Accessibility links

"ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ხშირად, ადამიანები როცა ძალადობას სჩადიან, ვამართლებთ - რომ ის იყო ჭანჭიკი"


დავით ჯიშკარიანი, ისტორიკოსი

„ეს არის ერთი მხრივ, მსხვერპლთა გახსენება და მეორე მხრივ, ჯალათებისთვის შეხსენება, რომ ჩვენ ისინი გვახსოვს. არ შეიძლება მსხვერპლი გვახსოვდეს და არ გვახსოვდეს მოძალადე. უბედურება ის არის, რომ ძალიან გვიყვარს მსხვერპლზე ლაპარაკი, რადგან ძალიან კომფორტულია. ჯალათზე საუბარი ყველაზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი რადიო თავისუფლების ეთერში.

30 ივლისს თბილისში, ინგოროყვას N22-ში (საქართველოს სსრ „ჩეკას“ ყოფილ შენობასთან) „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ გამართა საჯარო ღონისძიება, რომლის დროსაც ხმამაღლა წაიკითხეს 1937-1938 წლებში თბილისში მცხოვრებ მსხვერპლთა სახელები და გვარები.

რა თარიღია 30 ივლისი?

„1937 წლის 30 ივლისს, შინსახკომის თანამშრომლებთან დაახლოებით ათდღიანი თათბირის შემდეგ,მაშინდელმა საკავშირო შინსახკომის უფროსმა ნიკოლაი ეჟოვმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცემულიყო ბრძანება 00447, რომელიც იყო მიმართული სოფლებში დაბრუნებული გლეხების, ყოფილი კულაკების წინააღმდეგ იმიტომ, რომ ისინი საბჭოთა ხელისუფლებას უქმნიდნენ საფრთხეს. იმისათვის, რომ დაჩქარებული წესით მომხდარიყო ადამიანების გასამართლება, ამისთვის შეიქმნა ე.წ. განსაკუთრებული "სამეულები“, რომლებსაც არასასამართლო წესით უნდა გაესამართლებინათ ადამიანები".

„ტროიკები“ ძალიან ეფექტიანი გამოდგა. მისი წევრები ორ-სამ წუთში წყვეტდნენ ადამიანის ბედს. „ბედი“ კი უმრავლეს შემთხვევაში გულისხმობდა ადამიანის დახვრეტას, ან ათი წლით გადასახლებას შრომაგასწორებით კოლონიაში:

„ჩვენ ვიღებთ სურათს, რომ ამ ბრძანებამ ადამიანების სიცოცხლე გახადა კონვეერული“.

დავით ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ საქართველოში არ უყვართ ლაპარაკი დამნაშავეებზე:

„„ტროიკის“ წევრები სხვადასხვა დროს, მაგალითად იყვნენ: სერგო გოგლიძე, ბოგდან ქობულოვი, აქვსენტი რაფავა, კანდიდ ჩარკვიანი, ილარიონ ტალახაძე, მოროზოვი, შალვა წერეთელი, ესენი იცვლებოდნენ როტაციის პრინციპით. ამათ გარდა ჩართულები არიან შინსახკომის თანამშრომლები. ისინი ადამიანებს სცემენ, აუპატიურებენ, წამების საშინელ მეთოდებს იყენებენ“.

არაერთი ჯალათი მოგვიანებით თავად ხდებოდა მსხვერპლი. 30 ივლისის ღონისძიებაზე არავის გაურჩევია 1937-38 წლებში თბილისში რეპრესირებულთა მრწამსი და ბიოგრაფია.

„წავიკითხავთ ყველა გვარს, რადგან წარმოუდგენელია თითქმის 22 ათასი ადამიანის გამოხშირვა იმის მიხედვით ვინ თანაუგრძნობდა საბჭოთა კავშირს და ვინ არა.

სწორედ ის არის ტოტალიტარული სახელმწიფოს საშინელება, რომ ხანდახან ის ყველას ერთ ყუთში ჩაყრის“, - თქვა დავით ჯიშკარიანმა „დილის საუბრებში“.

რაზე ვერ ამბობს უარს დღემდე საქართველოს საზოგადოება?

„შინსახკომის თანამშრომლების პრივილეგირება, რაც დაიწყო 1920-იან წლებში, საბჭოთა პერიოდში, დღემდე გრძელდება.

არსი არის ერთი: ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ხშირად, ადამიანები როცა ძალადობას სჩადიან, ჩვენ მათ ვამართლებთ - რომ ის იყო ჭანჭიკი, გადაწყვეტილების მიმღები არ იყო, აბა რა უნდა ექნა?

1937 წლის რეპრესირებულთა შესწავლამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ადამიანები ძალიან დიდ პრივილეგიებს იღებენ ამ ძალადობრივ აქტში მონაწილეობით: ბინებს, კეთილდღეობას, შვილების განათლებით უზრუნველყოფას. ეს პრივილეგიები დღემდე გრძელდება.

თავდახრილი მოსამართლეებისაც არ მწამს. ყოველთვის შეგიძლია ადამიანმა უარი თქვა მონაწილეობაზე“.

Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG