Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატის სამშენებლო კომპანია სასამართლოსა და ბათუმის მერიის დადგენილებას არ ასრულებს


მშენებლობა ხიმშიაშვილის ქუჩაზე
მშენებლობა ხიმშიაშვილის ქუჩაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სამშენებლო კომპანია ბათუმში, სელიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 18-სართულიან კორპუსს აშენებს, რის გამოც სამეზობლო მიჯნაზე არსებული 3-სართულიანი სახლის კედლიდან სახანძრო კიბის ნაწილი მოჭრეს, ნაწილი კი მშენებლობაში მოაქციეს. შემდეგ ამავე სახლის ფანჯრების წინ კედელი ამოაშენეს და სამსართულიანი სახლის სახურავის სივრცეც აითვისეს. მშენებარე კომპანია „ჩემი სახლის“ 50 % წილის მფლობელი ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატია. სწორედ ეს კომპანია აშენებს საცხოვრებელ სახლს ხიმშიაშვილის 20 ნომერში იმ სამსართულიანი სახლის მომიჯნავედ, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებშია აშენებული. აქ მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიამ ისინი შეავიწროვა და დააზარალა.

„ამომიქოლეს ფანჯრები, გადამიჭრეს კონდიციონერი. ბუხრის მილი, რომელიც სახურავზე ადიოდა, რაკი მათ მშენებლობას შეუშალა ხელი, გადაჭრეს და სართული დაადგეს ზემოდან. სახლი დამიზიანეს, კედლები გაფუჭებულია, წყალი შემოგვივიდა. კომპანიას მივმართეთ რამდენჯერმე და პასუხი მივიღეთ, რომ ყველაფერი შენდება კანონიერად“, - ამბობს მანანა გორგილაძე.

ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებმა სამშენებლო კომპანიის შეჩერება რამდენჯერმე სცადეს. თავდაპირველად მათ პილიციას მიმართეს, შემდეგ კი სასამართლოში შეიტანეს სარჩელი მერიის წინააღმდეგ, როგორც ამბობენ, კანონდარღვევით გაცემული სამშენებლო ნებართვის გამო. სარჩელი შეიტანეს აგრეთვე დეპუტატის კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც დაარღვია მეზობელ სახლთან სასაზღვრო მიჯნა და სახლის ზედა სივრცე უკანონოდ აითვისა. გიზო ჩარგეიშვილი ამბობს, რომ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, თუ რატომ მისცეს დეპუტატის კომპანიას სამშენებლო ნებართვა დაჩქარებული წესით ბათუმის ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა და არქიტექტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ახალაძემ:

მშენებლობა ხიმშიაშვილის ქუჩაზე
მშენებლობა ხიმშიაშვილის ქუჩაზე

„აუცილებლად შევიტანთ საჩივარს და დაიწყოს გამოძიება, როგორ მისცა ნება და დაუკანონა ასეთი მშენებლობა. აგერაა, თვალსაჩინოა, სახლებია და ამას ვერ დამალავ. ერთ თუ ათ წელიწადში ეს ასე იქნება და თუ ეს ნორმაა, გადაწყვიტოს გამოძიებამ. სახანძრო კიბე მოჭრა, სახურავის ფრონტონი მოტეხა, როგორ შეიძლება ეს? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? ყველა შეკრულია და მაფიოზური სტრუქტურაა შექმნილი ქვეყანაში“.

ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილი იმედგაცრუებულია მას შემდეგ, რაც დეპუტატის კომპანიამ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ. მეტიც, კომპანია „ჩემი სახლის“ თანამშრომლებმა სამშენებლო ტერიტორიაზე არც ექსპერტი შეუშვეს, რომელსაც სასამართლოს დავალებით ვითარება ადგილზევე უნდა შეესწავლა. ხიმშიაშვილის 18-ში მცხოვრებთა ინტერესებს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი იცავს. იგი ამბობს, როდესაც სასამართლომ დააკმაყოფილა დაზარალებულ მცხოვრებთა სარჩელი და მშენებლობა ერთი თვით შეაჩერა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სასამართლოს გადაწყვეტილება სისრულეში ვერ მოიყვანაო:

სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე მერიამ გამოსცა დადგენილება მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე...
ირაკლი მოქია

„მაგრამ ამ შემთხვევაში ძირითადი ბრალეული კომპანიაა, რომელმაც აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია არ ჩაიბარა, ხელი არ მოაწერა არც ერთ დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელმა დეტალურად გააცნო, თუ რას ეხებოდა სასამართლო გადაწყვეტილება, რა ვალდებულებები ეკისრებოდა და ა.შ... მათ კი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ ჩაიბარეს და აგვისტოს თვეში, როცა სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით უნდა შეეჩერებინათ მშენებლობა, ჩვეულებრივად გააგრძელეს, რითაც კომპანიამ უარი თქვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე“.

იმის გასარკვევად, თუ რატომ განაცხადა დეპუტატის კომპანიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს და კომპანიის 50 % წილის მფლობელ ხვიჩა შარაშიძეს, რომელიც დაგვპირდა, რომ 30 წუთში დაგვიკავშირდებოდა და განმარტებებსაც მოგვცემდა, მაგრამ დეპუტატის ნაცვლად კომპანია „ჩემი სახლის“ ადვოკატმა დაგვირეკა და გვითხრა, კომპანიის სახელით განმარტებებს მე გავაკეთებ, რადგან დეპუტატი კომპანიის წილის მფლობელია და არა მმართველიო. ამირან ცეცხლაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ აღასრულებდნენ, რადგან დოკუმენტები არ ჩაჰბარებიათ, ექსპერტი კი მშენებლობაზე მისივე უსაფრთხოების გამო არ დაუშვეს:

„მშენებლობა მიმდინარეობს შპს „ჩემი სახლის“ საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის საზღვრებში და არ არის იქ სამეზობლო საზღვრები დარღვეული და არ არის სხვის ნაკვეთზე არანაირი დარღვევა და სამშენებლო წარმოების დროს არანაირ გადაცდომას ადგილი არ აქვს. მერიამ ჩვენ დაგვაჯარიმა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო და სწორედ ამიტომ ვერ დავუშვით ექსპერტის ობიექტზე შესვლა, სწორედ უსაფრთხოების გამო“.

მშენებლობა ხიმშიაშვილის ქუჩაზე
მშენებლობა ხიმშიაშვილის ქუჩაზე

ქალაქ ბათუმის მერიაში კი გვითხრეს, რომ სამშენებლო კომპანია „ჩემი სახლი“ არა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, არამედ სამშენებლო პროექტის დარღვევისთვის დაჯარიმდა 1000 ლარით. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი ირაკლი მოქია ამბობს, რომ კომპანიას დღემდე არც პროექტში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით მიუმართავს მათთვის და არც მშენებლობა შეუჩერებია:

„სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე მერიამ გამოსცა დადგენილება მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, იმის გამო, რომ დეპუტატის სამშენებლო კომპანია „ჩემი სახლი“ არც მერიის მოთხოვნებს ასრულებს და არც მშენებლობას აჩერებს, მერიამ მოთხოვნა სააღსრულებლო ბიუროში გადაგზავნა მშენებლობის იძულებით შესაჩერებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG