ბოლო დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობებში უფრო იშვიათად გვხვდება შეტყობინებები რუსეთის მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული იერიშების შესახებ. „შაჰედის“ ტიპის მოიერიშე დრონები კვლავაც მონაწილეობენ უკრაინაზე განხორციელებულ კომბინირებულ დარტყმებში, თუმცა ახლა მათმა საშუალო რაოდენობამ ერთ შეტევაზე 100-150-მდე იკლო. მიუხედავად ამისა, მათგან მომდინარე საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა. ახლა კომბინირებულ შეტევებში რუსული დრონების მნიშვნელოვანი ნაწილი რეაქტიული და ონლაინმართვადია. ისინი სამიზნეებისკენ წინასწარ მითითებული კოორდინატებით კი არ მიფრინავენ, არამედ რეალურ დროში იმყოფებიან ოპერატორის მუდმივი კონტროლის ქვეშ.
როგორც საჰაერო ძალების სპიკერი იური იჰნატი წერდა, ივლისში რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებით ხუთჯერ მეტი რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, ვიდრე ივნისში. თუმცა შიდაწვის ძრავიან ჩვეულებრივ დრონებს რუსეთის ჯარი მაინც უფრო ხშირად იყენებს.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტი donbass.realii სპეციალისტებსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (გურ) წარმომადგენლებს ესაუბრა რუსეთის მართვად რეაქტიულ უპილოტო საფრენ აპარატებზე და იმის შესახებ, თუ რატომ არ აღმოჩნდა უკრაინა ამ საფრთხისთვის ბოლომდე მომზადებული.
მასშტაბები და სიჩქარე, რომლებსაც არ ელოდნენ
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის არმიამ დარტყმების ფართო კამპანია გაშალა უკრაინის სასაზღვრო და ფრონტისპირა რაიონებში მდებარე სამიზნეებზე. მისი მოცვის სავარაუდო ზონა, რომელიც ზოგ მონაკვეთზე 100 კილომეტრზე მეტად იჭრება უკრაინის სიღრმეში, რუკაზე აჩვენა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვის ტექნოლოგიური მიმართულებების საკითხებში, სერჰი ბესკრესტნოვმა.
დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები donbass.realii-ს უამბობენ, რომ რუსეთის არმია უპილოტო საფრენ აპარატებს MESH-მოდემების მეშვეობით მართავს. მათ რამდენიმე კილოგრამი წონის შავი ყუთის იერი აქვთ და დაახლოებით 3500 დოლარი ღირს. ეს რამდენჯერმე ძვირია Starlink-ზე, თუმცა მოძრავ სამიზნეებზეც კი იძლევა მართვადი დარტყმების მიყენების საშუალებას. MESH-ტექნოლოგია ახლა თუ სერიის თითოეულ უპილოტოში არა, შესამჩნევ რაოდენობაში მაინც არის დამონტაჟებული.
„ტექნიკური თვალსაზრისით MESH-ქსელის ჩახშობა რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) საშუალებებით რთულია. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე მოქმედი რებ-ი, რომელიც 100 პროცენტით ჩაახშობს რუსულ ქსელს. ეს ძალიან რთულია. სტაბილური კავშირითა და ვიდეოდამიზნებით მათ შეუძლიათ დააზიანონ ყველაზე ხელსაყრელი ტიპის სამიზნეები, რადგან ხედავენ გამოსახულებას და შეუძლიათ პრიორიტეტების დასახვა, თუ რა განადგურდეს“, ამბობს დანილა შენჰელსკი, საქველმოქმედო ფონდის, „დაბრუნდი ცოცხალის“, პროექტ „დრონოპადის“ სამხედროებთან მუშაობის მენეჯერი.
უპილოტოებს მართავენ რუსეთის ტერიტორიასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მიწისზედა სადგურებიდან. სადგურიდან მიღებული სიგნალი თითოეულ უპილოტო საფრენ აპარატს შეუძლია გადასცეს მომდევნო დრონს, ხოლო მას - კიდევ უფრო შორს, რითაც ყალიბდება ქსელი. თუმცა ყოველ მომდევნო მიერთებასთან ერთად სიგნალის ხარისხი იკლებს: რაც მეტია მანძილი სადგურსა და უპილოტოს შორის, მით უფრო რთულია მისი მართვა. ამ სიძნელეების მიუხედავად, რუსულ რეაქტიულ დრონებს უკვე კიევის თავზეც აფიქსირებენ, რუსეთის საზღვრიდან 200 კილომეტრის დაშორებით.
„ზოგიერთ მიმართულებაზე რეაქტიული „შაჰედები“ სიტყვასიტყვით ნიშნავს არსებული „შაჰედების“ უმრავლესობას. და ეს ქმნის ყველაზე დიდ პრობლემას. ზუსტად ვიცოდით, რომ არსებობდა ასეთი იარაღი, რომ მას შეეძლო მასობრივი გამხდარიყო, მაგრამ არ გვეგონა, თუ ასე სწრაფად და ასეთი მასშტაბებით გამოჩნდებოდა ამ ზაფხულს“, აღნიშნავს შენჰელსკი.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, ივლისში რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებით თითქმის ხუთი ათასი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა - ნაკლები, ვიდრე ივნისში. ამასთან, გადატაცებული დრონების წილიც შემცირდა და 87 პროცენტი შეადგინა - დიდწილად რუსეთის მიერ გამოყენებული რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე.
ფართოდ არის ცნობილი, რომ რუსეთის არმია ახლა იყენებს რეაქტიული მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატების რამდენიმე მოდიფიკაციას: „გერან-3“-ს, „გერან-4“-სა და „გერან-5“-ს.
ჩამოთვლილთაგან პირველი არის ირანული Shahed-238-ის ანალოგი, გარდამავალი მოდელი ფრენის სიჩქარით დაახლოებით 300 კმ/სთ. ისინი უკვე არაერთხელ ჩამოაგდეს დრონული საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. თუმცა „გერანის“ შემდგომი ვერსიები სიჩქარით უკვე შესამჩნევად აღემატებია უკრაინულ დრონ-გადამტაცებს.
„გერან-4“-ს შეუძლია იფრინოს დაახლოებით 350 კმ/სთ სიჩქარით. რუსეთის არმია აქტიურად ამონტაჟებს ამ უპილოტოებზე MESH-მოდემებს ამ საშუალებების ხელით სამართავად, რაც უკრაინაში არსებულ სამიზნეებზე მიზანმიმართული დარტყმების მიყენების საშუალებას იძლევა, ჰყვება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც რადიო თავისუფლება უსაფრთხოების მოსაზრებებით არ ამჟღავნებს.
ის ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მუდმივად ეძებენ გზებს, თუ როგორ გამოიყენონ ეს უპილოტოები ყველაზე ეფექტიანად - მაგალითად, უპილოტო საფრენი აპარატები საზღვარს კვეთენ მაქსიმალური სიჩქარითა და განსაზღვრულ სიმაღლეზე, ხოლო სამიზნესთან მიახლოებისას მაქსიმალურად დაბლა ეშვებიან.
„გერან-5“-ს ხშირად „დრონ-რაკეტას“ უწოდებენ კონსტრუქციული თავისებურებების გამო: ვიზუალურად ის კლასიკურ „შაჰედს“ კი არა, ფრთოსან რაკეტას უფრო წააგავს. დაზვერვის მთავარი სამმართველოს შეფასებით, მათი ფრენის სიშორე 950 კილომეტრია, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარე - 600 კმ/სთ. თუმცა მათ უფრო იშვიათად იყენებენ, ვიდრე „გერან-4“-ს.
უკრაინული გამოცემა „მილიტარნი“ დაზვერვის მთავარი სამმართველოდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რუსეთი თვეში დაახლოებით 3 ათას რეაქტიულ „გერან-4“-სა და „გერან-5“-ს აწარმოებს.
არსებობს დრონისა და ფრთოსანი რაკეტის კიდევ ერთი ჰიბრიდი - „ბანდეროლი“ - ფრენის დაახლოებით 500-კილომეტრიანი სიშორითა და 600 კმ/სთ-ზე მეტი მაქსიმალური სიჩქარით. „ბანდეროლის“ გაშვება შესაძლებელია როგორც ხმელეთიდან, ისე მსხვილი რუსული უპილოტო საფრენი აპარატიდან, „ორიონიდან“. დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, რუსეთს შეუძლია თვეში 80-მდე ასეთი „დრონი-რაკეტა“ აწარმოოს. მისი დარტყმებისგან ყველაზე მეტად ხარკოვი და ოდესა ზარალდებიან, აღნიშნავს donbass.realii.
„რეაქტიული „შაჰედები“ ახლა - დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით რუსებიდან პირობითად პირველი 100 კილომეტრისთვის, რადგან, სამწუხაროდ, არ არსებობს ეფექტიანი საშუალება, რომელსაც შეუძლია მასობრივად და გარანტირებულად გადაიტაცოს ისინი. შესაბამისად, მთელი ჯარი, რომელიც უშუალოდ გადატაცების საკითხებზე მუშაობს, ახლა ფიქრობს იმაზე, თუ რა გზით შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა“, ამბობს დანილა შენჰელსკი.
უკრაინელი სამხედროები და სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთის არმიას შეიძლებოდა დაეწყო რეაქტიული დრონების წარმოებისა და გამოყენების მასშტაბირება, თუმცა არ ელოდნენ, რომ ეს ასე სწრაფად მოხდებოდა, აღიარებს ექსპერტი.
„სამხედრო წრეებში იყო მოსაზრებები იმის შესახებ, რომ რუსები ვერ შეძლებდნენ [მათი წარმოების] მასშტაბირებას, რადგან საჭიროა უფრო ძვირი ტურბორეაქტიული ძრავა და ა.შ. მათ ახლა მიაღწიეს ამ რეაქტიული „შაჰედების“ წარმოების პლუს-მინუს ადეკვატურ, მათი თვალსაზრისით, რაოდენობრივ მაჩვენებლებს“, ამბობს შენჰელსკი.
ის, რომ ახალი მოიერიშე საშუალებებით რუსეთის შეტევები პრობლემას წარმოადგენს ფრონტისპირა, სასაზღვრო რაიონებსა და უკრაინის სამხრეთში, ირიბად აღიარა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ გამოწვევები რკინიგზაზე, ზოგადად ლოგისტიკის გამო. გამოწვევები ოდესაში მუდმივი რუსული ტერორის გამო. არის რაღაცები, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ჯერჯერობით ეს საჯარო არ არის, რათა ჩვენს ლოგისტიკას შესაძლებლობები დავუმატოთ. და მესამე - მე გავეცი დავალება, მეტი ძალა ჩაერთოს ფრონტისპირა და სასაზღვრო თემებში სამუშაოებისთვის. სწორედ დამცავი სამუშაოებისთვის გზებზე, ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“, დაწერა მან თავის არხზე ტელეგრამში.
რა ობიექტებს ურტყამს რუსეთის არმია რეაქტიული დრონებით
რუსეთის რეაქტიული დრონების დარტყმების სამიზნეებს თვალს ადევნებს ფრანგი მკვლევარი კლემან მოლენი.
„წინა თვეში ყველაზე მეტი შეტევა იყო ობიექტების ორ კატეგორიაზე. პირველი უკავშირდება ენერგეტიკას - ეს არის ნავთობი და საწვავი. რუსეთმა ბოლო თვეებში დაარტყა 200 ავტოგასამართ სადგურს. ასევე არის ენერგეტიკისა და ელექტრომომარაგების ობიექტები, რომლებსაც მიაყენეს 20-მდე დარტყმა: რუსეთი უტევს ელექტრულ ქვესადგურებს მთელს უკრაინაში. ასევე არის დარტყმები გაზის ინფრასტრუქტურაზე. ეს დარტყმები რეგულარულად ხორციელდება იმ მიზნით, რომ გაძნელდეს უკრაინული მრეწველობისა და ლოგისტიკის მუშაობა“, აღნიშნავს ის donbass.realii-სთან საუბარში.
თუმცა, მოლენის პროგნოზით, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის საიერიშო კამპანიის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის და, სავარაუდოდ, ამა წლის სექტემბერ-ოქტომბერზე მოვა.
ივლისში რუსეთის არმიამ უფრო ხშირად დაიწყო დარტყმების განხორციელება უკრაინულ ლოგისტიკაზე, ირკვევა მკვლევრის სტატისტიკიდან.
„რუსეთმა დარტყმები მიაყენა დაახლოებით 60 საწყობს მთელს უკრაინაში, რომელთა შორისაც იყო სუპერმარკეტი, ასევე მრავალრიცხოვანი საწყობები, რომლებიც გამოიყენება დრონების წარმოებისთვის, სამხედრო და სამოქალაქო მრეწველობისთვის მთელს ქვეყანაში“, ამბობს კლემან მოლენი.
გარდა ამისა, მიუთითებს ის, რუსეთი დარტყმებს აყენებდა მრავალრიცხოვან სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მთელს უკრაინაში, კერძოდ მატარებლებს მთელს ქვეყანაში, განსაკუთრებით დნეპროპეტროვსკის ოლქში, ასევე პორტებს ოდესასა და ნიკოლაევში.
რუსეთის დარტყმების მსხვერპლი ხშირად ხდებიან უკრაინის მშვიდობიანი მცხოვრებლები. 21 აგვისტოს რუსეთის არმიამ ორი რეაქტიული დრონი „გერან-4“-ით დაარტყა სავაჭრო ცენტრს კრივოი-როგში, რის შედეგადაც დაიღუპა 16 ადამიანი, კიდევ სულ მცირე 130 კი დაიჭრა.
როგორ შეუძლია უკრაინას დაუპირისპირდეს რუსულ რეაქტიულ დრონებს?
„ბევრი მწარმოებელი სამხედროებთან ერთად ექსპერიმენტებს ატარებს, ცდილობს იპოვოს რაიმე გამოსავალი, მაგრამ, სამწუხაროდ, რაიმე მასობრივ, სტაბილურად მომუშავე გადაწყვეტას ამ მომენტისთვის ვერ ვხედავ“, აღიარებს სპეციალისტი დანილა შენჰელსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილის, ანდრი ლებედენკოს თქმით, ჩვეულებრივი უკრაინული დრონი-გადამტაცები ანადგურებენ ძველი თაობის „შაჰედების“ თითქმის 70 პროცენტს.
„ახლა გაიზრდება დრონი-გზაგადამჭრელების ახალი თაობა. თქვენ იცით, რომ ჩვენ რეაქტიულებიც უკვე გვაქვს. მე ვფიქრობ, დაახლოებით ორ თვემდე ვადაში გვექნება ახალი გადაწყვეტები, თუმცა არა მასშტაბური“, აკეთებდა ის პროგნოზს ივლისში გამართულ ბრიფინგზე.
21 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალების არსენალს შეემატა უკრაინაში პირველი რეაქტიული გადამტაცი Alexa Spatium. ეს არის სწრაფი რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინელმა ინჟინრებმა შექმნეს სპეციალურად რეალურ საბრძოლო პირობებში მცირე ზომის საჰაერო, ხმელეთზე მყოფი და წყალზე მყოფი სამიზნეების, პირველ რიგში კი დრონი-კამიკაძეების - „გერან-3“-ის, „გერან-4“-ის, „გერან-5“-ისა და Shahed-131-ის გასანადგურებლად.
