Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო “გარდაბნის თბოსადგურ 2"-ის მშენებლობა


გარდაბანი
გარდაბანი

30 მაისსს გარდაბანში, წლების წინ განადგურებული რუბეროიდის ქარხნის ტერიტორიაზე, 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის, შპს “გარდაბნის თბოსადგურ 2"-ის, სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

სააქციო საზოგადოება "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის " გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე განაცხადა, რომ კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2019- 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. მშენობლობა 159 მილიონი აშშ დოლარი ღირს და მას ჩინური კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC) განახორციელებს.

China Tianchen Engineering Corporation (TCC), მსხვილი საინჟინრო ინდუსტრიული კორპორაცია,1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამჟამად კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.

თბოელექტროსადგურის მშენებლობა
თბოელექტროსადგურის მშენებლობა

საქართველოში ჩინური კორპორაციის პარტნიორია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, რომელიც საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაციას ეწევა, მათ რეაბილიტაციას ახდენს და ახლით ცვლის. კომპანია ჩართულია ელექტროენერგიის გენერაციაში, ნავთობ-გაზის ტრანსპორტირებასა და სხვა ენერგეტიკულ პროექტებში. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" აქტივებს სს „საპარტნიორო ფონდი" განკარგავს.

თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიალში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე საქართველოს ენერგოექსპერტები და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენელები.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გუშინ "ჩინეთის ეროვნული ქიმიური საინჟინრო კორპორაციის" წარმომადგენლებს საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების შესაძლებლობაზე ესაუბრა. მან აღნიშნა ასევე ჩინეთის ბაზრის როლი საქართველოს ეკონომიკისთვის. "ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. მას გაცილებით დიდი პერსპექტივა აქვს", თქვა გიორგი კვირიკაშვილმა. "ჩინეთის ეროვნული ქიმიური საინჟინრო კორპორაციის" თავმჯდომარე ტაი ხ გენმა, რომელიც, ასევე დაესწრო ოფიციალურ ცერემონიალს, თქვა, რომ "საქართველოში ენერგორესურსებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. აღნიშნული ელექტროსადგურის პროექტის დასრულების შემდეგ ის იქნება საქართველოს ელექტროენერგიის წყაროს გარანტი".

დღესვე "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა" და "ჩინეთის ეროვნულ ქიმიურ საინჟინრო კორპორაციას" შორის გაფორმდა მემორანდუმი ქიმიური მრეწველობის დარგში თანამშრომლობის შესახებ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG