Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურის ტერმინალი და იგორ გიორგაძე


რა კავშირია იგორ გიორგაძესა და ენგურის ტერმინალს შორის
რა კავშირია იგორ გიორგაძესა და ენგურის ტერმინალს შორის

როდესაც სოხუმში ლაპარაკი დაიწყო, რომ ენგურის გამშვებ პუნქტზე სატვირთო ტერმინალი უნდა აშენებულიყო, საქმე ეკონომიკას, ლოჯისტიკასა და ტრანზიტს ეხებოდა. მაგრამ უკვე რამდენიმე კვირაში აფხაზური საზოგადოების ნაწილისთვის პროექტი მხოლოდ ინფრასტრუქტურული როდი იყო.

„ჰაბისა“ და „განვითარების“ უკან გამოჩნდა სახელები, ბიოგრაფიები და დაუხურავი ფაილები 90-იანი წლების ომიდან. ერთი ასეთი სახელი არის იგორ გიორგაძე, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

სახელი, რომელმაც საუბრის ტონი შეცვალა

2025 წლის დეკემბერში სოხუმში პირველად გაამჟღავნეს, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ენგურის ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერმინალს. ეს ასტამურ ახსალბამ გააკეთა, სატრანზიტო-ლოჯისტიკური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და "მსოფლიო ხალხების ასამბლეის" ხელმძღვანელმა აფხაზეთში. მან თქვა, რომ პროექტი ასამბლეის, ნაწილობრივ მისი ხელმძღვანელის მხარდაჭერით ხორციელდება.

"მსოფლიო ხალხთა ასამბლეა" არის კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისა, რომლებიც „იზიარებენ და ავითარებენ ევრაზიული ინტეგრაციის, მსოფლიოს დაცვისა და მეგობრობის განმტკიცების, თანხმობის, პარტნიორობისა და ერებს შორის კეთილმეზობლობის იდეებსა და ღირებულებებს. მისი ხელმძღვანელია ანდრეი ბელიანინოვი, რუსი ჩინოვნიკი, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ყოფილი უფროსი.

მაშინ ამ განცხადებას რეზონანსი არ მოჰყოლია. ვითარება იანვარში შეიცვალა, როცა აფხაზურმა ტელეგრამ-არხებმა ასამბლეის სტრუქტურას მიაქციეს ყურადღება. გაირკვა, რომ გენერალური მდივნის ერთ-ერთი მოადგილე იგორ გიორგაძეა, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

იგორ გიორგაძე დაახლოებით 30 წელია მოსკოვში ცხოვრობს. მისი სახელი მართლაც არის მითითებული ასამბლეის საიტზე. განყოფილებაში „გენერალური მდივნის მოადგილეები“ მასზე წერია: პრეზიდენტი ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაციისა „საქართველო საზღვარგარეთ“ (საქართველო).

იგორ გიორგაძე
იგორ გიორგაძე

საიტ Rusprofile-ის მიხედვით, „საქართველო საზღვარგარეთ“ დარეგისტრირებულია მოსკოვში, 2022 წლის 6 აპრილს. ოპერირებს საინფორმაციო სააგენტოების სფეროში. მისი პრეზიდენტი დაარსების დღიდან იგორ გიორგაძეა.

ამ აღმოჩენამ უამრავი კითხვა წარმოშვა, უმეტესობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„სატრანზიტო ჰაბის პროექტი მხოლოდ ეკონომიკა არაა. ეს არის უსაფრთხოება, ტერიტორიაზე კონტროლი და გრძელვადიანი პოლიტიკური შედეგი. მსგავსი პროექტის ერთ-ერთ ინიციატორად კი გამოდის სტრუქტურა, რომელიც დაკავშირებულია ადრე აფხაზეთთან მებრძოლი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურის ყოფილ მაღალჩინოსანთან. ეს საზოგადოებისთვის, დისკუსიისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია და არა პირადი სიმპათიის საკითხი“, - წერს ტელეგრამ-არხი „აფხაზური ანალიტიკური ცენტრი“.

ამ კონტექსტში სატვირთო ტერმინალი კრიტიკოსებისთვის არა მხოლოდ ლოკალური ინფრასტრუქტურული პროექტია, არამედ შორსმიმავალი პოლიტიკური ხედვის ნაწილი, რაც აფხაზურ საზოგადოებასთან, მათი აზრით, არავის განუხილია.

ომის ხსოვნა, როგორც აწმყოს ფაქტორი

ეს საკითხი წამოწია ოპოზიციურმა ტელეგრამ-არხმა „აფხაზური ანალიტიკური ცენტრი“. მისმა ავტორებმა გაიხსენეს გიორგაძის როლი "ქართულ-აფხაზურ ომში" 1992-1993 წლებში და ხაზი გაუსვეს, რომ ის იმ დროს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.

„იგორ გიორგაძე - სპეცსამსახურების პროფესიონალი თანამშრომელი, სსრკ-ის "კაგებეს" უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული. 1990-წლების დასაწყისში მას წამყვანი თანამდებობები ეჭირა საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში. კურირებდა სპეციალურ ძალოვან დანაყოფებს. მისი ხელმძღვანელობით იქმნებოდა და მოქმედებდა სპეცრაზმების ელიტური რაზმები, მათ შორის დანაყოფი სახელად „ალფა“... საქართველო მათ ომებსა და სპეცოპერაციებში იყენებდა, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე“.

ავტორის თქმით, გიორგაძე თავად ჰყვებოდა ინტერვიუებში, რომ ომის ბოლოს, 1993 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისგან მიიღო ბრძანება, ჩამოეყალიბებინა შეიარაღებული რაზმები და აფხაზეთისკენ დაძრულიყო.

„ის ომში მონაწილეობდა ორგანიზების დონეზე, შეიარაღებული დანაყოფების მეთაურობისა და გამოყენების კუთხით. ომის დამთავრებისთანავე იგორ გიორგაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მას განიხილავდა, როგორც ერთ-ერთ ძირითად კადრს ომის პერიოდის ძალოვანი სტრუქტურებიდან“, - წერს „აფხაზური ანალიტიკური ცენტრი“.

„მონანიება“ და რეაბილიტაცია

ამ სკანდალიდან რამდენიმე დღეში, ასამბლეის აფხაზურმა წარმომადგენლობამ თავის ფეისბუკგვერდზე (Worldpeoples Assembly) გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „საქართველოს "კაგებეს" ყოფილი ხელმძღვანელი“, რომელშიც იგორ გიორგაძე ქართველებს აფხაზებისა და ოსების წინაშე მონანიებისკენ მოუწოდებდა.

„აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტების დასარეგულირებლად, პირველი - უნდა გავიაზროთ, თუ რა მოხდა და ბოდიში მოვიხადოთ. ასევე ვიტყვი, და ეს შეიძლება არ ჟღერდეს მიმზიდველად, მაგრამ უნდა მოვინანიოთ, იმათაც კი, ვინც უცოდველია და კონფლიქტში არ მონაწილეობდა. შინაგანად განვიწმინდებით“, - ამბობს ის ვიდეოში.

„აფხაზურ ანალიტიკურ ცენტრში“ გიორგაძის გულწრფელობის არ სჯერათ. არგუმენტებად მოაქვთ მისი სხვა ინტერვიუები, რომლებშიც ის ლაპარაკობს არა ტერიტორიებზე, არამედ „ხალხების საქართველოს სახელმწიფოებრიობის წიაღში“ დაბრუნებაზე.

ასამბლეის საიტზე მანამდე არ დადებულა ვიდეოები გიორგაძის მონაწილეობით (ეს გვერდი 2025 წლის ივნისიდან არსებობს), რამაც უამრავი კითხვა წარმოშვა. კომენტარებში ვკითხულობთ:

„თქვენ რა, მტრების რეაბილიტირებას ცდილობთ?“

„ოჰ, როგორ არის დაინტერესებული, ეს სატრანზიტო პროექტი აფხაზეთში განხორციელდეს. ასე „ლოიალურად“ამიტომ ალაპარაკდა აფხაზებთან ურთიერთობაზე. არც მისი არ მჯერა, არც იმისი, ვინც ამ თემას ხელმძღვანელობს - ასტამურ ახსალბასი. ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ეს „გმირული, ნახევრადბანდიტური გამოხდომები“.

ტელეგრამ-არხი „აიაშარა“ მომხდარზე წერს, რომ ეს არის მცდელობა, სატრანზიტო პროექტი იმ ფიგურების რეაბილიტაციით დაიცვა, რომლებიც მტრად არიან აღქმული.

„ამ ორგანიზაციის აფხაზურ ფილიალს ვინმე ასტამურ ახსალბა ხელმძღვანელობს. აფხაზურ საზოგადოებაში მასზე თითქმის არაფერია ცნობილი. ეს ახალგაზრდა შეიძლება თავადაც ვერ ხვდება, რამდენს უშავებს ქვეყანას, როდესაც მტრების რეაბილიტირებას ცდილობს“, - წერს „აიაშარა“.

გალის რაიონში სატვირთო საბაჟო ტერმინალის მშენებლობის პროექტის შესახებ ორი წლის წინ გახდა ცნობილი. აფხაზეთის წარმომადგენლების ცნობით, ის იქნება სატრანზიტო რგოლი მესამე ქვეყნებიდან რუსეთისკენ მიმავალი ტვირთისთვის. ახალი ობიექტი არის რუსი და აფხაზი მეწარმეების კერძო ინვესტიცია. სოხუმში აცხადებენ, რომ მშენებლობა თითქმის დასრულებულია, მაგრამ იურიდიულად გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხები ჯერაც განიხილება. თბილისი ამ პროექტისგან დისტანცირდება, თუ ქართული მხარის ოფიციალური კომენტარებით ვიმსჯელებთ. ისინი ხაზს უსვამენ, რომ საქართველო მის რეალიზებაში არ მონაწილეობს, არ აღიარებს არავითარ „სახელმწიფო საზღვრებს“ ამ რეგიონში და ამ მარშრუტით ტვირთს არ გაატარებს.

აფხაზური ტელეგრამ-არხებისთვის მთლიანი სურათის შესადგენად მორიგი ფრაგმენტი გახდა საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ასამბლეის ეგიდით 2025 წლის 20-21 სექტემბერს ჩატარდა. აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში სხვებთან ერთად შევიდნენ ასტამურ ახსალბა და აფხაზეთის "ყოფილი პრეზიდენტი" ასლან ბჟანია. გამომსვლელებს შორის იყო დავით ქართველიშვილი, საქართველოს საპარლამენტო პარტიის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

„გაგახსენებთ, რომ თავის დროზე ბჟანიამ, თავის გუნდთან ერთად, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოღვაწეების წინააღმდეგ გაილაშქრა. პროკურატურას მოუწოდებდა, ქვეყნის შიგნით მტრები და საქართველოსადმი ლოიალურად განწყობილი აგენტები ეპოვათ“, - წერს „აფხაზური ანალიტიკური ცენტრი“.

გიორგაძის აქტივიზაცია

2025 წლის დეკემბერში იგორ გიორგაძე შესამჩნევლად გააქტიურდა მედიაში. წინა წლის დასაწყისში გააკეთა YouTube-არხი „არსებითზე იგორ გიორგაძესთან ერთად“. ასეთივე სახელწოდების გვერდები შექმნა ინსტაგრამსა და ფეისბუკზეც. 2026 წლის იანვარში ამუშავდა მისი ქართულენოვანი ფეისბუკგვერდიც. ამ პლატფორმებზე გიორგაძე საკუთარ ინტერვიუებსა და თვალსაზრისს დებს. თემები სხვადასხვაა.

„არსებითზე იგორ გიორგაძესთან ერთად“ არის საავტორო ბლოგი მათთვის, ვისაც აინტერესებს სპეცსამსახურში ნამუშევარი პროფესიონალის აზრი, თუ რას ფიქრობს ის მიმდინარე მოვლენებზე. ასევე მათთვის, ვისაც საქართველოსა და რუსეთის მეგობრობის აღდგენა სურს“, - ვკითხულობთ მისი Facebook-გვერდის აღწერაში.

ბოლო პუბლიკაციებში ის კონფლიქტებს ეხება. მისი მტკიცებით, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მოხდა, მხოლოდ ქართულ მხარეს და მაშინდელ ხელისუფლებას ეკისრებათ.

„კიდევ ერთხელ, სამუდამოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან ის ილუზია, რომ მთავარია კრემლმა აფხაზებსა და ოსებს უბრძანოს და ისინიც კრავებივით შებრუნდებიან საქართველოს წიაღში. ეს არ მოხდება. რატომ აიძულებს რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოში დაბრუნებას?“ - ამბობს ის თავის ვიდეობლოგში.


გიორგაძე: ბიოგრაფია და პოლიტიკური კონტექსტი

იგორ გიორგაძე - "კაგებეს" ყოფილი თანამშრომელი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ამ თანამდებობაზე დაინიშნა 1993 წელს, ფორმალურად მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით. მაგრამ არაერთხელ თქმულა, რომ ამაში მთავარი როლი მოსკოვმა შეასრულა.

„რუსებმა დამირეკეს და მითხრეს, გიორგაძის დანიშვნა კარგი იქნებოდაო - ეს ჩვენს ურთიერთობას გააიოლებდა“, - გამოცემა iFact-ს ეს ციტატა შევარდნაძის მემუარებიდან მოჰყავს.

2003 წელს ეს ვერსია თავად გიორგაძემაც დაადასტურა, „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში. თქვა, რომ თავიდან სხვა კანდიდატის ბრძანებას მოეწერა ხელი, შემდეგ კი „მეგობრების“ ჩარევით, არჩევანი მასზე შეჩერდა.

1995 წელს ქართულმა უფლებადამცველმა უწყებებმა გიორგაძე შევარდნაძეზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. მაშინ მან ქვეყანა დატოვა. იმავე წელს ქართული მხარის მოთხოვნით, ინტერპოლმა გიორგაძეზე საერთაშორისო ძებნა „წითელი ცირკულარით“ გამოაცხადა.

დევნილობაში გიორგაძემ პოლიტიკური პარტია და სხვადასხვა ანტისამთავრობო მოძრაობა დააარსა. ის ყოველთვის აქტიურად მოუწოდებდა საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობის აღდგენისკენ.

2016 წელს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ მისი ძებნა შეწყვიტა და ძებნილთა ბაზიდან ამოიღო. ამის მიზეზი გახდა გიორგაძის სტატუსი რუსეთში (რუსული მედიის ცნობით, იქ გიორგაძემ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო).

ახლა იგორ გიორგაძე არის მემუარების ავტორი და აქტიური სპიკერი რუსულ მედიაში. როგორც ოპოზიციური ტელეგრამ-არხი „აფხაზეთი-ცენტრი“ აღნიშნავს, მისი საჯარო თეზისები არცთუ იშვიათად ემთხვევა რუსულ პოლიტიკის ფორმულირებებს სამხრეთ კავკასიაში:

„იგორ გიორგაძეს, ლუბიანკოსა და კრემლს შორის ტოლობის ნიშანია. მისი კავშირი ენგურის გავლით სატრანზიტო გზის იდეასთან მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ეს იდეა რუსეთში დაიბადა“.

„ეხო კავკაზამ“ იგორ გიორგაძეს კითხვები გაუგზავნა. სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა იმაზე, რომ მას ენგურის ტერმინალის პროექტთან აკავშირებენ. სტატიის გამოქვეყნებისას პასუხები ჯერ კიდევ არ გვქონდა მიღებული. მიღების შემთხვევაში, პუბლიკაცია განახლდება.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG