Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავითიანი - სოფელი, სადაც სახელმწიფოში ცხოვრების განცდა არ აქვთ


სოფელი დავითიანი
სოფელი დავითიანი

„ჩვენ იცი, როგორ ვცხოვრობთ? - არ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ სახელმწიფოში ვართ“, - გვეუბნება მერაბ მაჩაბლიშვილი, რომელიც პენსიონერ ცოლთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში ცხოვრობს.

ლაგოდეხიდან დაახლოებით 12 კილომეტრში და ცენტრალური ავტომაგისტრალიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარე სოფელში 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. 60%-მდე ეთნიკური რუსია, 30% ქართველები და 10% მალაკნები. მოსახლეობა სოფელში ელემენტარული პირობების შექმნას ითხოვს - ნორმალურ გზას, ბუნებრივ აირს, ბაგა-ბაღს და ხელმისაწვდომ პირველად ჯანდაცვას.

სოფელი დავითიანი
სოფელი დავითიანი

მერაბ მაჩაბლიშვილი, რომელიც დავითიანში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალქეა, განსაკუთრებით მაშინ ღიზიანდება, როცა მთავრობის წარმომადგენლებისგან ესმის, რომ ამა, თუ იმ საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა. „თუკი რეიტინგებში წინ ვართ და პირადად ჩემთვის არაფერი შეიცვალა, საერთო სოციალური მდგომარეობა მაინც ხომ უნდა შეიცვალოს?!“ - გვითხრა მერაბ მაჩაბლიშვილმა და საუბარი დანგრეული გზის შესახებ განაგრძო: „როგორ უნდა მყავდეს ტრანსპორტი ევროსტანდარტების, როცა ასეთი გზებია? სულ გვეუბნებიან, რომ იქნება გზაც, ასფალტიც, გაზიც, წყალიც, სიმდიდრეც ოღონდ კი ხმა მოგვეცითო. ასეთი საუბარი მთავრობასთან უკვე 30 წელია გრძელდება“.

დავითიანის გზა იმდენად დაზიანებულია, რომ ცენტრალური ავტომაგისტრალიდან, მასთან სიახლოვის მიუხედავად, სოფლამდე ავტომანქანით მისასვლელად სულ მცირე 20 წუთი სჭირდებათ.

დავითიანში გაზის მილები 2018 წელს შეიყვნეს, უბნებიც დაიქსელა, თუმცა სოფლის მოსახლეობამ არ იცის, როდის მოხდება მრიცხველების დამონტაჟება და როდიდან შეძლებენ ბუნებრივი აირით სარგებლობას. სოფელში მყარი საწვავის მოპოვება უჭირთ, რადგან ახლოს ტყეკაფი არ არსებობს, საკმარისი შეშის ყიდვას კი, სიძვირის გამო ვერ ახერხებენ.

სოფელი დავითიანი
სოფელი დავითიანი

მარინა დიდებულიძე, რომელიც თბილისიდან დავითიანში საცხოვრებლად 15 წლის წინ ჩავიდა, გვეუბნება, რომ მხოლოდ სუფთა ჰაერის და მშვიდი გარემოს პრობლემა არ აქვთ. დავითიანში მხოლოდ არასრული საჯარო სკოლა და ერთი მაღაზია აქვთ. სოფელი ცოდნისკარის თემში შედის. ამბულატორია სოფელ ცოდნისკარშია. დავითიანის მცხოვრებნი ამბობენ, რომ მთლიანად მოშლილი საგზაო ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის არარსებობის გამო ხშირად ექიმთანაც ვერ მიდიან.

ქალები, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, უპირველეს პრობლემად ბაგა-ბაღის არაარსებობას ასახელებენ. „ბავშვები მთელი დღე სახლში არიან. ბაღი რომ იყოს, შვილებს მივიყვანდი და რაღაც სამუშაოს ვიშოვიდი. ერთხელ სკოლის ოთახში გახსნეს ბაღი, მაგრამ მალე დაკეტეს. გვითხრეს, ბავშვების რაოდენობა ცოტააო“, - გვეუბნება მარიანა ხლაბუსტოვა.

დავითიანის მცხოვრებთა მიერ დასახელებულ ყველა პრობლემას ადასტურებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი. შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა მაგალითად, გზის დაგება, გვპასუხობს, რომ ამაზე ფიქრობენ, მაგრამ ბიუჯეტში საკმარისი ფული ჯერ არ არის: „როდესაც მუნიციპალიტეტზე 4 მილიონ 375 ათასი ლარია გამოყოფილი(გზებისთვის), რთულია, რომ გადაანაწილო. ვერ ვიტყვი ვადას, თუმცა როგორც კი ფინანსური შესაძლებლობა გაგვიჩნდება, გზას დავაგებთ“.

სოფელი დავითიანი
სოფელი დავითიანი

დავითიანში არც ბაგა-ბაღის გახსნას აპირებენ, სანამ ბავშვების რაოდენობა არ გაიზრდება. არადა, მოსახლეობა ამბობს, რომ ელემენტარული პირობების არქონის გამო სოფელი ხალხისგან იცლება. ერთადერთი, რაც წელს დავითიანში იგეგმება, გაზიფიცირებაა. მერის ინფორმაციით, კომპანია „სოკარი“ გამრიცხველიანებას დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებს.

დავითიანის მცხოვრებნი კი ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება ბუნებრივი აირის, გზისა და ბაგა-ბაღის პრობლემას სოფელს წელსაც არ მოუგვარებს, პროტესტის ნიშნად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG