Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დაახვიეთ” - საქართველოში რუსული ემიგრაციის ახალი ტალღა გარდაუვალია?


რუსეთის მოქალაქეები ლარსის სასაზღვრო პუნქტზე, 2022 წლის 29 სექტემბერი
რუსეთის მოქალაქეები ლარსის სასაზღვრო პუნქტზე, 2022 წლის 29 სექტემბერი

ოპოზიციონერი ბლოგერები რუს მამაკაცებს უმეორებენ ერთ სიტყვას: “გაიქეცით!”. ეს იმიტომ, რომ რუსეთის ჯარში გაწვევის სისტემა იცვლება. ვისაც საბუთი მიუვა, ქვეყნის დატოვება აეკრძალება.

გრიგორი სვერდლინის ორგანიზაციას ჰქვია “Идите Лесом” (“იარეთ ტყით”). ეს ფრაზეოლოგიზმი ქართულად ნიშნავს “დაახვიეთ”.

გრიგორი სვერდლინი
გრიგორი სვერდლინი

გრიგორი უკვე ერთი წელია საქართველოში ცხოვრობს. ადრე რუსეთში უსახლკაროებს ეხმარებოდა. სექტემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც კრემლმა “მობილიზაცია” გამოაცხადა, მისი ორგანიზაცია ეხმარება ყველას, ვისაც პუტინის ომში წასვლა არ უნდა. “როგორც კანონიერი, ისე უკანონო გზებით”.

“შოკი ნომერი ორი”

“მობილიზაციის გამოცხადება იყო ჩვენთვის შოკი ნომერი ორი. შოკი ნომერი ერთი უკრაინაში ომის დაწყება იყო”, - იხსენებს გრიგორი.

ნახევარი წელია, ორგანიზაცია ზრუნავს იმაზე, რომ, “უკრაინელებს რაც შეიძლება ნაკლებმა რუსმა ესროლოს”. დაითვალეს, რომ ომში წასვლისგან უკვე 5120 ადამიანი გადაარჩინეს. ზოგი რუსეთიდან გაიქცა, ზოგი სხვა ქალაქში დაიმალა. მათ შორის იყვნენ როგორც წვევამდელები, ისე ჯარში გაწვეულებიც. “დავეხმარეთ, რომ დეზერტირები გამხდარიყვნენ”.

ორგანიზაციას “იდიტე ლესომ” მალე საქმე გაურთულდება.

11 აპრილს რუსეთის სათათბირომ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც იცვლება ჯარში გაწვევის წესი. ამისთვის, წვევამდელებს უგზავნიან გაწვევის საბუთს, რომელსაც უწყებას (Повестка) ეძახიან. აქამდე ამას მხოლოდ ფიზიკურად აკეთებდნენ, ამიტომაც წვევამდელები შედარებით იოლად ემალებოდნენ სამხედრო სამსახურს. მაგრამ მალე უწყებებს ციფრულად გააგზავნიან.

გაგზავნიდან შვიდ დღეში საბუთი ჩაბარებულად ჩაითვლება, იმისდა მიუხედავად, ადრესატმა ნახა თუ არა. ვისაც უწყება მიუვა, აეკრძალება ქვეყნის დატოვება. თუ 20 დღეში ის კომისარიატში არ მივა, აეკრძალება: მანქანის ტარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ბიზნესის წამოწყება.

“ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია, აიძულონ ადამიანები, რომ წავიდნენ ომში. ნებისმიერ დროს წაიყვანონ იმდენი, რამდენიც დასჭირდებათ”, - ამბობს გრიგორი.

“ბატონყმობა ბრუნდება”

რუსმა უფლებადამცველებმა, იურისტებმა და ჟურნალისტებმა უკვე უწოდეს ამ კანონროექტს “ბატონყმობის დაბრუნება”. საქმე ისაა, რომ მეფის რუსეთში “ბატონყმობა” ერქვა კანონების კრებულს, რომელიც უკრძალავდა გლეხებს ბატონის მიწის დატოვებას. თავად გლეხები კი ფაქტობრივად მონები იყვნენ.

ოპოზიციური “ნოვაია გაზეტა. ევროპას“ მთავარი რედაქტორი, კირილ მარტინოვი ამბობს, რომ “რუსეთში წესები აღარ დარჩა”. “ციფრული ბატონყმობის კანონპროექტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო მუდმივად ცვლის წესებს… და შემდეგ თავად წყვეტს, ამ წესებს როგორ გამოიყენებს”.

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კანონის მთავარი მიზანია წვევამდელების აღრიცხვაზე აყვანა, და არა მათი უკრაინაში გაგზავნა. მისი ბევრს არ სჯერა.

ღია ფანჯარა

ბოლო სამი დღეა, რუსი ბლოგერები, ილია ვარლამოვი, მაქსიმ კაცი, ეკატერინა შულმანი და სხვები, ამტკიცებენ, რომ კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება და იმეორებენ ერთ სიტყვას: “გაიქეცით!”

“გაწვევის ასაკის ადამიანებო, ყურადღებით! სწრაფად, სწრაფად, გაიქეცით! სანამ ფანჯარა დაკეტილა”, - დაწერა ტვიტერზე ჟურნალისტმა იულია ლატინინამ.

სათათბიროს ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ კანონპროექტი უკვე მიიღო. ახლა მას პუტინის ხელმოწერაღა აკლია. რუსეთის ციფრული განვითარების მინისტრმა, მაქსუთ შადაევმა 12 აპრილს თქვა, რომ წვევამდელთა ელექტრონული რეესტრი შემოდგომამდე ვერ ამუშავდება და, შესაბამისად, იქამდე ვერც ციფრულ უწყებებს გააგზავნიან.

ბოლო სამ დღეში, ორგანიზაციას “იდიტე ლესომ“ დახმარებისთვის თითქმის 2000-მა რუსმა მიმართა.

გრიგორი სვერდლინის აზრით, ზემო ლარსზე რიგები აღარ დადგება: “ვისაც [ქვეყნიდან] წასვლა შეეძლო, მათი უმრავლესობა უკვე წავიდა”. თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მალე რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ემიგრაციის ახალი ტალღა წამოვა.

ზუსტი მონაცემები იმაზე, თუ სად გარბიან რუსები ყველაზე ხშირად, არ არსებობს. თუმცა, 2022 წლის ბოლოს, რუსულმა გამოცემა The Bell-მა გამოიანგარიშა, რომ ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე სწორედ საქართველოში დარჩა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG