Accessibility links

დასჯისა და დაფასების ლოგიკა


ბიძინა ივანიშვილი. 28 ოქტომბერი, 2018 წ.

„ქართულ ოცნებაში" საჯაროდ არავის დაუტუქსავს, არც გაუკიცხავს და არც დაუსჯია ის დეპუტატები, რომლებმაც საკუთარ გუნდს ხალხისთვის მიცემული დაპირების შესრულებაში შეუშალეს ხელი. მთავარი მოქმედი პირი - მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პროპორციული არჩევნების საკითხის ჩაგდების გამო ურთიერთობა არ დაძაბვია პარტიის ლიდერებთან.

ოპონენტები მოელიან, რომ ივანიშვილის სპექტაკლში მონაწილე დეპუტატებს, პირიქით, ძალისხმევა დაუფასდებათ კიდეც. დაიკავებენ თუ არა ისინი თანამდებობრივ პოსტებს უმრავლესობის რიგების შეთხელების ფონზე?

საჯაროდ - არა, არასაჯაროდ?!

კანონპროექტის ჩაგდების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე თავს გამარჯვებულად თვლის - დარწმუნებულია, რომ პროპორციული სისტემის ჩაგდებით მან ქვეყანა დესტაბილიზაციისგან იხსნა.

მეტიც, ის მიღწეულით არ კმაყოფილდება და ახალ სამოქმედო გეგმას ახმოვანებს - მაჟორიტარი დეპუტატი ახლა არჩევნებისთვის მხოლოდ მაჟორიტარული წესის დაკანონებას ცდილობს.

დიმიტრი ხუნდაძე ჩაგდებულ პროექტზე და ახალ ინიციატივაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:09:24 0:00

პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებამ საქართველოში ხმაურიანი აქციების ტალღა და საერთაშორისო თანამეგობრობის მკვეთრი იმედგაცრუება გამოიწვია. სამომავლოდ პროცესების კიდევ უფრო გართულებასა და მეტ დესტაბილიზაციას მოელიან უმრავლესობიდან ახლახან გასული დეპუტატებიც.

„ქართული ოცნება“ კი ასეთ შედეგს მშვიდად, დემოკრატიის კანონზომიერებაზე აპელირებითა და თითის ოპოზიციისკენ გაშვერით შეხვდა.

საჯაროდ არაფერი თქმულა და ლოგიკურად ჩნდება შეკითხვები - უსაყვედურა თუ არა დიმიტრი ხუნდაძეს ბიძინა ივანიშვილმა, თუნდაც არასაჯაროდ, იმის გამო, რომ დიდწილად სწორედ მისი ძალისხმევით არ შესრულდა ხალხისთვის 24 ივნისს მიცემული დაპირება? მწვავედ დაუპირისპირდა თუ არა ხუნდაძეს თუნდაც რომელიმე „ქართული ოცნების“ ლიდერებიდან?!

რადიო თავისუფლების მიერ დასმულ ამ შინაარსის შეკითხვებზე პასუხად დეპუტატი ხუნდაძე ამბობს:

  • „კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ მხოლოდ ერთხელ მქონდა კომუნიკაცია ჩვენს ლიდერებთან - მას შემდეგ არ მქონია...“;
  • „თუმცა, არა, მამუკა მდინარაძესთან მქონდა (კომუნიკაცია)...“;
  • „ამ საკითხთან დაკავშირებით ვთქვით, რომ ეს ასე არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა...“;
  • „მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ - ეს ასე უნდა მომხდარიყო - აზრთა სხვადასხვაობა დარჩა ამასთან დაკავშირებით...“;
  • „დანარჩენს გვაჩვენებს შემდგომი ცხოვრება“.

დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რომელმაც უმრავლესობა პროტესტის ნიშნად დატოვა, 21 ნოემბერს თქვა, რომ პროპორციული არჩევნები „არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის დღის წესრიგის თემა“; ხოლო „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა: მას ნაკლებად სჯერა, „რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მომხდარიყო“. უმრავლესობაში ძიძიგურის სიტყვები ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის გარკვეულ დადასტურებად აღიქვეს.

ოპონენტებისთვის ნათელია, რომ შიდაპოლიტიკური თუ საერთაშორისო იმედგაცრუების გამომწვევი 40 დეპუტატი „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში მშვიდად გრძნობს თავს; ხოლო იგივე უმრავლესობა შემცვლელებს ეძებს კანონპროექტის ჩავარდნის გამო პროტესტის ნიშნად წასული დეპუტატების თანამდებობებისთვის

ვის რა დაუფასდება?

„არ მცალია ამისთვის და დიდწილად არც მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ“, - ასე უპასუხა დიმიტრი ხუნდაძემ რადიო თავისუფლების შეკითხვას უმრავლესობიდან 12 წევრის გასვლის შემდეგ პარლამენტში გაჩენილი ვაკანსიების დაკომპლექტების შესახებ.

დეპუტატი ამბობს, რომ წასულებზე გული წყდება, მაგრამ „არის გუნდში რესურსი, რომ შეივსოს ის ადგილები, რაც არის დღეს ვაკანტური“.

პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ, უმრავლესობიდან გავიდნენ: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე, ირინე ფრუიძე, ზაზა ხუციშვილი, მარიამ ჯაში, გიორგი ბეგაძე, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე და გუგა ბუკია. დეპუტატებმა თანამდებობებიც დატოვეს.

ვინ დაინიშნება პირველი ვიცე-სპიკერის, კომიტეტების თავმჯდომარეებისა თუ მათი მოადგილეების პოსტებზე, ეს უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს და ჯერ უცნობია.

  • ვაკანსიების შევსების პროცესში გადაადგილებების ალბათობაც განიხილება;
  • პარლამენტში მოარული ხმებით, დაწინაურებულთა შორის შესაძლოა ის დეპუტატები ვიხილოთ, რომლებმაც ხმა არ მისცეს არჩევნების პროპორციულ სისტემას;
  • ერთ-ერთ ასეთი დეპუტატის, კონკრეტულად - გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურის განხილვაზე წერს imedinews-ი.

ამავე კონტექსტში, გურამ მაჭარაშვილი კიდევ ერთი დეპუტატთან (ირაკლი მეზურნიშვილთან) ერთად ახსენა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

მანამდე ლაპარაკი იყო ასევე პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის კანდიდატურის განხილვაზეც. როგორც „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება - ეს ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „არც დაადასტურა და არც უარყო“.

თუკი მსგავსი მოარული ხმები დადასტურდება, საზოგადოების ერთი ნაწილი და მათ შორის - ოპოზიცია ამას ე.წ. მეამბოხე დეპუტატების ღვაწლის დაფასებად ჩათვლის. ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ კანონპროექტის ჩამგდები დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის სცენარით დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობდნენ.

გიგა ბოკერიას თქმით:

  • „ბატონმა ივანიშვილმა უთხრა ქართულ საზოგადოებას - ძალიან გულდაწყვეტილი ვარო... და ახლა ირკვევა, რომ ვინც მხარი დაუჭირა პარტიის თავმჯდომარის უმნიშვნელოვანეს პოზიციას, მათი ნაწილი უმრავლესობიდან წავიდა - თანამდებობები დაკარგა...“;
  • „ხოლო ვინც ეს (საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი) ჩაუგდო, ვინც გული დაწყვიტა ამ დიად ადამიანს - ივანიშვილს, ეს ხალხი ახლა ფორმალურადაც დაწინაურდება...“;
  • „ანუ აქაც საზოგადოებას ღიად გვეუბნებიან - ფეხებზე გვკიდია საღი აზრი და გონიერება, აი, ისე მოვიქცევით, როგორც ჩვენ გვინდაო“.

„თუკი ეს დადასტურდება, ეს იქნება „ქართული ოცნების“ გზავნილი როგორც პარტიის შიგნით, ასევე საზოგადოებისთვის, რომ ადამიანებს, რომლებიც აქტიურობენ მმართველი რეჟიმისთვის გადაწყვეტილებების მიღების დროს, დაუფასდებათ ეს აქტიურობა და ღვაწლი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია.

ასეთი შედეგი კორნელი კაკაჩიას არ გაუკვირდება, რადგან კანონპროექტის ჩავარდნა მასაც დადგმული სპექტაკლის ნაწილად მიაჩნია. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ „ბიძინა ივანიშვილის უპირობო და ცხადი გავლენების გათვალისწინებით“, მაჟორიტარ დეპუტატებს მიზნის მიღწევა გაუჭირდებოდათ.

ვინ დაიკავებს მათ თანამდებობებს, არ იციან უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა - მათ საქმის კურსში აღარავინ აყენებს.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ - დიმიტრი ცქიტიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, „მნიშვნელოვანია, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ“ ორი ძირითადი საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარეებისა და მოადგილეების შერჩევისას.

დიდწილად საქართველოს პოლიტიკას განაპირობებს სწორი საერთაშორისო ურთიერთობები და ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ გამოწვევის წინაშე დგას პარლამენტი... (ვაკანსიები) სწრაფად უნდა დააკომპლექტონ არა იმ ხალხით, ვისაც შეიძლება უბრალოდ თანამდებობის დაკავების სურვილი ჰქონდეს, არამედ იმ ხალხით, ვისაც შეუძლია, რომ ეს პროცესი წარმართოს ეფექტურად“.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების აღქმები კიდევ უფრო დაამძიმა უმრავლესობიდან იმ წევრების გასვლამ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით პირდაპირ კავშირში იყვნენ ევროკავშირისა თუ ნატოს სტრუქტურებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG