Accessibility links

ბევრი საპროტესტო აქცია გვინახავს. გვახსოვს ასევე აქციების მონაწილეთა ბევრნაირი მოთხოვნა, გვახსოვს მათზე ხელისუფლების მრავალნაირი რეაგირება - წაყრუება, მოლაპარაკებებში შესვლა ღირსეულად და მოლაპარაკებებიდან უღირსი გამოსვლა. გვახსოვს დათმობა, დაპირისპირება და დაშლა... საქართველო თუ რამითაა მდიდარი, მათ შორის მდიდარია საპროტესტო აქციების ტრადიციებით: ჯერ იყო „სა-ქარ-თვე-ლო!“, „ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი!“, მერე - „დავუჩოქოთ ბატონ ედუარდს!“, „გადადექი, გადადექი!“, „დაგმე მიშა!“, „ბიძინა! ბიძინა!“... და ყოველ ჯერზე, „გაუმარ-ჯოს! ჯოს! ჯოს!“ - ამ მსხვილ-მსხვილ, ეპოქალურ საპროტესტო გამოსვლებს შორის იყო ასევე საშუალო და მცირე მუხტის საპროტესტო გამოსვლები: ხალხის ჯგუფი დადგებოდა, როგორც წესი, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, და ელოდებოდა ხელისუფლების ქმედებას მათ პროტესტზე!

ფიზიკის უმნიშვნელოვანესი კანონი, ნიუტონის მესამე კანონის სახით („ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება“), მეტ-ნაკლები სიზუსტით მოქმედებს წინააღმდეგობებით დამუხტულ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც: ხალხის (აქციის მონაწილეების) ქმედება ხელისუფლებაზე იწვევდა ხელისუფლების (მრავალნაირ, ზემოთ ჩამოთვლილ) უკუქმედებას ხალხზე - ასე იყო სულ, დამოუკიდებლობის აღდგენიდან ვიდრე „ქართული ოცნების“ არჩევამდე. „ქართულმა ოცნებამ“, მის ლიდერს ბატონ ბიძინას რომ დავესესხოთ, „პატარა ტრიუკი“ გააკეთა და ურთიერთქმედების სუბიექტების რიცხვი ორიდან სამამდე გაზარდა: საპროტესტო აქციასა და მთავრობას შორის ჩადგა ე. წ. კონტრაქცია!

როგორც კი ხალხის ერთი ნაწილი შეიკრიბება ხელისუფლების (პოლიციის, მერიის, სამინისტროს და ა. შ.) ამა თუ იმ გადაწვეტილების გასაპროტესტებლად, ოპერატიულად იწყებს შეკრებას ხალხის სხვა ჯგუფი, რომელიც აწყობს ე. წ. კონტრაქციას აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ, რომ მათ არ აქვთ გაპროტესტების მორალური უფლება, რომ ისინი იმართებიან პოლიტიკური ძალების მიერ, რომ მათი წარსული სისხლით არის მორწყული, რომ ისინი ებრძვიან მართლმადიდებლობას, ქართველობას და, საერთოდ, „სად იყვნენ აქამდე, რატომ მაშინ არ იღებდნენ ხმას, როცა...“ და ა. შ.

ამგვარი კონტრაქციების ნამდვილი ფოიერვერკი იყო მაისის საპროტესტო გამოსვლებისას, როცა პარლამენტის წინ გამართული აქციების მუხტის ჩასაქრობად ქუჩაში გამოვიდნენ „მარშელები“, „პატრიოტები“, „ფაშისტები“... და აგრესიულად მოითხოვეს პარლამენტის წინ კონტრაქციის გამართვა. მოითხოვეს იმდენად აგრესიულად, რომ აქციის მონაწილეების ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმების ჩაყენება გახდა საჭირო. საბოლოოდაც, აქცია დაშალა არა პოლიციამ, არამედ კონტრაქციამ, უფრო სწორად, კონტრაქციის დამანგრეველმა აგრესიამ, რომელიც, როგორც წესი, უკვალოდ ქრება ხოლმე აქციის დაშლისთანავე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კონტრაქციას არ აქვს დამოუკიდებელი, იზოლირებული ენერგია და რომ ის გარედან იმუხტება.

3 ივნისს ვაკის პარკში შეკრებილი ხალხი ამტკიცებდა, რომ მათი აქცია არ იყო კონტრაქცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისა „ნუ მომკლავ!“, რომ ისინი ზაზა სარალიძისათვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად შეიკრიბნენ და მათი პროტესტი მიმართული იყო ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა ზაზა სარალიძის მოწოდებაზე (დამდგარიყვნენ მის გვერდით ყველა პარტიის, მათ შორის მმართველი პარტიის, წარმომადგენლები) გაცემულმა კოლექტიურმა პასუხმა, აქ ვართო „ოცნების“ წევრები, „ვაკის აქციის“ კონტრაქციულობის თაობაზე გამოთქმული ეჭვები ვერ გაფანტა.

არსით კონტრაქციული იყო თბილისის მერის განცხადება მეტროს გაფიცულ მემანქანეებზე, რომ თითქოს ისინი მოითხოვენ მეტროპოლიტენის გაძვირებას და ამის ხარჯზე ხელფასების მომატებას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი განცხადებიდან კონტრაქციის გამართვამდე ერთი ნაბიჯია.

ეჭვი, რომ კონტრაქციების არქიტექტონიკაში ხელისუფლების ხელი ურევია, ახლა არ გაჩენილა. სოციალურ ქსელებში იოლად შეიძლება კონტრაქციების ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, ლადო სადღობელაშვილისა, და პატრულის თანამშრომლების საუბრის ჩანაწერის ნახვა. პატრულის თანამშრომლის კითხვაზე, „ჩვენ ჩავინიშნავთ [რომ არ გაგაჩეროთ], მაგრამ შეთანხმებულია?“, “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი უპასუხებს: „ჩვენ შეთანხმება არ გვჭირდება! ჩვენი არსებობაა უკვე შეთანხმებული!!!“

კონტრაქცია ერთგვარი ფოთოლია, რომლითაც ხელისუფლება თავისი სიშიშვლის, სისუსტის დაფარვას ცდილობს, თუმცა ეს არაა უწყინარი ლეღვის ფოთოლი! ის უფრო ჭინჭრის ფოთოლია, მცირე ზომის, ბოლომდე რომ ვერ ფარავს და მწარედ რომ იკბინება.

მოკლედ, აქცია და კონტრაქცია!

ხშირად სიტყვის მხოლოდ სემანტიკური მნიშვნელობაა საკმარისი ამ სიტყვით აღწერილი მთელი ქმედების თუ მოვლენის გასაგებად. სამოქალაქო განათლების ლექსიკონის მიხედვით, აქცია - ესაა რაიმე პოლიტიკური ან ეკონომიკური მიზნის მისაღწევად წამოწყებული ქმედება, ხოლო კონტრაქცია - შეკუმშვა, ჩვენს შემთხვევაში - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ზოგადად კი, დემოკრატიის შეკუმშვა!

XS
SM
MD
LG