Accessibility links

დურუჯი და ლაგოდეხის ხევი - მდინარეები, რომლებიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის


მდინარე ლაგოდეხის ხევი

ღვარცოფული მდინარეები კახეთის რეგიონის მოსახლეობას ყოველ წელს პრობლემებს უქმნის. უხვი ნალექების შედეგად მდინარეები მუდმივად დიდდება და მიმდებარე ტერიტორიებს ტბორავს. გარემოს დამცველებისა და სპეციალისტების კვლევების საფუძველზე, ლაგოდეხის ხევი ღვარცოფულ მდინარედ ითვლება. მას, უკვე 4 წელია, პირველი კატეგორია აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა დროულ მოგვარებას საჭიროებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მდინარე ლაგოდეხის ხევი დროულად არ გაიწმინდა და დამცავი ნაგებობები არ აშენდა, არსებობს საფრთხე, რომ ხევში მოვარდნილმა წყალმა ქალაქის ნაწილი წალეკოს.

ლაგოდეხის ხევი
ლაგოდეხის ხევი

„სადაც ხევი მოდის, ერთ ადგილზე ორი მთა უახლოვდება ერთიმეორეს და ვიწროვდება ადგილი. არის საშიშროება, რომ ვიწრო ადგილი ნაშალით შეივსოს, წყალი ჩაკეტოს და შემდეგ გადმოხეთქოს. ასეთ შემთვევაში, დიდი ალბათობით, ნახევარ ლაგოდეხს წაიღებს“, - განაცხადა ლაგოდეხში მცხოვრებმა ლალი ევდუშენკომ.

მდინარე ლაგოდეხის ხევის გაწმენდის აუცილებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმდინარე წლის 11 აგვისტოს სტიქიამაც დაანახვა, როცა რამდენიმესაათიანი გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა, დამცავი ჯებირები გაარღვია და საკარმიდამო ნაკვეთები და სახნავ-სათესი მიწები დატბორა. არსებულ პრობლემებზე ადგილობრივ მერიაშიც ლაპარაკობენ. ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი გვეუბნება, რომ მდინარე ლაგოდეხის ხევის გარდა საფრთხეს ქმნის სოფელ შრომის ხევიც. მისი განცხადებით, „გადაწყვეტილება მიღებულია და 2019 წლის გაზაფხულიდან ორივე ხევზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება“.

დურუჯი
დურუჯი

„თანხა გამოყოფილია და ტენდერი ჩატარებულია. იგეგმება ორივე ხევის გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები. დაახლოებით, 1 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება ლაგოდეხის ხევზე, ხოლო 400 ათასი ლარის ფარგლებში - შრომის ხევზე“.

გეოლოგები და არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია ლაპარაკობენ, რომ ლაგოდეხის ხევის გარდა საშიშია ყვარელში ჩამომავალი მდინარე დურუჯიც,რადგან, მდინარის კალაპოტი უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე დასახლებაა. ამიტომ არის საშიშროება, რომ ადიდების შემთხვევაში დურუჯმა ყვარლის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნას.მდინარე დურუჯი სათავიდან ალაზნამდე, დაახლოებით, 10 კილომეტრის სიგრძისაა. აქედან საფრთხეს ქმნის, დაახლოებით, 6 კილომეტრზე. საფრთხეებზე ლაპარაკობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, თუმცა ამბობენ, რომ სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც საშიშროების მინიმუმამდე დაყვანას ითვალისწინებს. ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი კახი კაპანაძე ამბობს, რომ „მიმდინარე წელს 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის და საფრთხის შესამცირებლად მუშაობა მომავალ წელსაც იგეგემება“:

ლაგოდეხის ხევი
ლაგოდეხის ხევი

„საფრთხე მინიმუმამდე არის დაყვანილი, თუმცა ახლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მომავალი წლისთვის, რათა 4 კილომეტრი გაიწმინდოს. დურუჯი საფრთხეს წარმოადგენს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე. ისტორიას ახსოვს, რომ დურუჯს დიდი ტრაგედიები გამოუწვევია და მსხვერპლიც ყოფილა“.

კახეთის რეგიონში მხოლოდ დურუჯი და მდინარე ლაგოდეხის ხევი არ ქმნის საფრთხეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მეტ-ნაკლებად ყველა მდინარე, რომელიც სათავეს მთაში იღებს, საშიშია და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. ეკოლოგები მთავრობას მოუწოდებენ, საფრთხეების შესამცირებლად ტყეების ხელოვნურად განაშენიანების პროექტებიც განახორციელონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG