Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ცხოველთა პირველი რეგიონალური თავშესაფარი გაიხსნება


კახეთში ცხოველთა პირველი რეგიონალური თავშესაფრის აშენება გურჯაანში დაიწყეს. ეს იქნება ცენტრი, სადაც მოეწყობა ვოლიერები, კლინიკა, კარანტინის შენობა და სხვა ინფრასტრუქტურა. ცხოველთა თავშესაფრის საშენებლად დაახლოებით ორი მილიონი ლარი დაიხარჯება.

მამუკა ჩინჩალაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში ცხოვრობს. ის ლაგოდეხის სახალხო თეატრის მსახიობია და პარალელურად, სამი წელია პურის საცხობში მუშაობს. მამუკა პურს მაღაზიებში არიგებს. ყოველდღე უწევს იმ ადგილის გავლა, სადაც თავს იყრიან მიუსაფარი ძაღლები. ეს ლაგოდეხ-ბაისუბნის დამაკავშირებელი უღელტეხილია. აქ 30-მდე ძაღლი ბინადრობს. მამუკა მიუსაფარ ძაღლებს პურს ყოველდღე უტოვებს და წუხს, რომ მათი რაოდენობა თვიდან თვემდე იზრდება.

მამუკა ჩინჩალაძე
მამუკა ჩინჩალაძე

პურს ვარიგებ მაღაზიებში. ამის გამო ყოვედილით მიწევს გავლა უღელტეხილზე და თითქმის ყოველ დილით მიუსაფარ ძაღლებს ვაჭმევ. ხარჯზე არ უნდა იფიქრო ადამიანმა, როდესაც მათ მადლიერ თვალებს უყურებ. სამი წელია, რაც ამ გზის გავლა მიწევს და ასე, ყოველდღე, გავლა-გამოვლაზე პურს ვუნაწილებ ძაღლებს“.

მიუსაფარი ძაღლების პრობლემა მთელ კახეთში დგას. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. გაზრდილია ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევებიც. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონალური სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში შინაური და ქუჩაში მცხოვრები ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენის 4 231 შემთხვევა დაფიქსირდა, 2018 წელს ეს რიცხვი 4 456-მდე გაიზარდა, 2019 წლის 11 თვეში კი 4 061 შემთხვევა აღრიცხეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ უმეტეს შემთხვევაში უპატრონო ცხოველები ბავშვებს კბენენ, რადგან ზოგჯერ თავად არასრულწლოვნები ცდილობენ ცხოველების გამოწვევას.

ნამდვილად საფრთხის შემცველია არა მარტო ბავშვებისათვის, არამედ დიდებისთვისაც, თუმცა ძაღლებიც ცოდონი არიან - ცოცხალი არსებები არიან და კარგი იქნება, თუკი მიეხედება ამ პრობლემას“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

რამდენიმე წლის დაპირების შემდეგ კახეთში ახლახან ცხოველთა პირველი რეგიონალური თავშესაფრის შენება დაიწყო. როგორც გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, რეგიონალური ცენტრი, სადაც ცხოველთა თავშესაფარი განთავსდება, გურჯაანში შენდება და, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. გურჯაანის მერის თქმით, თავშესაფარი, კარანტინის შენობითა და ადმინისტრაციული კორპუსით, გურჯაანიდან რამდენიმე კილომეტრში შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსდება. ადგილზე იქნება ვეტერინარული კლინიკა ლაბორატორიით, ასი ვოლიერითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. როგორც მერი ამბობს, თავშესაფრის მთავარი ფუნქცია ცხოველებისთვის პატრონის მოძიება იქნება. იმუშავებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება გამოძახება ცხოველების გადასაყვანად. გურჯაანის მერისვე განცხადებით, ამასთან ერთად, დაიწყება საინფორმაციო კამპანია ცხოველებზე ზრუნვისათვის ცნობიერების ასამაღლებლად.

აქ იქნება კარანტინი, ლაბორატორია, სრული მომსახურება ცხოველთა გამოჯანმრთელებისთვის. იქნება ვაქცინაციაც, რომ ქუჩაში არ დადიოდნენ ცოფიანი ცხოველები და დაცული ვიყოთ ამ კუთხით. კონკრეტულად, ძაღლებს ქალაქების ცენტრებიდან გადავიყვანთ, დაამუშავებენ და დააბრუნებენ იმავე ადგილებზე, სადაც აქამდე ბინადრობდნენ. ცხოველთა თავშესაფარს ექნება აქტიური კონტაქტი საერთაშორისო და ადგილობრივ ცხოველთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ყველას შეუძლია გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდოს“, - თქვა გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

კახეთის რეგიონალური ცხოველთა თავშესაფრის ასაშენებლად 2 მილიონამდე ლარია საჭირო და ამ თანხას მუნიციპალური განვითარების ფონდი დახარჯავს. რაც შეეხება სამომავლოდ მის ფუნქციონირებას, წესი ასეთია: კახეთის ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნება საკუთარ ბიუჯეტში გამოყოს გარკვეული თანხა ამ ცენტრის დასაფინანსებლად. რამდენის გადახდა მოუწევს ყოველწლიურად თითოეულ მუნიციპალიტეტს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG