Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათანხმდება თუ არა სააკაშვილი პრევენციულ ჰოსპიტალიზაციას - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 ოქტომბერს


ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა

რუსთავის #12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ექიმთა კონსილიუმმა საღამოს გასცა რეკომენდაცია პრევენციის მიზნით მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ. გაკეთდა განცხადებები იუსტიციის სამინისტროშიც. უწყება ამბობს, რომ ამ რეკომენდაციის სისრულეში მოსაყვანად საჭიროა თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობა.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც. ის განმარტავს: „თუ პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, სამწუხაროდ, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ ის არის საღ გონებაზე. იმედი მაქვს, იქნება მიხეილ სააკაშვილის თანხმობა, რათა მოსალოდნელი გართულებები იყოს მაქსიმალურად დაზღვეული. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა გაითვალისწინოს კონსილიუმის რეკომენდაციები“.

კითხვაზე, როდის არის მოსალოდნელი ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანა, მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ეს შეიძლება მოხდეს შაბათს ან კვირას.

„გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და ყველა ერთ ტალღაზე ვართ - პრევენციული ჰოსპიტალიზაცია. ჯერ არ ვიცით, სად. ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ექსპრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა.

მიხეილ სააკაშვილი მეოცე დღეა შიმშილობს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

სიძულვილი, ზიზღი, დაძაბულობა, ცვლილებები, დაპირებები - პოლიტიკური ველი მეორე ტურის წინ

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის 9 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავარ ამოცანად ისევ „ნაციონალური მოძრაობის“„დასრულება“ რჩება.

აღმასრულებელ ხელისუფლებას, საპარლამენტო უმრავლესობას, სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფსა და ტელეკომპანია „იმედს“ ამჟამად ერთი, დეკლარირებული ამოცანა აერთიანებთ - ხალხს ოპონენტების „სისხლიანი ბოროტება“ შეახსენონ და არ დაუშვან, რომ არჩევნების მეორე ტურში მათ თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტის მერის პოსტი მოიგონ.

19 ოქტომბერს, ბათუმში, პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპონენტები „მკვლელებად“ და „აფერისტებად“ მოიხსენია და მედიის წარმომადგენლებსაც ურჩია: „სააკაშვილს უნდა ელაპარაკოთ მის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე - ტერიტორიების დაკარგვაზე, ადამიანების გაუპატიურებაზე, წამებაზე, ბიზნესების წართმევაზე - ეს უნდა იყოს თქვენი მთავარი საქმე და მთავარი საკითხები“.

ამგვარი განცხადებების ფონზე, როცა ერთმანეთს 2018 და 2021 წლების არჩევნებს ადარებენ, ექსპერტების ერთი ნაწილი, წელს აშკარად ხედავს „უფრო მაღალ ტემპერატურასა“ და „მეტ დაძაბულობას“.

რამ განაპირობა „ოცნების“ „საყოველთაო მობილიზაცია“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე? რა გზავნილები აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ტემპერატურის ზრდასთან ერთად? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

უფასო კვება მოსწავლეებს, საზღვარგარეთ სწავლა სტუდენტებს, მეტი პენსია მოხუცებს - ნიკა მელიას დაპირებები მეორე ტურში

თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ ახალი ბანერები გამოჩნდა. მათზე თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირებებია გამოსახული.

თუკი მელია თბილისის მერი გახდება და თავის დაპირებებსაც შეასრულებს, ყოველ წელს დედაქალაქი 100 თბილისელ სტუდენტს დაუფინანსებს სწავლას „მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში”, თბილისელი პენსიონერები ყოველთვიურად დამატებით 100 ლარს მიიღებენ, თბილისელი მოსწავლეები კი სკოლებში უფასოდ შეჭამენ.

მმართველი პარტია იმ დაპირებების გამო, რომელიც სცილდება ქალაქის მმართველობის ფარგლებს, კონკურენტს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს, მელია კი პასუხობს, რომ მომავალში ექნება საშუალება ახსნას, როგორ აპირებს ამ მიზნების მიღწევას მერის პოსტზე.

ყველაზე დიდი ვნებათაღელვა სკოლებში უფასო კვების შესახებ გაცემულმა დაპირებამ გამოიწვია. ზოგს ამ დაპირებამ განათლების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა გაახსენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად თვლიდა მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგებას, ზოგს კი ახალგაზრდა ლეიბორისტების 2019 წლის მიმართვა. მაშინ პოლიტიკოსები პარლამენტს სთხოვდნენ, სკოლებში ბავშვების ერთჯერადი კვება დაეფინანსებინათ.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

ნიკა მელია გუნდს და პროგრამას დღეს წარადგენს

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი დღეს წარადგენს თავის გუნდს და პროგრამას. ამის შესახებ ნიკა მელიამ ფეისბუკზე დაწერა:

„კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული გუნდი თბილისის სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება. ამის შესახებ ხვალ დეტალურად ვისაუბრებთ. იქნება ეს 100 ლარიანი დანამატი პენსიაზე, თუ უფასო კვების პროგრამა თბილისის საშუალო სკოლებისთვის, ქალაქის ეკონომიკური განვითარება ან ინფრასტრუქტურა. ყველაფერი რაც გაცხადდა და ბევრად მეტი დეტალურად ხვალ“, - წერს მელია.

გუშინ, არჩევნებამდე თერთმეტი დღით ადრე, მელიამ თავის კონკურენტს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს სატელევიზიო დებატებიც შესთავაზა.

ამ შეთავაზებას იმავე დღეს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე. მისი თქმით, აზრს ვერ ხედავს ისეთ კანდიდატთან დებატებში, რომელსაც „ხედვა და პროგრამა არ გააჩნია“.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

არჩევნებზე აგიტაციის წესის დარღვევისთვის კახა კუჭავას მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცეს

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე სააგიტაციო წესების დარღვევისთვის პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა. მოსამართლემ არ გამოიყენა კანონის ნორმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში დარღვევით მონაწილეობისთვის პირი 2000 ლარით ჯარიმდება.

საქმე ეხება არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე კახა კუჭავას პირბადეზე გამოსახულ „ქართული ოცნების“ სიმბოლიკას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ეს სერიოზული კანონდარღვევაა და მოსამართლის გადაწყვეტილება უკვირთ. სწორედ ამ ორგანიზაციამ დაწერა არჩევნების დღეს ამ ფაქტის შესახებ საჩივარი.

„კახა კუჭავა არჩევნების დღეს უბანზე ქართული ოცნების სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა და კანონი დაარღვია. მისი ქმედება უბანზე აგიტაციას წარმოადგენს და ისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით. ეს იმდენად ცალსახა დარღვევა იყო, რამდენიმე დღის წინ საიას წარდგენილ საჩივარზე მსჯელობისას, ცესკომ კუჭავას წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. სხვა რეაგირებას არც ველოდით. დღეს სასამართლომ ამ ოქმთან დაკავშირებით იმსჯელა და სრულიად "მოულოდნელად", კუჭავას ქმედება მცირე მნიშვნელობის გადაცდომად შეაფასა და ჯარიმის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა“, - დაწერა საია-ს წარმომადგენელმა, ნონა ქურდოვანიძემ ფეისბუკზე.

წაიკითხე მეტი.

ლოიდ ოსტინის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო და ის ხელს უშლის მის მოგვარებას

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, რომელიც კიევში იმყოფება ვიზიტით, რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებასა და კონფლიქტის გაგრძელებაში.

„ეს ომი რუსეთმა დაიწყო და რუსეთი უშლის ხელს მის მოგვარებას“, თქვა ოსტინმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კიევში ჩასვლის შემდეგ ოსტინმა ტვიტერში დაწერა, რომ მისი ვიზიტის მიზანია, მხარდაჭერა გამოუხატოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გამოთქვას მზადყოფნა, დაეხმაროს მას მომავალში რუსეთის აგრესიის მოგერიებისთვის საჭირო შესაძლებლობების განვითარებაში.

წაიკითხე მეტი.

„COVID-19 აღარ არის კრიტიკული საფრთხე” - როგორ შეძლეს სხვა ქვეყნებმა?

მაშინ როცა საქართველოში საავადმყოფოები სავსეა კოვიდპაციენტებით, ყოველდღიურად 40-ზე მეტი ადამიანი იღუპება, 30 000 ათასის მაგივრად დღეში 3 000-მდე აცრა კეთდება და მხოლოდ 48% ატარებს პირბადეს, არსებობენ ქვეყნები, სადაც პანდემია პირველი რიგის პრობლემა აღარ არის და ხალხი ცხოვრების ძველ რიტმს უბრუნდება.

„ვერცერთმა ქვეყანამ ვერ დაამარცხა პანდემია, უბრალოდ ქვეყნებმა დაიწყეს მისი მართვა. ორი გზა არსებობს, დიქტატორული - ჩაკეტო ყველა ადგილი, სადაც ინფიცირებული გამოჩნდება, ან დემოკრატიული, პირბადეებისა და აცრების მეშვეობით მიაღწიო შედეგს“, - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

მილიარდნახევრიან ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში, ახლა კოვიდინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მცირე მაჩვენებლები ფიქსირდება, Worldometers-ის მონაცემებით, მხოლოდ 516 ადამიანია დაინფიცირებული.

მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში პირველმა ქვეყანამ ეს შედეგი შეზღუდვებითა და ვაქცინაციით მიიღო.

როგორ შეძლეს სხვა ქვეყნებმა პანდემიის მართვა, წაიკითხე ვრცლად ანი ბურდულის სტატიაში.

ბოლო დროს აცრის მოწინააღმდეგეები არგუმენტის სახით იშველიებენ ისრაელში ჩატარებულ კვლევას, რომელიც „ვაშინგტონ პოსტის“ ერთ სტატიაშია აღწერილი. ამ კვლევის თანახმად, კოვიდგადატანილ ადამიანებს უფრო ძლიერი იმუნიტეტი გამოუმუშავდათ, ვიდრე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებს. აცრის მოწინააღმდეგეებს შორის პოპულარული გახდა ე.წ. ბუნებრივი იმუნიტეტის თემა, რომელსაც ჩვენთან საუბარში ექიმი მაია ბუწაშვილი შეეხო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG