Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 დეპუტატი და 12 მთვლელი - რას დაადგენს არჩევნების შესახებ საპარლამენტო კომისია?


31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში სულ ოთხი დეპუტატია - ორი „ქართული ოცნებიდან“ და ორიც - „ევროპელი სოციალისტებიდან“.  

გადაწყვეტილია, რომ 7 თვის წინ ჩატარებული არჩევნების ბიულეტენები პირდაპირ ეთერში გადაითვლება და გამოიკითხება პროცესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი პირი. თუმცა „ქართული ოცნება“ უარს ამბობს მათ მოსმენაზე, ვინს შესაძლოა ფლობდეს დასაბუთებულ ინფორმაციას ამა თუ იმ დარღვევისა თუ დანაშაულის შესახებ. პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე და დაგვიანებულ პროცესს ფარსად მიიჩნევენ. რის დადგენას აპირებს ოთხი დეპუტატის კომისია? რამდენად რელევანტურია არჩევნების შედეგების შესწავლა დღეს, როცა არჩევნების შემდეგ დიდი დრო გავიდა?

კომისიის შემადგენლობა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების - გივი მიქანაძისა (კომისიის თავმჯდომარე) და ალუდა ღუდუშაურის გარდა, კომისიის 4-წევრიან უცვლელ შემადგენლობაში ოპოზიციის კვოტით არიან „ევროპელი სოციალისტები“ - დავით ზილფიმიანი (კომისიის მდივანი) და ფრიდონ ინჯია.

კომისია ვერ იზრდება, რადგან სხვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა პროცესში ჩართვაზე; ხოლო კანონის მიერ განსაზღვრული პროპორციის შესაბამისად, კომისიას ვეღარც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაემატებიან.

„ჩვენ ვართ აქ ის ხალხი, რომელიც ყველა კითხვას, რომელიც შეიძლება რომ ბუნებაში არსებობდეს, ჩვენი მოქმედებით, ამ კომისიის მოქმედებით, ამ კომისიის ფარგლებში (უნდა) გავცეთ პასუხი“, - განაცხადა კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ალუდა ღუდუშაურმა 18 მაისს გამართულ მეორე სხდომაზე, რომელსაც კომისიის სამოქმედო გეგმა უნდა დაემტკიცებინა.

გეგმის თანახმად, პროცედურულად გათვალისწინებულია:

  • ინფორმაციის გამოთხოვა ცესკოდან, შს სამინისტროდან და პროკურატურიდან;
  • გადასათვლელი უბნების შერჩევის მეთოდოლოგიისა და რაოდენობის განსაზღვრა და საარჩევნო უბნების მიხედვით ბიულეტენების გადათვლა;
  • კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიის შედგენა და დამტკიცება;
  • მოსაწვევი პირებისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა;
  • დასკვნის მომზადება/კენჭისყრა/დამტკიცება.

საგამოძიებო კომისია მიზნად ისახავს როგორც უშუალოდ არჩევნების დღის, ასევე წინა და შემდგომი პერიოდების შესწავლასა და შესაძლო დარღვევებისა თუ დანაშაულების გამოვლენას.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, კომისიის მუშაობაში ჩართვაზე ოპოზიცია უარს იმის გამო აცხადებს, რომ მას არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.

ოპოზიციის ძირითადი ნაწილი თვლის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნით „ქართული ოცნება“ ახლა პოლიტიკური შოუს დადგმას ცდილობს, 7-თვიანი დაგვიანებით შეუძლებელი იქნება ფაქტების რეალური გადამოწმება და უკვე აღარც შეფუთული ბიულეტენების მიმართ ნდობა არსებობს.

„სიმართლე უნდა დადგენილიყო, როცა ჩვენ ამას ვითხოვდით კომისიებში ბიულეტენების გადათვლის დონეზე და სასამართლოებში უნდა მომხდარიყო ჩვენი საჩივრების განხილვა. თუ რამის გამოძიება და სიმართლის დადგენა უნდოდათ, ამისთვის მათ ბევრი თვე ჰქონდათ და ახლა ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ ვაპირებთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ლელოს“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ.

საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სამეთვალყურეო ჯგუფის დასკვნას, რომ სხვადასხვა სახის დარღვევების მიუხედავად, საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შედგა და ის ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებების დაცვით. არჩევნების შეფასებაში არ არის სიტყვები - „თავისუფალი და სამართლიანი“, რაც დასავლურ მაღალ სტანდარტებთან მის შეუსაბამობაზე მეტყველებს.

23 მარტს, საქართველოს საკითხთან დაკავშირებით სენატში გამართულ საგანგებო მოსმენაზე აღინიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები „ლეგიტიმაციის ზღვარზე“ ჩატარდა და ეს განასხვავებს მას დემოკრატიული არჩევნებისგან.

ბიულეტენების გადათვლა და ოქმები

კომისიის მდივანმა, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ადამიანურად ძალიან სწყინს, როცა „უსამართლოდ ლანძღავენ“ კომისიაში ჩართვის გამო. ამბობს, რომ ეს პროცესი, „სასწაულად დიდ ენერგიას მოითხოვს“, მაგრამ არჩევნებთან დაკავშირებით სიმართლე უნდა დადგინდეს - „ეს ჩემი ღირსების საქმეა“.

ზოგადად, ზილფიმიანი ბიულეტენების გადათვლის მომხრე არ არის და სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ - ბევრი ამას უნდობლობით ეკიდება; თუმცა ამ საკითხში დიდი წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებს. „ევროპელი სოციალისტისთვის“ მთავარია, რომ კომისიამ გამოავლინოს ყველა დისბალანსიანი შემაჯამებელი ოქმი და შემდეგ, კომისიის წევრები გულდასმით გამოკითხოს.

„მაგალითად, გადასწორებულია ოქმი, ეწერა 7 და ახლა წერია 50 ხმა. ყველა წევრს უნდა ვკითხოთ - რატომ მოხდა? როგორ მოხდა? რატომ მოაწერეს ან არ მოაწერეს ხელი? ამას ვალდებულების დონეზე გავაკეთებთ ჩვენ აუცილებლად. კი ბატონო, გავხსნათ ფუთებიც, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ოქმები და თუ ამ მეთოდოლოგიას ვერ გავიტან, გამოვალ კომისიიდან“, - გვეუბნება ზილფიმიანი.

კომისია ბიულეტენებს აუცილებლად გადაითვლის და ამისათვის 12 მთვლელის დაქირავებას გეგმავს.

გეგმაში წერია, რომ ეს პირები საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრები უნდა იყვნენ, რომელთა უბნებზეც დარღვევები არ გამოვლენილა.

  • „ქართული ოცნების“ სურვილი იყო, ეს 12 წევრი თავად საარჩევნო ადმინისტრაციას შეერჩია;
  • თუმცა ბოლოს „ევროპელი სოციალისტების“ შეთავაზებით გადაწყდა, რომ ცესკო უფრო ფართო სიას მიაწვდის, ხოლო კომისია ადგილზე (შესაძლოა - ლოტოტრონის მეთოდით) შეირჩევს 12-ს.

რატომ 12 და არა ნაკლები ან მეტი? - დაინტერესდა სხდომაზე ფრიდონ ინჯია, რაზეც გივი მიქანაძემ უპასუხა, რომ - გადათვლა ორ ოთახში, პირდაპირ ეთერში მოხდება და რადგან კომისიის წევრების რაოდენობა შეზღუდულია, პროცესზე მეთვალყურეობისთვის ოთხ ადამიანს ორ-ორად მოუწევთ დაყოფა და ამ ორ ოთახში გადანაწილება.

ინფორმაციის მიღება და გამოსაკითხთა სია

გეგმაში წერია, რომ კომისია საწყის ეტაპზე ინფორმაციას მიიღებს შს სამინისტროსგან, პროკურატურისა და ცესკოსგან.

კომისიის წევრები აცხადებენ, რომ შს სამინისტრო და პროკურატურა მათ მიაწვდის ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებულ ამომწურავ ინფორმაციას, რომელზეც მოხდა რეაგირება ანდა დაიწყო გამოძიება; ხოლო ცესკოდან გამოთხოვილი ინფორმაცია შემაჯამებელ ოქმებსა და მიღებულ საჩივრებს უკავშირდება.

„ვითხოვთ ჩამონათვალს იმ საარჩევნო უბნების/ოლქების მითითებით, რომელთა შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა დისბალანსი და ვითხოვთ ამ ოქმების ასლებს. ასევე ვითხოვთ ინფორმაციას დისბალანსის გამომწვევი ბიულეტენების ჯამის თაობაზე, ანუ ერთიან ციფრს. ვითხოვთ ჩამონათვალს იმ საარჩევნო უბნების, ოლქების მითითებით, სადაც ოთხი ჩამოთვლილი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნები“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „მრავალეროვანი საქართველო“ - მიერ მოთხოვნილ იქნა ბიულეტენების გადათვლა... ასევე ცესკოს ვთხოვთ 31 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკას, საჩივრის ავტორთა მონაცემებს, სამართალწარმოების შედეგებს“, - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე.

„ევროპელი სოციალისტები“ მოითხოვენ, რომ კომისიამ ინფორმაცია მიიღოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისგან, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ღირებული ინფორმაცია დარღვევებთან და შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით. დავით ზილფიმიანი გვეუბნება, რომ პირადად ის იღებს პასუხისმგებლობას თითოეული ასეთი მოქალაქის უფლებების დაცვაზე. თუმცა როგორ - ეს ჯერ არ იცის.

„ოცნება“ წინააღმდეგია. ალუდა ღუდუშაურმა სხდომაზე განაცხადა, რომ კომისია „პროკურატურა არ არის“ და შეუძლებელი იქნება იმგვარი ფაქტების გამოკვლევა, რომლების გამოც არავის მიუმართავს საგამოძიებო სტრუქტურებისთვის ან სასამართლოსთვის. ამასთან, „ოცნების“ წარმომადგენლები ამ საკითხთან მიმართებით მიანიშნებენ, რომ დანაშაულის დამალვაც დანაშაულია და კანონთან შეუსაბამოა, თუკი შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ამა თუ იმ მოქალაქემ თავის დროზე არ მიაწოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს.

ვის გამოკითხავს კომისია? ზუსტი სია ჯერ არ არსებობს.

თუკი „ევროპელი სოციალისტები“ ოქმებთან დაკავშირებით კომისიის წევრების გამოკითხვას დაჟინებით ითხოვენ, გივი მიქანაძე შემდეგ განმარტებას აკეთებს:

„მოწვეულთა შორის გასათვალისწინებელი იქნება პოლიტიკური სუბიექტებისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების სიაში გათვალისწინება. ვფიქრობ, უნდა მოვიწვიოთ და მათ კონკრეტული კითხვები უნდა დავუსვათ - რა ფაქტობრივი მასალები დგას იმ განცხადებების უკან, რაც მათ არაერთხელ გააკეთეს, ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დავინახოთ, ეს იყო ჰაერიდან წამოსული განცხადებები თუ ეს იყო კონკრეტული მტკიცებულებები“.

  • 17 თებერვალს შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ პირველი 3-თვიანი ვადა ისე ამოწურა, რომ მუშაობაც არ დაუწყია და ამიტომ, პარლამენტის დადგენილებით, ვადა კიდევ ერთი თვით, 17 ივნისამდე გაუხანგრძლივდა. კანონის თანახმად, შესაძლებელია, რომ ვადა კიდევ ორჯერ თითო თვით გახანგრძლივდეს.
  • პროცესის ამგვარი გაჭიანურების მიზეზად, კომისია თავის ანგარიშში საერთაშორისო პარტნიორების რჩევას ასახელებს - „საერთაშორისო პარტნიორების რჩევით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დავლოდებოდით მოლაპარაკებების დასრულებას და ოპოზიციის ფართე ჩართულობით განგვეხორციელებინა დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა“.

პროცესში ოპოზიციის "ფართო ჩართულობა" არც ახლა შეინიშნება, თუმცა კომისია მუშაობას მაინც განაგრძობს.

კომისიის წევრები აპირებენ, რომ 19 მაისს, საინფორმაციო შეხვედრის ფორმატში მიიწვიონ საქართველოში მოქმედი საელჩოებისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი სამეთვალყურეო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ევროპელ სოციალისტებს“ ნაადრევად მიაჩნიათ, ხოლო „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისა და არასამთავრობო სექტორის რჩევები აუცილებელია სამუშაო პროცესისთვის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG