Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საბჭოს ვერ მოედავები, ის ვალდებული იყო 20-ვე ვაკანსია გამოეცხადებინა"


დიმიტრი ხაჩიძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის წევრი
დიმიტრი ხაჩიძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის წევრი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10 მაისს მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყებაზე.

განცხადებების მიღება დაიწყო 11 მაისს და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით. მსურველმა განცხადება უნდა შეავსოს ელექტრონულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-საიტზე მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართელთა შერჩევა-დანიშვნის საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ, გამოითქვა არაერთი მოსაზრება იმაზე, რომ ეს ცვლილებები არ ზღუდავს ე.წ. კლანს უზენაეს სასამართლოში კვლავაც მისთვის სასურველი კანდიდატები დანიშნოს. ბევრი არ გამორიცხავს, რომ საბჭოს მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ სიაში კვლავაც აღმოჩნდნენ ის პირები, რომლებიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს წარდგენილ სიაში იყვნენ. ასეთივე მოსაზრება გამოთქვა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, თუმცა, პროცესის დაწყების შემდეგ თავისი „ფეისბუკის“ გვერდიდან კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა კომპეტენტურ იურისტებს.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლიც“ თვლის, რომ კონკურსში მაქსიმალურად ბევრი ღირსეული კანდიდატის მონაწილეობა ხელს შეუწყობდა პროცესის სიჯანსაღეს. 13 მაისს ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა:

„იმისათვის, რომ მაქსიმალურად ამაღლდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ პირთა სტანდარტი და მინიმუმამდე დავიდეს ამ პროცესში არსებული კანონმდებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობა, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კანდიდატი განიხილებოდეს ვაკანტურ თანამდებობაზე“.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, დიმიტრი ხაჩიძე, რომელიც თვლის, რომ საზოგადოების ნიჰილიზმს საფუძველი ნამდვილად აქვს, „დილის საუბრებში“ განმარტავს ორგანიზაციის პოზიციას:

„ერთ-ერთი მთავარი, რასაც მივაღწიეთ, არის ის, რომ ეს პროცესი არის გამჭვირვალე და გასაუბრება როგორც საბჭოში, ასევე პარლამენტშიც იქნება ღია.

მაგალითად, როცა არჩევანი უნდა გაკეთდეს ორ კანდიდატს შორის, რომელთაგან ერთი, დავუშვათ, იყო ან არის სამოსამართლეო გამოცდილების მქონე, მაგრამ მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც სერიოზულ კითხვებს ბადებს მის პროფესიონალიზმზე, დამოუკიდებლობაზე, კეთილსინდისიერებაზე და ა.შ. და მეორე მხრივ, გვყავს კანდიდატი, დავუშვათ, ადვოკატი ან პროკურორი ან სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, რომლის მიმართაც ასეთი კითხვები არ არსებობს. მას თავისი განვლილი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე დამტკიცებული აქვს მისი კეთილსინდისიერება, მაღალი ზნეობა, კომპეტენცია და ა.შ..

როცა ასეთი არჩევანია და ამ ორ კანდიდატს შორის, თუ, დავუშვათ, ჯერ საბჭომ და მერე პარლამენტმა უარესზე გააკეთა არჩევანი, ეს არ იქნება ადვილი ამბავი. ვთქვათ, საბჭოს ეს ნაკლებად აინტერესებს, მეორეხარისხოვანია მისთვის, მაგრამ პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და მისი გადაწყვეტილებები საბოლოოდ ამომრჩეველთა ხმებში აისახება“.

კონკურსი გამოცხადებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა 28 მოსამართლით განისაზღვრება.

დიმიტრი ხაჩიძე განმარტავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო კონკურსი გამოეცხადებინა 20-ვე ვაკანსიაზე. სხვა საქმეა, რომ პარლამენტმა შეიძლება პირველივე ჯერზე არ დაამტკიცოს ყველა კანდიდატი, რომელსაც საბჭო გადასცემს. შეგახსენებთ, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის უდიდესი ნაწილია დასაკომპლექტებელი, ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რჩევა იყო, ყველა ვაკანსია არ დაეკომპლექტებინა ერთი მოწვევის პარლამენტსა და ერთ მმართველ პოლიტიკურ ძალას. არამედ, განესაზღვრა პირველ ეტაპზე რამდენი ვაკანსიის შევსება იქნებოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების პროცესის უზრუნველსაყოფად.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG