Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაოკდით“ - აჭარის ტელევიზიის მისამართით, და თორნიკე რიჟვაძის სხვა გამონათქვამები


თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 6 სექტემბერს აჭარის ტელევიზიის ეთერში, ერთი მხრივ, პოლიტიკური ოპონენტების მისამართით მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა, მეორე მხრივ კი, რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებელი არაკორექტულად მოიხსენია. საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ორგანიზაციის მისამართით გაკეთებულ განცხადებას. აჭარის მთავრობის თავჯდომარემ შეაფასა, აგრეთვე, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის მიერ მომზადებული სიუჟეტი, კერძოდ, ჟურნალისტის დაინტერესება, შეიცვლებოდა თუ არა რეგიონის პირველი პირი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მამუკა ბახტაძის წასვლის შემდეგ, რადგან წარსულში პრემიერების წასვლის კვალდაკვალ იცვლებოდა ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება.

„ბოლო დღეებში თქვენგან განსაკუთრებით წამოიჭრა ეს საკითხი და მე მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ, ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას“, - უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის კითხვას.

ამ პატარა რეგიონში - აჭარაში, პატარა ქალაქში - ბათუმში როცა ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, აი, ამ განცხადების შემდეგ ვინც კი შემხვდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ყველა ბოდიშს მიხდის, რომ რა სჭირს ამ ბიჭს და ვინ ასწავლის და ვინ უმზადებს ამ მესიჯებსო.
ასმათ დიასამიძე


„’დავოკდეთ’, ჩვენ გვითხარით, ბატონო თორნიკე, ტელევიზიას? ‘დავოკდეთ’ - ვისი მისამართით თქვით, ჩემი თუ ტელევიზიის?“ - ჩაეკითხა ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე.

„წლის ბოლომდე ვაპირებთ საინვესტიციო პროექტების შექმნას და მე, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, ვაგრძელებ სახელმწიფო სამსახურს. მე ვემსახურები აჭარას, აჭარლებს, აჭარის თითოეულ მცხოვრებს. გვაქვს ზუსტი გეგმა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. ასევე, მე, როგორც პარტიულ რეგიონულ ხელმძღვანელს, მაქვს პოლიტიკური დღის წესრიგი. უნდა გავაძლიეროთ პარტია რეგიონში და ყველა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს, პირველ რიგში კი, ნაცმოძრაობას, მივუჩენთ საკადრის ადგილს და ბოლომდე გავწმენდთ ზუსტად იმ ნარჩენებისგან, რომლებიც აზიანებენ ამ ქვეყანას“, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ტელევიზიის ეთერში, რასაც მოგვიანებით გამოხმაურება მოჰყვა როგორც მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან. მათ შორის არიან ამ განცხადების უშუალო ადრესატები.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ასმათ დიასამიძე ფიქრობს, რომ თორნიკე რიჟვაძე არა მარტო ოპოზიციურ პარტიას, არამედ მათ მხარდამჭერებსაც დაემუქრა:

ასმათ დიასამიძე
ასმათ დიასამიძე

„ის დაამახსოვრდება ხალხს მისი გამონათქვამებით, ადამიანებთან სიძულვილის ენით ლაპარაკით. როცა ემუქრები ოპოზიციას, რომელსაც მილიონამდე ამომრჩეველი ჰყავს - 700 ათასმა მოქალაქემ მოგვცა ხმა. ამ პატარა რეგიონში - აჭარაში, პატარა ქალაქში - ბათუმში როცა ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, აი, ამ განცხადების შემდეგ ვინც კი შემხვდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ყველა ბოდიშს მიხდის, რომ რა სჭირს ამ ბიჭს და ვინ ასწავლის და ვინ უმზადებს ამ მესიჯებსო“.

იმავე დღეს ქვეყნის პარლამენტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მესიჯის მსგავსი რიტორიკით მიმართა პოლიტიკურ ოპონენტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა, დაგასრულებთო, შემდეგ კი დაამატა, საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი დაგასრულებთო. „შენების მოძრაობის“ რეგიონალური ლიდერი გიორგი მასალკინი ფიქრობს, რომ, როდესაც ქვეყნის პირველი პირი და გავლენიანი მინისტრიც ასეთ განცხადებას აკეთებს პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, რეგიონის თანამდებობის პირებისთვის ეს წამახალისებელია, ამას კი, მისივე აზრით, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს:

მას არ აქვს პოლიტიკური ბეგრაუნდი. მან არ იცის, რას ნიშნავს იმუშაო ოპოზიციაში. საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს პოლიტიკის კეთება.
გიორგი მასალკინი


„ქვეყანა მიჰყავს პოლარიზაციამდე, ლამის ესკალაციამდე ორივე მხარეს, იმიტომ რომ ეს აწყობს როგორც ერთს, ასევე მეორე მხარეს ელექტორალურად. ჩვენ, სამწუხაროდ, შეიძლება იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდეთ 2020 წელს, როცა იძულებული იქნები დილემის წინაშე დადგე - ქართველი ამომრჩეველი იძულებული იქნება ან ერთს მისცეს ხმა, ან მეორეს, ან იძულებული გახდება დარჩეს სახლში. ანუ შუა გაიკრიფება და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ და უნდა შევეცადოთ, რომ ეს ორპოლუსიანი სისტემა მოიშალოს“.

გიორგი მასალკინი იმასაც აღნიშნავს, რომ 29 წლის თორნიკე რიჟვაძე ვერ უპასუხებს გამოწვევებს, რომლებიც რეგიონის წინაშე დგას. მისივე თქმით, ეს არის „ქართული ოცნების“ არასწორი საკადრო პოლიტიკის შედეგი:

„მას არ აქვს პოლიტიკური ბეგრაუნდი. მან არ იცის, რას ნიშნავს იმუშაო ოპოზიციაში. საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს პოლიტიკის კეთება. საქართველოში ყველაზე რთულ რეგიონს აბარებ პოლიტიკური გამოცდილების არმქონეს და აქ უნდა განსაკუთრებული ხედვებისა და მიდგომების ადამიანი. უნდა გაითვალისწინონ, რომ ინვესტიციურად აჭარა ლიდერობს, ბათუმი ქვეყნის მეორე ქალაქია, პოლიტიკური მნიშვნელობით. თურქეთი ყველაზე ახლოს ჩვენთანაა, რომელსაც აქვს ეკონომიკური, იდეოლოგიური, რელიგიური და ყველანაირი ინტერესი. აქ გვჭირდება ჩამოყალიბებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, გაწონასწორებული პიროვნება“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, არაკორექტულ განცხადებას აჭარის ტელევიზიის მისამართით უარყოფითი შეფასება მოჰყვა ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ანა მდინარაძე ამბობს, რომ ორგანოზაციისთვის რადიკალურად მიუღებელია ის გამონათქვამები, რომლითაც ადგილობრივი მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა მედიას კრიტიკული სიუჟეტის გამო:

შეურაცხმყოფელი იყო მისი გამონათქვამები ჟურნალისტის მისამართით და ეს არ გაგვკვირვებია. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად არის მისი პრობლემა, ვიდრე მაუწყებლის. ეს არის პოლიტიკური ძალის არჩევანი, ელაპარაკონ მედიას ამ ენით...
მაია მერკვილაძე


„ჟურნალისტი როცა ახორციელებს თავის პროფესიულ ვალდებულებას, სწორედ საზოგადოების ინტერესი და უფლებაა, რომ მიიღოს ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. შესაბამისად, ჟურნალისტი შეიძლება სვამდეს კრიტიკულ შეკითხვას, რომელიც რესპონდენტისთვის შესაძლებელია იყოს მიუღებელი, თუმცა ამ ტიპის გამოხმაურება არ უნდა მოჰყვეს, რაც ამ შემთხვევაში გაჟღერდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მხრიდან, რადგან იგი უნდა ამკვიდრებდეს სტანდარტს საჯარო მოხელეებისთვის“.

თავად აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორისთვის კი თორნიკე რიჟვაძის განცხადება რეგიონალური მაუწყებლის მისამართით არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ჟურნალისტ მაია მერკვილაძეს კარგად ახსოვს ბათუმში მყოფი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, კრიტიკული გამონათქვამები და შეფასებები აჭარის ტელევიზიის მისამართით:

„ველოდით კიდეც, იმიტომ რომ პარტიის ლიდერმაც ჩვენი მაუწყებლის მისამართით გააკეთა მსგავსი შეფასება, როცა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა. უფრო მეტიც, შეურაცხმყოფელი იყო მისი გამონათქვამები ჟურნალისტის მისამართით და ეს არ გაგვკვირვებია. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად არის მისი პრობლემა, ვიდრე მაუწყებლის. ეს არის პოლიტიკური ძალის არჩევანი, ელაპარაკონ მედიას ამ ენით, ან ელაპარაკონ ამომრჩეველს ასე. ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი, მოეწონებათ ამგვარად მოლაპარაკე ლიდერი თუ არ მოეწონებათ“.

რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძისგან ნეგატიური გამონათქვამები არა მარტო პოლიტიკურ ოპონენტებსა თუ ჟურნალისტებს, არამედ მოქალაქეებსაც ახსოვთ. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ისტორიული ბათუმის დამცველების მოთხოვნას შენარჩუნდეს ძველი ბათუმი, თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა ქართული ანდაზით -„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG