Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეტალები სუსლიაკებზე: სად არის მე-11 ბავშვი და რა წარსული აქვს ოჯახს


იულია სუსლიაკს მე-11 ბავშვი ჯაკუზიში დაეხრჩო, ძიძის დაუდევრობის გამო. სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული. ყველა საბუთი მიჭირავს ხელში, - უყვება რადიო თავისუფლებას ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალის ადვოკატი, ზურაბ თოდუა.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ათი ბავშვით შემოსულ ქალს მეთერთმეტე ბავშვის ისტორიასთან კავშირიც დაუდასტურდა - სულ უფრო გაძლიერდა ეჭვები. მაგრამ ადვოკატ თოდუას ისევ მტკიცედ სჯერა, რომ ქალი სრულიად უდანაშაულოა. რადიო თავისუფლება ადვოკატის კიდევ ერთ მონათხრობს გთავაზობთ.

მეთერთმეტე ბავშვის ბურუსით მოცული ისტორია

2018 წლის ივნისი იყო. რვა თვის ორსული იულია სუსლიაკი და მისი მეუღლე - იური სუსლიაკი, ათ ბავშვთან ერთად, მოსკოვში, ფეშენებელურ სახლში ცხოვრობდნენ.

„იმ ტრაგიკულ დღეს ოჯახის პედიატრი იყო გამოძახებული, ბავშვების გასასინჯად. მერე ოჯახის მამამ ექიმი წაიყვანა და თან გზად წამლებიც უნდა ეყიდა... ცოლმა დაურეკა, უბედურება დაგვემართა - ბავშვი დაიხრჩოო“, - გვიყვება ადვოკატი ზურაბ თოდუა, რუსეთში ჩატარებული გამოძიების მასალებზე დაყრდნობით.

გამოძიების შედეგად გაირკვა:

  • ძიძა ბავშვებს, გვერდიგვერდ, ორ ჯაკუზიში აბანავებდა და სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია;
  • ბავშვი წყალში თავით ჩავარდა და დაიხრჩო;
  • გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია დასახელდა;
  • გვამს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა;
  • დაღუპული ბავშვი მაშინ თითქმის 10 თვის იყო.

დასაჯეს თუ არა ძიძა? პასუხი უარყოფითია - არა, არ დასაჯეს.

ადვოკატი ამბობს, რომ „ძიძას არ დაუდგინდა ბრალეული ქმედება და ამიტომ - გამოძიებაც შეწყდა“.

„საქართველოში ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ათი თვის ბავშვი თავისით ვერ მივიდოდა წყლით სავსე აბაზანასთან... მაგრამ ჩვენ არც ვამტკიცებთ, რომ თავისით მივიდა. ეს აბსურდია, ამას როგორ ვიტყვით?! ბავშვებს ჯაკუზიში ძიძა აბანავებდა“, - ამბობს ზურაბ თოდუა.

მეთერთმეტე ბავშვთან დაკავშირებული ამბავი ადვოკატმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც 25 აპრილს დაკავებული იულია სუსლიაკი გამოძიებამ დაკითხა.

მალავდა თუ არა ის მანამდე ამ ისტორიას? ადვოკატი გვპასუხობს - „არა, არ მალავდა. უბრალოდ, როდესაც ჰკითხეს, მაშინ თქვა“.

ბრალდების მხარისთვის არ არის დამაჯერებელი ბავშვის დახრჩობის ვერსია. ბრალდება ბავშვის გაყიდვის ფაქტზე ლაპარაკობს. გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ სწორედ ბავშვების გაყიდვის მიზნით უნდოდა გადასვლა იულია სუსლიაკს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც მისი მეუღლე იმყოფება.

აფხაზეთში სწრაფად გადასვლის იმედით, იულია სუსლიაკი თავდაპირველად ზუგდიდში დასახლდა. იქაური მეზობლები ამბობენ, რომ ქალი არ უვლიდა ბავშვებს, არ აქცევდა სათანადო ყურადღებას და ბავშვებიც ხშირად ტიროდნენ.

ვისია ათი ბავშვი?

როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, იულია სუსლიაკი ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო დანარჩენი ექვსი ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილები არიან (სუროგაციის მეთოდის გამოყენებით).

თოდუას თქმით, მას უკვე ყველა ბავშვთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია აქვს, მათ შორის:

  • 7 ბავშვის შემთხვევაში - სუროგატ დედებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;
  • 4 ბავშვის შემთხვევაში - იულია სუსლიაკის მშობიარობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაციის მიხედვით საქართველოში შემოყვანილი ათივე ბავშვის დედა სწორედ იულია სუსლიაკია, სამართალდამცველთა ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ათი ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული.

ასევე 2017 წელს იყო დაბადებული ბავშვი, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებით - დაიღუპა.

თოდუა კატეგორიულად არ იზიარებს გამოძიების ვერსიას, რომ:

  • იულია სუსლიაკმა, თანამზრახველებთან ერთად, ათი ბავშვი იყიდა და შეიყვანა რუსეთის ტერიტორიაზე;
  • მეთერთმეტე ბავშვი კი, მოგვიანებით იყიდა ამერიკაში.

ადვოკატი ზურაბ თოდუა გვიყვება, რომ იულია სუსლიაკსა და მის მეუღლეს ერთმანეთთან დიდი და ხანგრძლივი სიყვარული აკავშირებს.

  • იმის გამო, რომ კაცი თავადაც მრავალშვილიანი ოჯახიდან არის, წყვილი მუდამ ბევრ შვილზე ოცნებობდა;
  • პირველი სამი ბავშვის გაჩენის შემდეგ, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდა და შვილის გაჩენა აღარ შეეძლო;
  • ამიტომ გადაწყვიტა წყვილმა, რომ სუროგაციის მეთოდისთვის მიემართა.

რატომ ჩამოდის ბებია საქართველოში?

რადგან მამა (იური სუსლიაკი) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება და იქ ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევით ჩავიდა, თბილისში ვეღარ ჩამოდის ბიოლოგიური მასალის ჩასაბარებლად, - ეუბნება ადვოკატი ზურაბ თოდუა რადიო თავისუფლებას.

რასაც მამა ვერ ახერხებს, გააკეთებს ბებია.

  • ადვოკატის თქმით, ის კიევიდან ჩამოიყვანს იური სუსლიაკის დედას;
  • დნმ-ის ანალიზისთვის დანიშნავს ალტერნატიულ ესპერტიზას;
  • ამით დაამტკიცებს, რომ ყველა ბავშვი იური სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია.

23 აპრილს დნმ-ის კვლევისთვის მასალები უკვე ჩააბარა თავად იულია სუსლიაკმა. თუმცა ამ ანალიზით, ადვოკატის თქმით, შესაძლოა დადასტურდეს მისი ბიოლოგიური კავშირი მხოლოდ ოთხ ბავშვთან.

ასევე შესაძლებელი იქნება ბავშვებს შორის ბიოლოგიური კავშირის დამატებითი გამოკვლევაც, თუმცა უფრო იოლ და სწრაფ გზად ადვოკატს სწორედ ბებიის ჩამოყვანა მიაჩნია - ეს იდეა ზურაბ თოდუას, როგორც თავად ამბობს, არ მოუწონა ბრალდების მხარემ.

სუსლიაკები და სამშენებლო თაღლითობა

უამრავი დაუსრულებელი მშენებლობა, მიტაცებული 12 მილიონი გრივნა (500 ათასი დოლარი) და უბინაოდ დარჩენილი, გამწარებული ხალხი - ინტერნეტსივრცეში იძებნება უამრავი სტატია თუ პოსტი, რომლებიც იური სუსლიაკისა და მისი ქსელის - „ნაბერეჟნი კვარტალის“ ისტორიას უკავშირდება.

  • ხალხი ერთმანეთს აფრთხილებს - ქსელი სხვადასხვა სახელით მოქმედებს და არ ენდოთ, კარგად გამოიკვლიეთო;
  • ხალხი თაღლითების დაკავებას ითხოვს;
  • ხალხი ფულის დაბრუნებას ითხოვს.

ინტერნეტში იოლად მოსაძებნია ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ იულია სუსლიაკი (ძველი გვარით - იულია ტროფიმჩენკო) ასევე მუშაობდა მეუღლესთან, იური სუსლიაკთან ერთად კომპანია „NK Group“-ში.

ზურაბ თოდუა ამბობს, რომ „იულია სუსლიაკი ძალიან ჭკვიანი და განათლებული ქალია“, ის მართლაც მუშაობდა კომპანიაში მეუღლესთან ერთად, მაგრამ საქმე გვაქვს არა თაღლითობასთან, არამედ ეს არის ბიზნესის შევიწროების მაგალითი.

„ამ სამშენებლო კომპანიას ბევრი კონკურენტი ჰყავდა. გარკვეულმა ძალებმა ასე ვთქვათ მოაგვარეს სიტუაცია ექსპრეზიდენტ (პეტრო) პოროშენკოსთან, სუსლიაკის შეავიწროვეს და გამოაძევეს ბაზრიდან. ახლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სუსლიაკი არ გამოჩნდეს უკრაინაში“, - ამბობს ადვოკატი თოდუა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG