Accessibility links

რატომ ამოიღეს ქუთაისის ერთ-ერთი ისტორიული უბანი ტურისტული მარშრუტიდან?


ქუთაისი

პლასტმასის ბოთლებით, პოლიეთილენის პარკებით, მუყაოს ყუთებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანებული მდინარე რიონის სანაპირო განსკუთრებით თვალშისაცემია ზამთარში, როცა მდინარეში წყლის დონე დაკლებულია. ნაგავს სანაპიროს მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა ყრის, ან თავად მდინარეს ჩამოაქვს სხვა ადგილებიდან.

ქუთაისში რიონის სანაპირო ყველაზე მეტად დაბინძურებულია ქალაქის ისტორიულ უბანში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების არეალში, სადაც მდინარის მარცხენა სანაპირო მჭიდროდაა დასახლებული, მარჯვენა ნაპირზე კი ავტოსადგური მდებარეობს. როგორც ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, ტერიტორია იმდენად დანაგვიანებულია, რომ ქალაქის ისტორიული ზონის ეს ნაწილი ტურისტული მარშრუტიდან ამოიღეს და იქ ტურისტები აღარ მიჰყავთ: "რიონის სანაპირო ზოგადად, ეს არის ქუთაისის სავიზიტო ბარათი. ტურისტებმა ქალაქი უნდა შეიგრძნონ იმ სიძველითაც, რომელიც ამ სანაპიროსთანაა დაკავშირებული. მთლიანად ამოგდებულია ქუთაისის ტურისტული მარშრუტებიდან იმიტომ, რომ ტურისტებს ამ სიბინძურეს ვერ ვანახებთ".

ისტორიული ჯაჭვის ხიდიდან, სადაც მდინარე რიონის სანაპირო საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული, ერთ-ერთი საფეხმავლო გზა ბაგრატის ტაძრისკენ მიდის. ამ ძეგლს დამთვალიერებელი მრავლად ჰყავს. ხიდის მიმდებარედაა საქალაქთაშორისო სადგური, საიდანაც ავტობუსები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისკენ მიემართებიან. ჯაჭვის ხიდის მახლობლად მდებარე სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულები ამბობენ, რომ „ნარჩენების სიმრავლე თვალშისაცემია, როცა რიონში წყლის დონე იკლებს, სხვა დროს კი ნაგავს მდინარის წყალი რეცხავს“.

ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისელების ნაწილი ფიქრობს, რომ რიონის სანაპიროს მოვლაზე იქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა თავად უნდა იზრუნონ, ნაწილი კი ამბობს, რომ „თუ მუნიციპალური სამსახურები მდინარის კალაპოტს გაწმენდენ, მოსახლეობა ნარჩენებს აღარ გადაყრის“.

ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული კომპანია „სპეციალური სერვისები“ მხოლოდ ქალაქის ქუჩების დასუფთავებაზეა პასუხისმგებელი. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე განმარტავს, რომ მდინარის ხეობებისა და კალაპოტის გაწმენდა და მოვლა-პატრონობა მათ უფლება-მოვალეობებში არ შედის, თუმცა ქალაქის ისტორიულ უბანში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების არეალში მოქცეულ სანაპიროს პერიოდულად, სხვადასხვა აქციის ფარგლებში ასუფთავებენ. გიორგი მჟავანაძის ინფორმაციით, ბოლოს ტერიტორია ნოემბერში გაიწმინდა. მჟავანაძის თქმით, მერიამ სანაპიროსთან ნაგვის კონტეინერები განათავსა, რათა მოსახლეობას ნარჩენების გადაყრის პრობლემა არ ჰქონდეს.

რიონი
რიონი

რიონის გარდა, ქუთაისში ორი მდინარეა - ოღასკურა და რუა. საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება ყველა სანაპიროზე თვალშისაცემია. განსაკუთრებით იქ, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. ხშირი წვიმის დროს მდინარეებში მომატებულ წყალს ნარჩენები მიაქვს, შემდეგ ან სხვა ადგილას ტოვებს, საბოლოოდ კი - ზღვაში. მდინარის ნაპირზე ამოსულ ხეებსა და ბუჩქებზე პოლიეთილენის პარკები დიდი ხნით რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG