Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჭიაბერაშვილი სერგეენკოს C ჰეპატიტის პროგრამის რიცხვებით მანიპულაციაში ადანაშაულებს


„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი შემაშფოთებლად მიიჩნევს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს 6 მარტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არსებობს რისკი, რომ 2020 წლისთვის შესაძლოა შეწყდეს c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებითვე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, იტყუება, როდესაც ის ამბობს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 125 000-მა პირმა იმკურნალა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ეყრდნობა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას იმ წერილს, რომელიც მან 2018 წლის 13 დეკემბერს მიიღო და რომლის მიხედვითაც, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით გათვალისწინებულ მკურნალობაში, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჩართულია 51 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან მკურნალობა 48 000-ზე მეტმა დაასრულა.

ჯანდაცვის სამინიტროდან გამოთხოვილი წერილის საფუძველზე, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ოთხი წლის განმავლობაში, სკრინინგის შედეგად 123 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა C ჰეპატიტის სავარაუდო დიაგნოზი, თუმცა, განმეორებითი ე.წ. კონფირმაციული კვლევის შედეგად, დაავადება დაუდგინდა მხოლოდ 64 200 ადამიანს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი თვლის, რომ ჯანდაცვის მინისტრი სკრინინგის პირველადი მონაცემებით მანიპულირებს, როდესაც ამბობს, რომ ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში 125 000-მა ადამიანმა იმკურნალა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის მონაცემებით, დღეს, საქართველოში 15 ათასამდე ადამიანია, რომლებსაც დაუდასტურდა C ჰეპატიტის დიაგნოზი, თუმცა, ისინი მკურნალობის პროცესში დღემდე არ ჩართულან.

მისი თქმით, 2020 წლისთვის პროგრამის დასრულება შეუძლებელია და პროცესის 2022-2023 წლამდე გადაწევის აუცილებლობაზე ლაპარაკობს: „მიზეზებზე ჯანდაცვის სამინისტრომ საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს“.

C ჰეპატიტის მკურნალობა - რა აფერხებთ პაციენტებს?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:25 0:00

ზურაბ ჭიაბერაშვილი თვლის, რომ პროგრამის შეწყვეტის რისკი ჯანდაცვის სამინისტროს ცუდი მენეჯმენტისა და არასწორი საინფორმაციო კამპანიის შედეგია.

ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, მართალია პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს, თუმცა, მისი თქმით, პროგრამის გართულებების გარეშე დასასრულებლად, საჭიროა მეტი შესაძლებლობის გამოყენება და პირველ რიგში, იმ ადამიანების ჩართულობა, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, შესაძლოა, ელიმინაციის პროგრამა 2020 წლისთვის შეწყდეს:

„ჩართულობის მიხედვით გამოდის, რომ დაახლოებით, 125 000 ადამიანს უკვე ვუმკურნალეთ, ახლა დაახლოებით 50 000-მდე გვყავს, ვისაც მკურნალობა სჭირდება, ადრეული სტადია აქვთ და სიმპტომები არ აწუხებთ, ამიტომ ნაკლებად ერთვებიან პროგრამაში”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

2018 წლის 4 სექტემბრიდან c ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვისთვის ვირუსის გენეტიკური ტიპის კვლევის ღირებულებას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, რამაც კვლევების ჯამური ღირებულება 140 ლარით შეამცირა და მაქსიმალური თანხა 160 ლარი გახდა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უნიკალურია მთელს მსოფლიოში და საქართველოში კომპანია „გილეადისა“ და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით ხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG