Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრაგან შტავლიანინი: მყიფე ვითარებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს


საერთაშორისო საზოგადოებაში აზრთა პოლარიზაცია გამოიწვია კოსოვოს არმიის შექმნის გადაწყვეტილებამ, რასაც გასული წლის ბოლოს კოსოვოს პარლამენტართა უდიდესი უმრავლესობა მიემხრო. აშშ-ის ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც უყოყმანოდ დაუჭირა მხარი ამ ნაბიჯს, ნატოსა და გაეროში კოსოვოს არმიის შექმნის გადაწყვეტილებას „ნაჩქარევი“ და „შემაშფოთებელი“ უწოდეს. რატომ ეკრძალება 100-ზე მეტი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლად აღიარებულ კოსოვოს საკუთარი სამხედრო ძალის შექმნა და რა საფრთხის მატარებელია პრიშტინის ეს ნაბიჯი? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს დრაგან შტავლიანინი, სერბი ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის მიმომხილველი.

დრაგან შტავლიანინი: „ეს ძალიან რთული საკითხია: მართალია, კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ის 100-ზე მეტმა ქვეყანამ ცნო, მართალია, ის გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს 90-მდე ქვეყანა, - მათ შორის რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვები, - რომლებსაც არ უღიარებიათ კოსოვოს დამოუკიდებლობა. კოსოვო არ არის გაეროს წევრი. (...) ამას გარდა, კოსოვოს კონსტიტუციის შესაბამისად, საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა იმისათვის, რომ არმია შეიქმნას. ცვლილებისთვის კი აუცილებელია თანხმობა კოსოვოელი სერბების მხრიდან. რახან ასეთი თანხმობა არ იყო, მათ რაღაცნაირად გვერდი აუარეს კონსტიტუციას და მიიღეს კანონი არმიის შესაქმნელად. მესამე ასპექტია უსაფრთხოების პრობლემა: ადგილობრივი სერბები შიშობენ, რომ კოსოვოს არმია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სერბების წინააღმდეგ მიმართული ეთნიკური წმენდისათვის ჩრდილოეთ კოსოვოში, რომელსაც პრიშტინა სრულად ვერ აკონტროლებს. მოკლედ, მართლაც არსებობს მიზეზები იმისათვის, რომ ეს პრობლემა იყოს ასეთი მწვავე.

კობა ლიკლიკაძე: რეალურია ეს საფრთხე? წაკითხული მაქვს, რომ ბევრი შიშობს, ვაითუ არმიის შექმნა საფრთხეს მოასწავებდეს სერბებისთვის კოსოვოშიო. თქვენ როგორ ფიქრობთ?

დრაგან შტავლიანინი: ძალიან გამიჭირდება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. კოსოვოს ლიდერები ირწმუნებიან, რომ არმია არის ერთ-ერთი კანონიერად შექმნილი ინსტიტუტი. იმედი მაქვს, რომ მას არ გამოიყენებენ სერბების ან ნებისმიერი სხვა ეთნიკური უმცირესობის, არაალბანელების, წინააღმდეგ. მაგრამ იმ ვითარებაში, როცა პრაქტიკულად არაფერზე არ არსებობს შეთანხმება სერბეთსა და კოსოვოს, სერბებსა და ალბანელებს შორის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბალკანეთში ჩვენ ეს ვიცით წარსული გამოცდილებიდან. რახან ბევრი საკითხი ღია რჩება, რასაკვირველია, არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ამ მყიფე ვითარებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

კობა ლიკლიკაძე: ზოგი ისეთ ვარაუდსაც კი გამოთქვამს, რომ თუ კოსოვოში კონფლიქტი იქნება, სერბიამ შესაძლოა დახმარება სთხოვოს რუსეთს. რას ფიქრობთ? - დიახ, ინტერვენცია სთხოვოს.

დრაგან შტავლიანინი: რასაკვირველია, რუსეთი სერბეთის დიდი მხარდამჭერია. მას ამისათვის თავისი მიზეზები აქვს, თავისი ინტერესები და ა.შ., ხოლო სერბეთს რუსეთის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი აქვს, იმედი აქვს, რომ რუსეთი დაბლოკავს გაეროში კოსოვოს მიღებას. მაგრამ ინტერვენციაზე საუბარი უკვე გაზვიადებად მიმაჩნია, არარეალისტურად - შეგახსენებთ, რომ კოსოვოში ომის ბოლოს რუსეთიც იყო ჩართული საერთაშორისო ძალებში. როცა კოსოვოში საერთაშორისო მისია მიავლინეს, რუსეთმა გაგზავნა 3 000-მდე ჯარისკაცი, რომელიც იქ ოთხი წელი იმყოფებოდა... ეჭვი მეპარება, რომ რუსეთმა ახლა გაგზავნოს ჯარისკაცები და გარისკოს კონფლიქტი ნატოსთან, რომელიც ჯერ კიდევ რჩება კოსოვოში. ამდენად, ეს არ მიმაჩნია რეალისტურად. ეს შესაძლოა სასურველი იყოს სერბეთისათვის და, თან, სახიფათო საკუთრივ სერბეთისთვისაც.

კობა ლიკლიკაძე: ქართველი ჯარისკაცებიც იყვნენ ამ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის მონაწილეებს შორის. კოსოვოს ჯერ კიდევ აკონტროლებს კეიფორი (KFOR) -საერთაშორისო სამშვიდობო ძალები ნატოს სარდლობით. ეს ძალები 1999 წლიდან იმყოფებიან კოსოვოში. დღეისათვის კეიფორის (KFOR-ის) შემადგენლობაშია 4 000-მდე ჯარისკაცი. ნიშნავს ეს იმას, რომ, 20-წლიანი ინტენსიური საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედავად, კოსოვო კვლავაც რჩება „ცხელ წერტილად“ ევროპის რუკაზე?

დრაგან შტავლიანინი: ჯერ არ არსებობს შეთანხმება სერბებსა და ალბანელებს, სერბეთსა და კოსოვოს შორის. ეს, მართლაც, ცხელი წერტილია. მთლიანად ბალკანეთია ცხელი წერტილი, „დენთით სავსე კასრი“ ევროპაში, როგორც მას მე-19 საუკუნის ბოლოს შეარქვეს, რადგან არ მოგვარებულა არც ერთი ეთნიკური დავა, რომელიც 90-იან წლებში იუგოსლავიის დაშლას მოჰყვა და ომებში გადაიზარდა: დავა სერბებსა და ხორვატებს შორის, დავა სერბებსა და მუსლიმებს, ანუ ბოსნიაკებს, შორის, დავა კოსოვოს გარშემო. ასეთ ვითარებაში გამორიცხული არაფერია. საუბარია, მაგალითად, კოსოვოსა და ალბანეთის გაერთიანებაზე, აგრეთვე ბოსნიელ სერბთა გამოყოფაზე, რადგან ბოსნიელი სერბები ამბობენ: თუ კოსოვო შეიძლება დამოუკიდებელი იყოს, ჩვენ - რატომ არ შეიძლებაო? და სერბეთისთვის ეს ტერიტორია იქნებოდა ერთგვარი კომპენსაცია კოსოვოს დაკარგვის შემდეგ.

ასეთ ვითარებაში და იმის გათვალისწინებით, რამდენად შორეულია ყველა ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

კობა ლიკლიკაძე: დრაგან, თქვენ წიგნში „ცივი მშვიდობა, კავკასია და კოსოვო“ ეხებით რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს, სვამთ შეკითხვას: კოსოვოს აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრეცედენტს თუ უნიკალური შემთხვევაა? რას ფიქრობთ ამის შესახებ? რუსეთისთვის ეს წითელი ხაზი ხომ არ იყო, რომელზე გადაბიჯების შემდეგაც ის ამოქმედდა და, ბოლოს, აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის, დამოუკიდებლობა?

დრაგან შტავლიანინი: „ჩემი აზრით, კოსოვოს საკითხი უფრო საბაბად, თავის გასამართლებლად გამოიყენა რუსეთმა სამხრეთ ოსეთში ინტერვენციისათვის, რასაც მერე საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობა მოჰყვა. ჩემი აზრით, კოსოვოს რომ არც კი გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, რუსეთი იმავე ან მსგავს ნაბიჯს გადადგამდა. რადგან 90-ან წლებში ხელისუფლების სათავეში ელცინი იდგა, პოლიტიკური ვითარება განსხვავებული იყო, მაგრამ როცა რუსეთი სულ უფრო თავდაჯერებულად მოქმედებდა საერთაშორისო სარბიელზე - 2005- 2006 წლებში და ასე შემდეგ- იმისათვის, რომ არ დაეშვა ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება...

კობა ლიკლიკაძე: ​სხვათა შორის, თქვენ იწინასწარმეტყველეთ მოვლენების ასეთი განვითარება

დრაგან შტავლიანინი: სამწუხაროდ... ჩემი აზრით, რუსეთი ისარგებლებდა ნებისმიერი შანსით, რათა დაებლოკა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებები - კოსოვოთი თუ უკოსოვოდ.

იყო თუ არა კოსოვო უნიკალური შემთხვევა? შემთხვევა, რომელიც პრეცედენტად არ გამოდგება? ამის შესახებ შეგვიძლია თეორიულად ვიმსჯელოთ. ძალიან მოკლედ: კოსოვო იყო უნიკალური იმ მხრივ, რომ მისი მმართველობა ებარა გაერთიანებულ ერებს რვა წელი, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ უძღოდა მოლაპარაკების პროცესი და რომ ჰააგაში განთავსებულმა საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი, როგორც უნიკალური შემთხვევის, შესახებ. და ბოლო არგუმენტია, რომ კოსოვო სასტიკ ჩაგვრას განიცდიდა მილოშევიჩის რეჟიმის მხრიდან. მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით უნიკალურიც რომ იყოს, ფაქტია, რომ სეპარატისტული მოძრაობები სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, სხვაგანაც კოსოვოს მაგალითს იყენებენ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად: თუ კოსოვოსთვის შეიძლება, ჩვენთვის რატომ არაო?

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG