Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაგროვებითი პენსია: ფონდში 29 მილიონი შეგროვდა


1 თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში შეგროვილი თანხა თითქმის 29 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც საპენსიო სააგანტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, თანხა სწრაფად იზრდება და წინასწარი ინფორმაციით, თვეში 35-40 მილიონი ლარის მობილიზებაა შესაძლებელი.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში საპენსიო ფონდში 1,5 მლრდ ლარის მობილიზებას ელოდებიან. რაც შეეხება კომპანიებისა და ინდივიდების რიცხვს, სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით:

  • სახელმწიფომ წარმოადგინა დაახლოებით 270 000-კაციანი სია, რომელშიც სახელმწიფო კომპანიებში დასაქმებულები შედიან;
  • 30 ათასმა კერძო კომპანიამ უკვე გააკეთა განაცხადი ახალ საპენსიო სისტემაში ჩართვის თაობაზე;
  • სააგენტოსთვის ჯერჯერობით უცნობია, კერძო სექტორში დასაქმებული რამდენი ადამიანი უერთდება საპენსიო სისტემას, რადგანაც დეკლარაციების დახურვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

​ჯერჯერობით ვერ ხერხდება ინფორმაციის დამუშავება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. სააგენტოში ჯერ არ იციან, სისტემაში ჩართულთა შორის რამდენ ადამიანს შეუსრულდა 40 წელი 2018 წლის 6 აგვისტომდე.

  • ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელსაც სამთვიანი სავალდებულო გადახდის შემდეგ, შეუძლია გამოეთიშოს საპენსიო სისტემას;
  • ამისათვის, საჭიროა საპენსიო სააგენტოს სახელზე შესაბამისი განცხადების დაწერა 1 აპრილიდან 31 მაისამდე.
  • თუკი ბევრმა მოინდომა გასვლა, ეკონომისტების აზრით, შესაძლოა, საპენსიო სისტემა მნიშვნელოვნად დაზარალდეს.

საპენსიო ფონდის დირექტორი ლევან სურგულაძე იმედოვნებს, რომ 40-წელზე უფროსი ასაკის ადამიანების დიდი ნაწილი არ დახურავს პირად ანგარიშს საპენსიო ფონდში.

„არა მგონია, რომ ბევრი გამოეთიშოს, რადგან ჩვენ მაქსიმალურად მივაწოდებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს ძალიან კარგია მათთვის. იმედი გვაქვს, რომ ცოტა ადამიანი წავა“, - უთხრა სურგულაძემ რადიო თავისუფლებას.

საპენსიო თანხების დაგროვების პირველი თვის, იანვრის, ზუსტ მაჩვენებლებს სააგენტო 10-15 თებერვლისთვის შეაჯამებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG