Accessibility links

site logo site logo

საია: არჩევნებზე გამოვლინდა განუხილველად დატოვებული საჩივრების სიმრავლე და დაკმაყოფილებული მოთხოვნების სიმცირე


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს „საქართველო ხარვეზიანი კანონმდებლობით შეხვდა“ და არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა კიდევ უფრო შეასუსტა საარჩევნო დავების განხილვის პროცესმა, როდესაც დასმულ შეკითხვებს აეკვატური პასუხები არ გაეცა საარჩევნო ადმინისტრაციისა თუ სასამართლოების დონეზე.

"საჩივრების განხილვის პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა, განუხილველად დატოვებული საჩივრების სიმრავლემ და დაკმაყოფილებული მოთხოვნების სიმცირემ გააღრმავა უნდობლობა არჩევნების შედეგებთან მიმართებით" - აღნიშნავს საია თავის ახალ ანგარიშში.

ტექსტის თანახმად, „შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსისა თუ სხვა ტიპის უზუსტობების გამო, მაღალი იყო საარჩევნო ადმინისტრაციებში წარდგენილი საჩივრების რაოდენობაც, განსაკუთრებით, პირველ ტურთან მიმართებით“, თუმცა საჩივრების განხილვას არაერთი სახის ბარიერი შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად:

  • არჩევნების პირველი ტურის კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 2091 საჩივარი შევიდა;
  • აქედან, ჯამში, დაკმაყოფილდა/ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მხოლოდ 270 საჩივარი;
  • არ დაკმაყოფილდა 698 საჩივარი, ხოლო სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის გამო განუხილველი დარჩა 1117 საჩივარი.

უშუალოდ საიას შემთხვევაში კი:

  • როგორც პირველ, ისე მეორე ტურთან მიმართებით, საიამ სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე 300-ზე მეტი საჩივარი წარადგინა.
  • აქედან 109 პირველი ტურის შემდგომ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებს შეეხებოდა.
  • ამ 109 უბნიდან დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნა ან/და გადაითვალა 31 უბნის შემთხვევაში.
  • 31 უბნიდან შეიცვალა 5 უბნის მონაცემები; 1 უბნის შედეგები სრულად გაბათილდა, 2 უბანთან დაკავშირებით კი საიამ თავად მოხსნა მოთხოვნა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის ცესკოს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პირველი ტურის კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში დარეგისტრირდა 997 საჩივარი - შემაჯამებელი ოქმების ბათილობის ან/და მონაცემების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით; არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კი, ამავე მოთხოვნით 5 საჩივარი დარეგისტრირდა.

  • საერთო სასამართლოებში გასაჩივრებული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმებიდან სასამართლომ მოთხოვნა მხოლოდ 20 უბანთან მიმართებით დააკმაყოფილა/ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
  • ხოლო მონაცემების ხელახლა გადათვლის შემდგომ საარჩევნო სუბიექტების მონაცემები შეიცვალა 12 საუბნო საარჩევნო კომისიის შემთხვევაში.

საია აღნიშნავს, რომ ცესკომ მას არ მიაწოდა დამუშავებული ინფორმაცია, ჯამში რამდენი საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს შეეხებოდა წარდგენილი საჩივრები. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელია, რომ თითო საჩივარი ითვალისწინებდეს რამდენიმე შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ანდა, მაგალითად, სხვადასხვა სუბიექტის მიერ წარდგენილ საჩივრებში შესაძლოა მეორდებოდეს ერთი და იმავე შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნას. შესაბამისად, საიას განცხადებით, ცესკოში ვერ გაარკვია, სულ რამდენი უბნის შემაჯამებელ ოქმს შეეხებოდა წარდგენილი საჩივრები.

ოპოზიციამ საპარლამენტო ბოიკოტი სწორედ არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის საფუძველზე დაიწყო, რაც შემდეგ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა და ეს პროცესი ნაწილობრივ ჯერ ისევ გრძელდება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გადაუდებელ აუცილებლობად თვლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებას, მომავალი არჩევნების მიმართ ნდობის ხარისხის გაზრდის მიზნით. ამიტომ საია მთელი რიგი რეკომენდაციებით მიმართავს როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციასა და საერთო სასამართლოებს.

მაგალითად, მისი შეფასებით: უნდა გაიზარდოს დარღვევების გასაჩივრებისა და საქმის განხილვის კანონმდებლობით დადგენილი ვადები; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებები ან/და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს შედგენილი შესწორების ოქმები არ ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად და მათი ნამდვილობა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის გზით; გაძლიერდეს სასამართლოს კონტროლი და, მაგალითად, შემაჯამებელ ოქმებში საეჭვო მონაცემების ნამდვილობა გადამოწმდეს ყველა შესაძლო მტკიცებულების გამოკვლევით და მათ შორის - კენჭისყრის შედეგების ხელახალი გადათვლის გზით.

საია თავის ანგარიშში ასახავს 31 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ არაერთ დარღვევას და მაგალითად, მანკიერ პრაქტიკად თვლის, რომ „შემაჯამებელი ოქმის კანონიერებაზე პრეტენზიები ხმის დათვლის პროცესში უნდა დაფიქსირდეს. სხვა შემთხვევაში, მოსარჩელე კარგავს ოქმში ასახული მონაცემების სანდოობაზე დავის შესაძლებლობას“. ორგანიზაციის შეფასებით, „ის გარემოება, რომ ხმის დათვლის პროცედურასთან დაკავშირებით საარჩევნო უბანზე საჩივარი არ დაწერილა, ვერ იქნება შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემების სანდოობის საფუძველი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG