Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიცავს თუ არა პერსონალურ მონაცემებს ელექტრონული სამედიცინო ისტორია


15 იანვრიდან ჯანდაცვის სისტემა ეტაპობრივად გადადის ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დიაგნოზი, სამედიცინო პროცედურა თუ ექიმის ჩარევა პაციენტის ელექტრონულ ისტორიაში აისახება. ისტორიის ნახვა შეეძლება პაციენტს და ექიმს. ამგვარად, კლინიკაში მისვლისას მოქალაქეს აღარ მოუწევს სამედიცინო ისტორიის თავიდან შევსება. პორტალზე განთავსებული ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება, - ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო.

რისთვის იქმნება ახალი სისტემა

ელექტრონულ სამედიცინო ბაზაში ჩაიწერება ისეთი პროცედურები, როგორიცაა ვაქცინაცია, გაკეთებული ვაქცინის სახელწოდება, მასზე რეაქცია, ექიმის კომენტარი, სკრინინგი, ორსულობა, მშობიარობა და სხვა.

სიახლე ამ თანმიმდევრობით ამოქმედდება: 15 იანვარს ელექტრონულ სამედიცინო ბაზაში თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ჰოსპიტალური სექტორი ჩაერთვება, 1 მაისიდან კი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებული გახდება სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეების ინფორმაცია გადასცეს სისტემას. 1 სექტემბრიდან ბაზას ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი ისტორიებიც დაემატება.

ოკუპირებული ტერიტორიების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტრო ამბობს, რომ სისტემის შექმნას 4 ძირითადი მიზანი აქვს:

  • დოკუმენტაციის შეგროვება;
  • სამედიცინო ისტორიის შენახვა;
  • მოქნილი სისტემის შექმნა სამედიცინო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის სწრაფად გასაცვლელად; მონაცემების ანალიზი.

ელექტრონულ სამედიცინო ბაზაში ჩაიწერება ისეთი პროცედურები, როგორიცაა ვაქცინაცია, გაკეთებული ვაქცინის სახელწოდება, მასზე რეაქცია, ექიმის კომენტარი, სკრინინგი, ორსულობა, მშობიარობა და სხვა.

ბაზა მონაცემებს ინახავს პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე და გარდაცვალებიდან 15 წლის განმავლობაში.

ვინ დაიცავს პერსონალურ მონაცემებს

სამედიცინო მომსახურებით სარგებლობისა და სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს მოქალაქის პერსონალურ მონაცემს. ჯანდაცვის სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის საჭიროება დგება პაციენტის მიღების მომენტიდან. სამედიცინო ისტორიის დაცულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი სისტემის წარმატებით ფუნქციონირებისთვის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ამბობს, რომ პროექტი სავსებით შეესაბამება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონს. ის ამბობს, რომ ბაზაში შესვლა პაციენტს პირადი ნომრით შეეძლება, თუმცა დამატებით საჭირო იქნება კიდევ ორზე მეტი საიდენტიფიკაციო მონაცემის შეყვანა.

გვერდზე შესასვლელად პაციენტი რეგისტრირებული უნდა იყოს სისტემაში. მომხმარებლის სახელი და პაროლი ავტომატურად გენერირდება მის შესახებ სისტემაში პირველი ინფორმაციის გაჩენისთანავე. პაციენტს თავის გვერდზე შეეძლება ნახოს თავის შესახებ ინფორმაცია და ის, თუ როდის და ვის მიერ გაჩნდა ჩანაწერი სამედიცინო ისტორიაში.

პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაფაროს ან ხელმისაწვდომი გახადოს.მას ასევე შეუძლია ექიმს მოსთხოვოს უკვე არსებული ჩანაწერის დაფარვა სრულად ან ნაწილობრივ. ეს ის მიმართულებებია, რომლებიც სამინისტრომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტებისგან რეკომენდაციების სახით მიიღო.

თავად პაციენტს შეუძლია აკონტროლოს, რა ინფორმაცია იქნება დაფარული და რა გამოჩნდება. ყველასთვის, ვინც ხმარობს კომპიუტერს, პროგრამაში მუშაობა არ იქნება რთული.
მიხეილ ჩხაიძე

ჯანდაცვის სამინისტრომ პროექტის განხორციელებამდე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატთან გაიარა კონსულტაცია. რადიო თავისუფლებასთან კომენტარში ინსპექტორის აპარატი განმარტავს, რომ მათი შენიშვნები პროექტის განხილვის პროცესში შეეხებოდა სისტემაზე წვდომის დონეებს, დამუშავებული მონაცემების მოცულობას და პროცესში ჩართული სუბიექტების წრეს.

ჯოენის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ჩხაიძე ფიქრობს, რომ სისტემა სამედიცინო დაწესებულებებს მუშაობას გაუმარტივებს, მოქალაქეებისთვის კი ის მარტივად გამოსაყენებელი იქნება.

„თავად პაციენტს შეუძლია აკონტროლოს, რა ინფორმაცია იქნება დაფარული და რა გამოჩნდება. ყველასთვის, ვინც ხმარობს კომპიუტერს, პროგრამაში მუშაობა არ იქნება რთული“, ამბობს კლინიკის დირექტორი.

რამდენად დაცული იქნება მოქალაქეების სამედიცინო ჩანაწერები და როგორ მოახდენენ სამედიცინო დაწესებულებები ახალ სისტემაზე გადასვლას, ეს სამ თვეში გამოჩნდება. სწორედ აპრილამდე გაგრძელდება სატესტო ვადა იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც ბაზას პირველები მიუერთდნენ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG