მიქანაძის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა „ფაქტობრივად, უფასო ხდება“, კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში კი სტუდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს დაფინანსებას, თუკი მთავრობა ჩათვლის, რომ „დამატებითი საჭიროება“ არსებობს.
„[მომავალი წლიდან ვინც ჩააბარებს, მათთვის] რაიმე ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც, სადაც გრანტს რომ მოიპოვებოდნენ, მოხდებოდა ჩარიცხვა...
მოცემულობა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ჩვენ ამ საჭიროებების მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სახელფასო საკითხებთან, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან და ა.შ.“ - თქვა გივი მიქანაძემ „რუსთავი 2-ში" საუბრის დროს.
21:30 - განახლება: მოგვიანებით სამინისტროს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ კომენტარში გივი მიქანაძე ამბობს, რომ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე - მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე - შეზღუდვა არ გავრცელდება და მათ სწავლის ბოლომდე დაფინანსება შეუნარჩუნდებათ.
მას არ ულაპარაკია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:
- შემცირდება თუ არა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების კვოტები;
- დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ხომ არ გაიზრდება კერძო უნივერსიტეტებში სწავლების საფასური.
დღეს არსებული საგრანტო დაფინანსებით, სტუდენტს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს, იმის მიუხედავად, რომელ უნივერსიტეტში აბარებს, აქვს სახელმწიფო დაფინანსების მიღების შანსი.
უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ მოქმედი განათლების სისტემა ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს და რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „ამბიციური მიზანი“, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იმავენაირი განათლება, როგორსაც უცხოეთში იღებენ.
„ქართული ოცნების“ მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“.
რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას.
ფორუმი