Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამარცხდა თუ გაიმარჯვა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სხვა რელიგიებთან გათანაბრებით?


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 3 ივლისს არაკონსტიტუციურად ცნო საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ის ნორმები, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დომინანტურ მდგომარეობაში ამყოფებდა და, შესაბამისად, დისკრიმინაციული იყო სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ.

მოქმედი კანონმდებლობით, საგადასახადო კოდექსი, ჩათვლის უფლების გარეშე, დღგ-ს გადასახადისგან ათავისუფლებს ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობის, რესტავრაციისა და მოხატვის მომსახურებას, თუ სამუშაო საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთითაა შესრულებული. სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის თანახმად კი, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების შესაძლებლობა ასევე მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს.

სახელმწიფოში დომინანტი რელიგია არის მართლმადიდებლური ეკლესია. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში არსებობს ასეთი დომინანტი რელიგიები და მათი სტატუსი სხვა რელიგიებთან მიმართებაში ყოველთვის არის განსხვავებული...
მიქაელ ბოტკოველი

ორივე სარჩელზე, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაადგინა, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც საგადასახადო და ქონებრივი შეღავათების სრული გაუქმებით, ასევე არსებითად თანასწორ სუბიექტებზე მათი ერთნაირად გავრცელებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს სამოციქული ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. როგორც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გვითხრა, საპატრიარქო მიიჩნევდა, რომ საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციები მყარი იყო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს 3 ივლისის გადაწყვეტილებამ ეს ეჭვქვეშ დააყენა.დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აღნიშნავს, რომ საპატრიარქო, საკითხის საფუძვლიანად შესწავლის, სპეციალისტებთან, იურისტებთან სერიოზული კონსულტაციების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს არგუმენტირებულ პასუხს გასცემს:

“სახელმწიფოში დომინანტი რელიგია არის მართლმადიდებლური ეკლესია. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში არსებობს ასეთი დომინანტი რელიგიები და მათი სტატუსი სხვა რელიგიებთან მიმართებაში ყოველთვის არის განსხვავებული. როდესაც ამას ვაცხადებთ, იმას კი არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ და ჩვენს იქით არაფერია, მაგრამ ეს კონსტიტუციაზეა დაფუძნებული. მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული როლი მიუძღვის სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში, ეს სხვა რელიგიებთან მიმართებაში არ ივარგებს. ზოგიერთი რელიგია, რომელზეც აქაა საუბარი, მე-20 საუკუნის ბოლოსაა შემოსული ჩვენთან. მათ რა წვლილი მიუძღვით სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში? ეს ამიხსნას ვინმემ, თუ შეიძლება“.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი აღნიშნულია, რომ „ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში“. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ღვაწლი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პრივილეგიის ლეგიტიმური წყარო. დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი. ამავე გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის ხელის შეშლას ისარგებლონ იმავე უფლებით.

თბილელი მიტროპოლიტი, საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის წარმომადგენელი მალხაზ სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 ივლისის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში, მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაიმარჯვა, შემდეგ კი მთლიანად ქართველმა ხალხმა:

საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელის დაკმაყოფილებით საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმების კონსტიტუციის მე-14- მუხლთან (თანასწორობის უფლება) შეუსაბამობა დაადგინა. რელიგიური გაერთიანებებისთვის დისკრიმინაციული გარემოს აღმოსაფხვრელად ახლა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, რაც სასამართლოს კომპეტენციას აღემატება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციური ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადადო. სასამართლოს მიერ გონივრულ ვადად მიჩნეული 6 თვის განმავლობაში პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, გააუქმებს თუ ყველაზე გაავრცელებს იმ უფლებებს, რომლებიც აქამდე მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგია იყო. 8 მოსარჩელე რელიგიური ორგანიზაციის ინტერესებს სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ წარმოადგენდნენ. როგორც ამ ინსტიტუტის იურისტი გიორგი ნონიაშვილი შენიშნავს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის მყარი წინაპირობაა, რომ კანონმდებლები, დიდი ალბათობით, შექმნიან თანასწორ გარემოს:

კანონმდებლებს ჯერ არ დაუწყიათ ფიქრი (მით უფრო, ქმედება) იმის შესახებ, გაავრცელონ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაწესებული შეღავათები სხვა რელიგიურ ორგანიზაციებზეც, თუ ეს შეღავათები ყველასთვის გააუქმონ. 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, დომინანტური როლის ხაზგასმით, განხილვის პროცესში აქტიურად ჩართვას გეგმავს საქართველოს საპატრიარქოც. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელძღვანელი გიორგი მშვენიერაძე კი ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ კანონმდებლები რელიგიური ორგანიზაციების გათანაბრებას მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეღავათების შენარჩუნების მიმართულებით წარმართავენ:

“მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო თუკი ყველას დაუტოვებს, უფრო ლოგიკურია, ვიდრე ყველას მოუხსნის. იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არ ყოფილა და არც მოსარჩელეების მიზანი, რომ საპატრიარქოს გაუქმებოდა რაიმე შეღავათი, რომლითაც სარგებლობს. ჩვენი მიზანი იყო, რომ შეღავათებით თანაბრად გვესარგებლა ჩვენც და არა მარტო საპატრიარქოს“.

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მოდავე რელიგიურ ორგანიზაციათა შორის იყო „ქართველ მუსლიმთა კავშირიც“, რომლის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის, აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დავის საგანი თანასწორობის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა იყო, არც საგადასახადო და ქონებრივი შეღავათების საკითხია უმნიშვნელო. „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ასევე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ კანონმდებლები შეღავათების შენარჩუნების გადაწყვეტილებას მიიღებენ:

“რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო სიტუაციაში იყოს ამ მხრივ დღგ-სგან გათავისუფლებული. ეს სასურველი იქნება, თუმცა ამომავალი წერტილი არ იყო, რომ პრივილეგიებს ვითხოვდით. ჩვენ ვითხოვდით აქ კანონის გასწორებას იმ თემასთან დაკავშირებით, რაც იყო დისკრიმინაციული და მთავარი პრობლემა იყო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და, შესაბამისად, პრივილეგია თუ იქნება, სასიამოვნო იქნება ეს, შესაბამისად, მაგრამ მთავარი აქცენტი მაინც უფრო სხვა იყო, ვიდრე კონკრეტული პრივილეგიების მიღება“.

რელიგიური ორგანიზაციები საქართველოს კანონმდებლობაში არსებული უთანასწორობის აღმოფხვრასა და დისკრიმინაციული გარემოს შეცვლას მრავალი წელია ითხოვენ, საკონსტიტუციო სარჩელები საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კი საკონსტიტუციო სასამართლოს წამოებაში 2015-2016 წლებში შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG