Accessibility links

დაიცავს თუ არა სკოლა და ათასობით მოსწავლე ახალ წესებს?


15 სექტემბერს სწავლა ახალი წესებით უნდა დაიწყოს - განათლების სამინისტრომ სკოლებს მისცა თავისუფლება თავად განსაზღვრონ, როგორ შეასრულებენ რეკომენდაციებს და პროცესის კონტროლიც მათვე დააკისრა. თუმცა ერთი თვით ადრე სწავლის დაწყებამდე, არაერთი მშობელი შიშობს, რომ სკოლებისთვის დადგენილი ახალი წესები რეალურად არ იმუშავებს - მათი აზრით, ბავშვები, რომელთაც პირბადის ტარება არ ევალებათ ვერ დაიცავენ დაწესებულ ერთმეტრიან დისტანციას და სკოლა, შესაძლოა, ვირუსის აფეთქების ადგილად იქცეს.

რას პასუხობს ამაზე თავად განათლების სამინისტრო?

არიან თუ არა სკოლები მზად ამ ახალი წესების შესასრულებლად? და რას ეყრდნობა რეკომენდაცია, რომ სკოლაში ასობით ბავშვისთვის პირბადე სავალდებულო არ არის? რადიო თავისუფლებამ ამ და სხვა კითხვებით მიმართა განათლების მინისტრის მოადგილეს, ეკა დგებუაძეს.

რადიო თავისუფლება: სასწავლო წლის დაწყებისთვის აუცილებელი ახალი წესები, რაც კოვიდ 19-ის პანდემიით არის გამოწვეული, უკვე ცნობილია, მაგრამ საინტერესოა, როგორ შეხვდნენ ამ სავალდებულო წესებს სკოლები, მზად არიან ამ წესების დასაცავად?

ეკა დგებუაძე: ეს წესები სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობით შემუშავდა. პროცესს სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ. ცხადია, 2083-ვე სკოლა ამ პროცესში ჩართული ვერ იქნებოდა, ამიტომ, სხვადასხვა ტიპის სკოლები შევარჩიეთ, განსხვავებული საჭიროებებით და მათ თავად უნდა გადაწყვიტონ და დაალაგონ სასწავლო პროცესი ისე, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული რეგულაციები დაიცვან.

რადიო თავისუფლება: ანუ სკოლები დამოუკიდებლად გადაწყვეტენ როგორ წარმართონ პროცესი. რამდენი ცვლა დანიშნონ და გაკვეთილის ხანგრძლივობა რა იყოს. თუმცა, ყველა სკოლას არა აქვს შესაძლებლობა, რომ იქ დაცული იყოს ერთმეტრიანი დისტანცია - ასეთ შემთხვევაში, ხომ არ იცით, რა გეგმა აქვთ ამ სკოლებს?

ეკა დგებუაძე: ამ საკითხის გარშემოც ბევრი ვიმსჯელეთ და ჩავთვალეთ, რომ I-IV კლასის მოსწავლეებმა სკოლაში უნდა იარონ, ზედა კლასების შემთხვევაში კი, სკოლებს მოქნილობის შესაძლებლობა მივეცით. ამ დისტანციის დაცვა შესაძლებელია სხვადასხვა გზით, შეიძლება მოსწავლეების ნაწილმა სწავლა დაიწყოს 9-ის ნახევარზე, მეორე ნაწილმა - 9 საათზე, ჯგუფების მიხედვით დაიყოს ისე, რომ სკოლაში შესვლის და სიცხის გაზომვის პროცესი იყოს უმტკივნეულო.

სკოლას ასევე შეუძლია თავად დაარეგულიროს გაკვეთილის ხანგრძლივობა, განსაზღვროს, რომ ყველას ერთ დროს არ ჰქონდეს დასვენება. და დასვენებაც, მაქსიმუმ, 10 წუთი იქნება. მაღალ კლასებში - შერეული მოდელი შეუძლიათ გამოიყენონ და სამი დღე იარონ სკოლაში, დანარჩენი ორი - დისტანციურად ისწავლონ. გამოიყენონ შაბათი დღეც. ეს მოქნილობა სკოლებს იმიტომ მივეცით, თავიანთ საჭიროებებს მოარგონ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები.

რადიო თავისუფლება: განათლების სამინისტრო ამ პროცესში რა ფორმით იქნება ჩართული?

ეკა დგებუაძე: სამინისტრო ყიდულობს საჯარო სკოლებისთვის საჭირო ინვენტარს, სადეზინფექციო ხსნარს, თერმომეტრებს, დეზობარიერებს. კერძო სკოლებმა ეს საკითხი თავად უნდა მოაგვარონ. ახლა ვამოწმებთ, ვის რა ბიუჯეტი აქვს, რომ სკოლებში მუდმივად იყოს საპონი, ქაღალდი და ა.შ.

რადიო თავისუფლება: მშობლებს აწუხებთ და აინტერესებთ, როგორ მოხერხდება სკოლის დალაგება ხშირად, ასევე, საკლასო ოთახების განიავება მაშინ, როცა ზოგ სკოლას, რომელშიც 1500 მოსწავლე სწავლობს, მხოლოდ 2 დამლაგებელი ემსახურება?

ეკა დგებუაძე: დამლაგებლების საკითხიც განხილვის პროცესშია, სად შეიძლება რომ დავამატოთ კადრები.

რადიო თავისუფლება: კითხვები გააჩინა იმანაც, რომ მოსწავლეებისათვის არ არის სავალდებულო სკოლაში პირბადის ტარება. რით აიხსნება ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება ყველას ევალება? თუ ბავშვი მოთხოვნილ ერთმეტრიან დისტანციას ვერ დაიცავს, მაშინ პირბადის გარეშე ყოფნა რამდენად უსაფრთხოა?

ეკა დგებუაძე: ყველა ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო რეკომენდაციებს დაეფუძნა. მაგალითად დისტანცია - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა ბოლო მონაცემებით საჭიროა სწორედ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა. ამას გვკარნახობს ის ორგანიზაცია, ვინც ამ პოლიტიკას მართავს.

რაც შეეხება პირბადეს, ჩვენ წავიკითხეთ საერთაშორისო კვლევები, სადაც წერია, რომ ვირუსის გადადების ყველაზე ნაკლები საფრთხე არის სკოლებში. ეს ციტატაა ამ კვლევებიდან და არა ჩვენი დასკვნა. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიაჩნია, რომ ბავშვებს გაუჭირდებათ პირბადის ტარება წესების დაცვით. შეიძლება ბავშვს პირბადე დაუვარდეს, გაჭუჭყიანდეს, მერე ისევ გაიკეთოს და ეს უფრო გახდეს დაავადების გავრცელების წინაპირობა. მათაც მიიჩნიეს, რომ უმჯობესია, სავალდებულო არ იყოს პირბადე. თუმცა, თუ ბავშვს სურს ატაროს ის, შეუძლია თან ჰქონდეს და გაიკეთოს. ეს აკრძალული არ არი.

რადიო თავისუფლება: როგორ გააკონტროლებთ დადგენილ წესებს? სკოლის ადმინისტრაციას ენდობით?

ეკა დგებუაძე: ამაზეც ბევრი ვიმსჯელეთ. სკოლა ძალან ბევრია და ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ მათ გაუჭირდებათ ყველა სკოლის მონიტორინგი. ამიტომ მონიტორინგზე პასუხისმგებელი იქნება სკოლის ადმინისტრაცია და ასევე, საგანმანათლებლო რესურსცენტრები.

რადიო თავისუფლება: თუ განიხილავს განათლების სამინისტრო იმ საკითხს, რომ ამ ახალი წესებით სწავლის დაწყება მხოლოდ დროებითი შეიძლება იყოს და მეორე ტალღის შემთხვევაში, სკოლა ისევ დაიკეტოს?

ეკა დგებუაძე: ჩვენ ვმოქმედებთ და ვლაპარაკობთ იმ მოცემულობაზე, რაც დღეს აქვს ქვეყანას. რა იქნება ხვალ - არ ვიცით. ამიტომ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუ საჭირო გახდება ისევ ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლა და ამას გვეტყვიან შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, ჩვენ მოგვიწევს იმ რეკომენდაციებს მივყვეთ, რასაც დაგვიწესებენ. განათლების სამინსტრო ამას მარტო ვერ გადაწყვეტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG