Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღემდე არავინ იცის, რა ეწერა გახარიას ბრძანებაში


ადამიანის უფლებათა ცენტრმა 20-21 ივნისის მოვლენების ანგარიში წარმოადგინა. ცენტრის შეფასებით, ფაქტები ადასტურებს, რომ სამართალდამცავებმა თავიანთ მოვალეობას გადააჭარბეს და ძალაუფლება პოლიტიკური ანგარისწორებისთვის გამოიყენეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებით მიუთითებს იმაზე, რომ დაზარალებულის სტატუსი დღემდე აქციის მხოლოდ 4 მონაწილეს აქვს, მაშინ როცა 67 პოლიციელი დაზარალებულად არის ცნობილი.

ამასთან, აქციის მონაწილეებს მისდევდნენ და აპატიმრებდნენ იქაც კი, სადაც აქცია არ იმართებოდა, კერძოდ, რუსთაველის მეტროსთან და მელიქიშვილის გამზირზე, თანაც, დილის 4 საათზე.

ჟურნალისტებს, ხშირად, მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ მედიის წარმომადგენლებს მოსთხოვა, პარლამენტი დაეტოვებინათ იმ მოტივით, რომ შენობა უსაფრთხო აღარ იყო.

„დაშავებული ჟურნალისტების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე 40. ბევრს, უბრალოდ, განცხადება არ დაუწერია. უპრეცედენტო რაოდენობა იყო დაშავებული ჟურნალისტების“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი.

ბრიტანეთმა რეზინის ტყვიების გამოყენება ჯერ კიდევ 40 წლის წინ აკრძალა.

ჟურნალისტ ვახტანგ ბერიკაშვილს ბეჭიდან სტაფილოსფერი ტყვია ამოუღეს, რომელიც რეზინისა და კაუჩუკისაგან იყო დამზადებული. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუთითებს, რომ ბრიტანეთმა რეზინის ტყვიების გამოყენება ჯერ კიდევ 40 წლის წინ აკრძალა - მას შემდეგ, რაც ამ ტყვიებით სამი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაბრმავდა. ანგარიშში ნათქვამია ასევე, რომ რეზინის ტყვია შესაძლოა მომაკვდინებელი იყოს, თუ ის 50 მეტრზე ნაკლები მანძილიდან არის გასროლილი, ამავე ანგარიშის მიხედვით კი, ესროდნენ მოკლე მანძილიდან, თანაც, თავში.

რაც შეეხება ცრემლსადენ გაზს, მართალია, ის არ არის მომაკვდინებელი, მაგრამ მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა არა აქვს. ადამიანის უფლებათა ცენტრის ექსპერტები აცხადებენ, რომ აქციის დაშლის შესახებ არავინ გაუფრთხილებიათ, შესაბამისად, ხალხმა ვერ შეძლო არჩევა, დაეტოვებინა მიტინგი თუ დარჩენილიყო.

გარდა ამისა, დღემდე არ არის ცნობილი შს მინისტრის მიერ იმ ღამეს გაცემული ბრძანების შინაარსი. უფლებადამცველები ამას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმ კუთხით, რომ სწორედ ბრძანებაში უნდა ყოფილიყო ჩაწერილი დეტალები, თუნდაც ის, რა ტერიტორიის გათავისუფლება ევალებოდათ სამართალდამცავებს.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შსს-ს თავიდან ბოლომდე წინასწარ ჰქონდეს დაგეგმილი აქციის მართვის დეტალები, უშუალოდ აქციის დროს არ იღებდნენ სპონტანურ გადაწყვეტილებებს“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოსი ლაზარე ჯიბლაძე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ ქაოსური და არაორგანიზებული იყო სასამართლო პროცესებიც: საქმეებს პირდაპირ სასამართლო სხდომებზე ეცნობოდნენ; დაკავებულებს ადვოკატებთან გასაუბრების დრო არ ჰქონდათ; პროცესზე გამოდიოდნენ პოლიციელები, რომლებსაც მათ დაკავებაში მონაწილეობა არ მიეღოთ. სასამართლო მხოლოდ დამკავებელი პოლიციელის ახსნა-განმარტებას ეყრდნობოდა, მაშინ როცა ვერცერთი მათგანი ვერ პასუხობდა, რეალურად სად დააკავეს ან რაში გამოიხატებოდა დაკავებულთა მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

ანგარიშის მიხედვით, დაკავებულების უმეტესობა ამბობდა: „პოლიციელები აქციის დაშლის მომენტიდან განურჩევლად იჭერდნენ მშვიდობიან და არამშვიდობიან დემონსტრანტებს და შეჰყავდათ პარლამენტის შენობის ეზოში, სადაც იძულებით სვამდნენ ავტობუსში და გადაჰყავდათ განყოფილებაში, შემდეგ კი ადგენდნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. დაკავებულთა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა ოქმზე მოეწერა ხელი, რაც იწვევდა პოლიციელების გაღიზიანებას, სამართალდამცველები კი ცდილობდნენ, რომ იძულებით მოეწერინებინათ ხელი დაკავების ოქმებზე. დაკავებულთა უმეტესობა აცხადებდა, რომ ისინი დააკავეს სპეცრაზმელებმა და არა იმ პოლიციელებმა, რომლებიც სასამართლოზე გამოდიოდნენ. სწორედ ამით იყო გამოწვეული პოლიციელთა გაუგებარი ჩვენებები“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს:

  • დროულად მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი დაშავებულებს;
  • ჩატარდეს დამოუკიდებელი მოკვლევები დაკავებებთან დაკავშირებით;
  • მიუკერძოებლად მიიყვანოს გამოძიება ბოლომდე და პასუხისმგებლობა დააკისროს დამნაშავე სამართალდამცავებს.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG