Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათა ვანიშვილის შვილიშვილი ოკუპირებული ტერიტორიიდან კიდევ ერთხელ გამოიქცა


მალხაზ კურტაევი
მალხაზ კურტაევი

დილის 6 საათი ხდებოდა. მახო ტელეფონზე დაყენებულმა მაღვიძარამ გააღვიძა. ვალია ბებომ და დათა პაპამაც გაიღვიძეს. ჯერ მე გავიხედავო, უთხრა ვალია ბებომ. მოხუცი ეზოში გავიდა და ტერიტორია მოათვალიერა. ამასობაში მახომ თათიას ტანსაცმელი და თავისი ნივთები ერთ პატარა ჩანთაში მოათავსა. ვალია სახლში შებრუნდა და უთხრა, რომ გარეთ არავინ ჩანდა. ამის შემდეგ მახო გავიდა ეზოში და ქვემოთ, რუსების სათვალთვალო ჯიხურისკენ გაიხედა. სიწყნარე იყო, გარშემო არავინ ჩანდა. ჩანთას ხელი დაავლო, ერთგან, მავთულხლართის ჩაზნექილ ღობეზე სწრაფად გადახტა, სახლისკენ კიდევ ერთხელ გაიხედა, კარში ვალია ბებო იდგა და შეშინებული თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა. სამშვიდობოს გასულმა მახომ ბებოს ხელი აუწია და ხურვალეთისკენ მიმავალ გზას დაუყვა. გზაში ქართველი პოლიციელები დახვდნენ და ხურვალეთის განყოფილებაში გამოკითხვაზე წაიყვანეს. პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ კი კურტაევმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ცხოვრება.

„მუდმივად ზეწოლის ქვეშ ვიყავი. ვიდეოს მიღებდნენ და მაიძულებდნენ, რომ საქართველოსთვის შემეგინებინა. მე მინდა, რომ საქართველოში ჩემ ცოლ-შვილთან ვიცხოვრო. შევეხვეწები მთავრობას, რომ როგორმე ერთი თავშესაფარი მომცენ. იქით კიდევ ერთხელ რომ გადავიდე, ჩამსვამენ ციხეში ან მომკლავენ“.

მალხაზის გამოქცევიდან ცოტა ხანში დათა ვანიშვილის სახლში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მივიდნენ და მახოს ძებნა დაიწყეს.

„მოვიდა აქა რუსი. მახო სად არისო, ეძებდა. გავაგდე მე. პირდაპირ სახლში იჭრებიან, ვერ გავიგე, რას გადაეკიდნენ. აღარ შეგვიძლია. აღარ შეგვიძლია. დათა პაპაც ლოგინში წევს, რა გავაკეთოთ არ ვიცით“, - ამბობს მალხაზ კურტაევის ბებო, ვალია ვანიშვილი.

დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ კურტაევი ბოლო ორი დღის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლას უშედეგოდ ცდილობდა, საოკუპაციო ძალების თვალთვალის გამო იგი ამას ვერ ახერხებდა. დღეს გამთენიისას კი მან მავთულხლართებზე გადმოსვლა მოახერხა. 19 იანვარს კურტაევმა მომწამვლელი ნივთიერება დალია და ცხინვალის საავადმყოფოში მოხვდა. იქიდან დაბრუნებულმა კი რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ ცოლის გამოძევება და მასზე განხორციელებული ზეწოლა ვეღარ აიტანა.

„ეს ყველაფერი ჩემი მეუღლის გამო გავაკეთე. ჩემს მეუღლესთან თუ არ ვიქნები და არ შევერთდებით, ჩემი ცხოვრება არაფერია. ვნერვიულობ, ჩემი ცოლი თვეზე მეტია არ მინახია და ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ მასთან არ ვიქნები? რუსების და ოსების ხელში, მუქარის და თვალთვალის გამო ძალიან ძნელია.“

რადიო თავისუფლებისთვის 20 იანვარს მიცემულ ინტერვიუში კურტაევმა იმ ზეწოლაზეც ისაუბრა, რასაც საოკუპაციო ძალების მხრიდან მუდმივად განიცდიდა.

„აქა რუსების უფროსის მოადგილე არის ერთი დაღესტანელი, 9 დეკემბერს მოვიდა, მე და თათია წაგვიყვანა მავთულებთან, ღობეზე ჩემი ორსული ქალი გადავსვი, საქართველოს მხარეს გადაგვიყვანა, ისევ გადმოგვიყვანა და ფოტოებს და ვიდეოებს მიღებდნენ, აი საზღვარი დაარღვიეო, ასე რამდენჯერმე ორსული ქალი ღობეზე გადავსვი, გადმოვსვი. ამ ვიდეოზე და ფოტოებზე კიდევ აფიქსირებდნენ, რომ ვითომ მაშინ შემოვდივარ საზღვარზე. მერე სახლში მუქარებზე გადავიდა. - მიდი, ახლა ქართველებს შეაგინეო, ოსურად შეაგინეო. მე ქართველებმა კარგის მეტი არაფერი გამიკეთეს, მაგრამ იძულებული გამხადეს და შემაგინებინეს. არ დავმალავ ამას. ეს მოხდა მუქარის და შანტაჟის გამო. შეურაცხყოფას და თვალთვალს ვეღარ ვიტანდი. ახალგორში წამიყვანეს მერე კარანტინში. 9 დღემდე იქ დაგვტოვეს. ამათ კაგებეს რომ ეძახიან, ეგენი მოვარდნენ და ჩემი ცოლი წივილ-კივილით მიჰყავდათ. გავეკიდე - სად მიგყავთ ჩემი ცოლი-მეთქი. საავადმყოფოში ხმაური ავტეხე, რატომ მართმევთ ცოლს-მეთქი. ვინ მომისმინა, თათია ქართულ მხარეს გადასცეს. მე შინა პატიმრობა მომისაჯეს თებერვლამდე.“

17 დეკემბერს, როცა ოკუპირებული ტერიტორიიდან მალხაზ ვანიშვილს ცოლი გამოუძევეს, ცხელი ხაზის მეშვეობით დე ფაქტო ხელისუფლებამ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აცნობა, რომ მალხაზ კურტაევმა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიიღო და იქ დარჩენას აპირებდა. აი, რას ამბობს ამის შესახებ მალხაზ კურტაევი.

ოსებმა გამივრცელეს მერე, რომ თითქოს უარი ვთქვი საქართველოს მოქალაქეობაზე და ცხინვალის მოქალაქეობას ვიღებდი. არაფერი ეგეთი არ ყოფილა. მე ცხინვალის მოქალაქეობა ისედაც მქონდა დიდი ხნის წინ აღებული. 2015 წელს მომცეს. აქ ორ ნაბიჯში რომ გავსულიყავი, პასპორტს მთხოვდნენ და სხვა გზა არ მქონდა, გავაკეთე. საქართველოს პირადობაც მქონდა და ახლა რუსებმა ყველა საბუთი ჩამომართვეს, პირადობაც, დევნილობის მოწმობაც და სხვა საბუთები, ყველაფერი წამართვეს. მე არ მითქვია საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და არასოდეს ვიტყვი. ჩემ ცოლს რახან არ უშვებენ აქეთ, მე თვითონ ისევ ვფიქრობ გადმოსვლასა. მე საქართველოზე უარს არასოდეს ვიტყვი“.

მალხაზ კურტაევი ოკუპირებული ტერიტორიიდან ცოლთან ერთად მანამდეც გამოიქცა. ეს გასული წლის ივნისში მოხდა. მაშინაც საოკუპაციო ძალების მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო. ცოლის ნათესავებთან რამდენიმე თვე, რთულ პირობებში იცხოვრა. მოგვიანებით გაიგო, რომ დათა პაპა ცუდად გახდა და მის მოსავლელად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისევ გადავიდა, ცოლიც წაიყვანა, მაგრამ მასზე ზეწოლა კვლავ გაგრძელდა. 17 დეკემბერს ცოლი გამოუძევეს, მას კი შინაპატიმრობა თებერვლამდე მიუსაჯეს. თუმცა მალხაზმა სოფლის არაოკუპირებულ ნაწილში გადმოსვლა მაინც მოახერხა.

იანვრის ბოლომდე მალხაზ კურტაევი და თათია ადიკაშვილი შვილის დაბადებას ელოდებიან. მძიმე რჩება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი დათა ვანიშვილის მდგომარეობაც. მისი ცოლის თქმით, ექიმი ხშირად აკითხავს, მაგრამ მოხუცი ფეხზე ვეღარ დგება. ვალია ვანიშვილი ამბობს, რომ ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაშია.

მალხაზ ვანიშვილის და თათია ადიკაშვილის პრობლემებით დაინტერესებულები არიან უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავენ სახალხო დამცველის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის“ ცენტრის თანამშრომლები. გარდა ამისა რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი ხდება, რომ დევნილი, ახალშეუღლებული წყვილისთვის სახელმწიფოც გეგმავს დახმარების გაწევას და ბინით უზრუნველყოფას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG