონსტიტუციური მექანიზმის ამოქმედებისკენ.
კაკალიაზე თავდასხმის შემდეგ ოთხმა პარტიამ და შვიდმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მომხდარს მათ „პოლიტიკოსის პირდაპირი ანგარიშსწორება“ უწოდეს და მოთხოვნები წამოაყენეს:
- ბესლან ეშბას დაუყოვნებლივ გადაყენება;
- თავდასხმის სრული და ყოველმხრივი გამოძიება;
- შემსრულებლებისა და შესაძლო დამკვეთების პასუხისგებაში მიცემა.
„სამართალდამცავების უმოქმედობის შემთხვევაში, თუ დანაშაულის ორგანიზატორების წინააღმდეგ ზომებს არ მიიღებენ, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებასა და პრეზიდენტ ბადრა გუნბას დაეკისრებათ", - წერია რეზოლუციაში.
წითელ ხიდთან ღონისძიების დაწყებამდე "დეპუტატმა" კან კვარჩიამ განაცხადა, რომ როდესაც "ხელისუფლებას" არგუმენტები აღარ აქვს, აკრძალულ მეთოდებზე გადადის. მან ეშბას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.
„რა თქმა უნდა, მენანებიან, ვინც ამაზე წავიდა, რადგან მათი მამები და ბაბუები დიდი ადამიანები იყვნენ, დიდი პატრიოტები... ბესლან ეშბა დღეს აფხაზეთში სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს. ეს არაფერი იქნებოდა, თავისი ქმედებებით სახელმწიფოსა და სუვერენიტეტს რომ არ აზიანებდეს. ვურჩევდი, დაფიქრდეს ამ ახალგაზრდების ბედზე და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს,“ - უთხრა მან „აიაშარას“.
ამავე დროს, "პროსამთავრობო" ტელეგრამ-არხი „Sovmin-ი“ ამტკიცებს, რომ კვარჩია ცდილობს, მომხდარი პოლიტიკური მიზნებით გამოიყენოს და "სასამართლოზეც" მოახდინოს ზეწოლა, რუსი სპეციალისტების საქმის მიმართულებით. ამ საქმეში თავადაც არის გარეული.
"ოპოზიციაში" კი ფიქრობენ, რომ "ხელისუფლება" პირიქით, სისტემური პრობლემის პირად კონფლიქტამდე დაყვანას ცდილობს. ყოფილმა "დეპუტატმა" ახრა ბჟანიამ განაცხადა, რომ "სახელმწიფო მოხელემ" არ უნდა დაუშვას, რომ მის ინტერესებს ახლობლები იცავდნენ:
„თქვენი ინტერესების დაცვა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, რადგან წარმომადგენლები ხართ. თქვენ მხოლოდ კანონი უნდა გიცავდეთ“.
ფონდ „აამტას“ წარმომადგენელმა ალხას ჯინჯალმა რესტორანში მომხდარი თავდასხმა შეაფასა, როგორც სახიფათოდ გართულებული პოლიტიკური სიტუაცია. მისი თქმით, დაუშვებელია პოლიტიკურმა დაპირისპირებამ სისხლის სამართლის სფეროში გადაინაცვლოს.
„სიტუაცია უკონტროლო არ უნდა გახდეს. ამით ვერავინ მოიგებს. აფხაზეთი ჩვენ ყველას ერთი გვაქვს და პრობლემებს ამ გზით არ უნდა ვაგვარებდეთ. ყველა მხარეს მოვუწოდებ, გონს მოეგონ და კანონით იხელმძღვანელონ“, - ამბობს ჯინჯალი „აიაშარასთან“.
ორგანიზაცია „აფსუა რიმჩის“ წარმომადგენელი ბატალ ჭკადუა აღნიშნავს, რომ ძალადობა პოლიტიკური კრიტიკის საპასუხოდ, დაუშვებელია. ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ "ხელისუფლების" მიმართ ნდობა არის დაკარგული.
„კონტროლქვეშაა“: მანტრა თუ სტრატეგია?
ბადრა გუნბას პრესცენტრმა განაცხადა, რომ კაკალიაზე თავდასხმის გამოძიება დე ფაქტო პრეზიდენტის პირად კონტროლქვეშაა.
"ოპოზიციური" ტელეგრამ-არხი „აფხაზური ანალიტიკური ცენტრი“ წერს, რომ გამოთქმა „კონტროლქვეშაა“ გუნბას ხელში პოლიტიკურ მანტრად იქცა:
„პარლამენტში სროლა კონტროლქვეშაა, კაფეში ჩაცხრილვა კონტროლქვეშაა, გასვენებაში საქმის გარჩევა კონტროლქვეშაა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდასხმა კონტროლქვეშაა, პოლიტტექნოლოგების დესტრუქციული საქმიანობა კონტროლქვეშაა, ირაკლი ბჟინავას დაკავება როსტოვში კონტროლქვეშაა. ეს თუ კონტროლია, კონტროლის დაკარგვა რაღა იქნება? „კონტროლქვეშააში“ მხოლოდ შორიდან ყურებას გულისხმობენ? თუ ეს ყველაფერი პრეზიდენტის კონტროლით ხდება, იქნებ უკეთესი იყო, არაფერი გაეკონტროლებინა?“
კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ სახალხო ღონისძიებებისა და ოფიციალური ოპტიმიზმის მიღმა, "სახელმწიფო ინსტიტუციების" კრიზისი ილანდება - "სამართალდამცავი" უწყებებით დაწყებული, დიალოგის პოლიტიკური მექანიზმით დასრულებული.
დისკუსია კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ კაკალიაზე თავდასხმიდან მეორე დღეს, სოხუმში „მასლენიცას“ ზეიმობდნენ. ბევრმა ეს მომხდართან შეუსაბამო ქცევად შეაფასა.
აფხაზურ საინფორმაციო სივრცეში ლაპარაკობენ, რომ გახშირდა იარაღის გამოყენების შემთხვევები, კრიმინალური კონფლიქტები კი სულ უფრო ხშირად ხდება საჯაროდ.
მსგავსი კომენტარების ავტორები ირწმუნებიან, რომ ძალოვნები პოლიტიკურ საქმეებზე არიან ორიენტირებულები და არა დანაშაულთან ბრძოლაზე.
„აფხაზეთში იარაღის გამოყენებას უკვალოდ არასდროს ჩაუვლია. თითქმის ყოველთვის პასუხი მოჰყვა, შემდეგ კი ძალადობს ახალი ტალღა... გუნბასა და კიუტის ხელში აფხაზეთი სულ უფრო ემსგავსება ველურ დასავლეთს. მილიცია ჩვეულებრივ მოქალაქეებს ქუჩაში ესხმის თავს. ძალოვნები პოლიტიკური საკითხებით და მიუღებელი ადამიანების დევნით არიან დაკავებულები იმის მაგივრად, რომ დანაშაულებრივ სისტემებს არღვევდნენ და სახელმწიფოსთვის ძირის გამომთხრელ, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს შლიდნენ“, - წერს „აფხაზეთის ანალიტიკური ცენტრი“.
ტელეგრამ-არხების ნაწილი სვამს კითხვას, იქნება თუ არა ე.წ. ხელისუფლების რეაქცია ერთნაირად მკაცრი ორივე საქმესთან დაკავშირებით, იგულისხმება რუსი პოლიტტექნოლოგები და თავდასხმა "ოპოზიციონერზე".
ფორუმი