ლებედენკოს თქმით, რომელიც მათ შორის არმიაში ინოვაციებისთვისაც არის პასუხისმგებელი, არსებობს ერთდროულად რამდენიმე პარალელური პროექტი, რომელთაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება შეუძლიათ: დისტანციურად მართვადი კოშკურები, უკრაინული წარმოების საბრძოლო მასალები, რომელთათვისაც შესაძლებელია აფეთქების დაპროგრამება, მოდერნიზებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და სარაკეტო შეიარაღება. ამ ჩამონათვალში გადამტაცები მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია.
„ვამზადებთ თვითმფრინავის ტიპის პლატფორმებს, რომლებიც ასევე გადაიტანს განადგურების საშუალებებს, იძლევა მანევრირების საშუალებას 300-დან 800 კმ/სთ-მდე სიჩქარით და იმ სიმაღლეებზე, რომლებზეც რეაქტიული „შაჰედები“ მუშაობს. ჩვენი აზრით, ეს ყველაზე მასობრივი ამბავია. შეგვიძლია მისი მასშტაბირება და ის ეკონომიკურად მომგებიანია“, დარწმუნებულია ბრიგადის გენერალი.
„რეაქტიული „შაჰედების“ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა ნამდვილად შეიძლება დრონული საჰაერო თავდაცვის მეშვეობით. ვინაიდან ახლაც კი, 10 წუთის წინ, უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთმა ბრიგადამ ჩამოაგდო რეაქტიული „შაჰედი“ და გამოგვიგზავნა ვიდეო. ამის გაკეთება შესაძლებელია. და ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავზარდოთ ეკიპაჟების ან გადამტაცების დისტანციური მართვის პუნქტების რაოდენობა იმისათვის, რომ დავფაროთ უკრაინის დიდი ტერიტორია“, მიიჩნევს დანილა შენჰელსკი.
ფრანგი მკვლევარი კლემან მოლენი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის ერთ-ერთი გადაწყვეტა შეიძლება გახდეს შეტევა ალაბუგაში მდებარე ქარხანაზე, რომელიც რეაქტიულ უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.
„არის მეორე გამოსავალიც - ამ დრონების გასაშვები დანადგარების დაზიანება, რადგან განსხვავება „გერან-2“-სა და „გერან-4“-ს შორის ის არის, რომ „გერან-4“-ის გაშვება მხოლოდ ფიქსირებული რელსიდან არის შესაძლებელი. ეს 3-4 ადგილია რუსეთში და უკრაინის სამხრეთში. [გასაშვებ დანადგარებზე დარტყმები] რუსებს აიძულებდა, შეეჩერებინათ გაშვება რამდენიმე დღით ან კვირით, სანამ ახლებს აღჭურავდნენ“, ამატებს ის.
გამოცემა donbass.realii აღნიშნავს, რომ საჰაერო დაპირისპირებაში დაიწყო ახალი ტექნოლოგიური ეტაპი: თუ სულ ცოტა ხნის წინ უკრაინულმა საიერიშო კამპანიამ სერიოზული პრობლემები გამოიწვია რუსეთის ზურგში, ახლა უკვე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აიძულებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რეაგირება მოახდინონ უკრაინის ტერიტორიაზე რეაქტიული დრონებით მიყენებულ დარტყმებზე.
„რეაქტიული დრონების ჩამოგდების პროცენტი მაღალი რჩება საჰაერო თავდაცვის სხვადასხვა ელემენტის, კერძოდ რაკეტების მარაგის წყალობით, თუმცა გამოფიტვის ომში მნიშვნელოვანია, რომ საფრთხესთან ბრძოლის შესაძლებლობა მუდმივი იყოს“, აჯამებს ჟურნალისტი რომან პაჰულიჩი.