Accessibility links

დღის აქტივობების ცენტრი - გზა საზოგადოებისკენ


საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია "ნდობა" რუსთავის მერიას ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის სათემო დღის აქტივობების ცენტრის დაფინანსებას სთხოვს, თავად ცენტრის შენობის მშენებლობა წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ვადამ 2019 წლის თებერვლამდე გადაიწია.

Direct link

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაციის კვლევის თანახმად, საქართველოში მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების 88 პროცენტზე მეტი ძირითადად სახლშია გამოკეტილი, მათი შემოსავლის წყარო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით გათვალისწინებული პენსიაა. თითქმის ერიდებიან სოციალურ ურთიერთობებს, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების 74 პროცენტი წლების განმავლობაში არ ყოფილა სტუმრად.
ასოციაციამ სათემო დღის აქტივობების ცენტრი უკვე გახსნა გურჯაანში 150 ბენეფიციარისთვის, გურჯაანის მერია მას 6 ათასი ლარით აფინანსებს.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა აღაპიშვილის, თქმით, ეს ძალიან პატარა თანხაა და იმედს გამოთქვამს, რომ რუსთავის მერია უფრო გულუხვი იქნება. შეხვედრა 18 დეკემბერს რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, სადაც ასოციაციის წევრები და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რუსთავის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის თანამშრომლები მერიისა და საკრებულოს სოციალური პროგრამების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აღაპიშვილმა თვითთმმართველობის წარმომადგენლებს სათემო დღის ცენტრის ამოცანები გააცნო:

ასეთი ადამიანები, რომ მკითხოთ, დიაგნოზსაც ვერ გეტყვიან ხმამაღლა. ამას მალავენ ოჯახები და არიან მივიწყებულები, კუთხეში არიან, თუმცა მათ უამრავი პრობლემა აქვთ და ამის შედეგი არის ის, რომ ამ ადამიანების 80 პროცენტი ვერ იღებს იმას, რაც სჭირდება...
მარინა კურატაშვილი

„ეს ადამიანები მოვლენ ცენტრში, ისაუბრებენ, შესაძლებელია, სპეციალისტის მიერ მიწოდებულ თემებზე, შესაძლებელია, მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე. და ამასაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათი რეაბილიტაციისთვის, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მთელი დღე სხედან სახლში და ხშირად მათ ოჯახის წევრებიც კი არ ეკონტაქტებიან და არათუ მათ აზრს ვინმე ისმენს“.

ნანა აღაპიშვილმა საილუსტრაციოდ მოიყვანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემები, რომლის თანახმად, სხვადასხვა ხარისხის ფსიქიკური აშლილობით 500 მილიონამდე ადამიანია დაავადებული. გარდა ამისა, ყოველ მეოთხე ადამიანს - ვთქვათ, ყოფით ნიადაგზე - ერთხელ მაინც შეჰქმნია ფსიქიკური პრობლემა. როგორც ასოციაციის კიდევ ერთმა ხელმძღვანელმა, მარინა კურატაშვილმა, განაცხადა, პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონენი სტიგმის გამო ვერ იღებენ სათანადო მკურნალობას საქართველოში:

„საუბარია ფსიქოზებზე და ასეთ დაავადებებზე. ისინი არიან დისკრიმინირებულები და ტაბუირებულები. ასეთი ადამიანები, რომ მკითხოთ, დიაგნოზსაც ვერ გეტყვიან ხმამაღლა. ამას მალავენ ოჯახები და არიან მივიწყებულები, კუთხეში არიან, თუმცა მათ უამრავი პრობლემა აქვთ და ამის შედეგი არის ის, რომ ამ ადამიანების 80 პროცენტი ვერ იღებს იმას, რაც სჭირდება“.

ამდენად, მარინა კურატაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია რუსთავში სათემო დღის აქტივობების ცენტრის შექმნა, რადგან ამ კატეგორიის ადამიანებს სპეციფიკური მიდგომა სჭირდებათ მდგომარეობიდან გამოსასვლელად:

„ფსიქიკური აშლილობის დროს თუ მათ სწორად ვუმკურნალებთ, სწორად ვმართავთ, ისინი გამოდიან მდგომარეობიდან, აღდგენას აღწევენ. შეიძლება რაღაც დეფიციტი დარჩეთ, მაგრამ ახერხებენ საზოგადოებაში ადგილის მოპოვებას, მუშაობას. შეუძლიათ ისევ დაუბრუნდნენ საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად, ოღონდ სჭირდებათ შესაბამისი სერვისები“.

ფსიქიკური აშლილობის დროს თუ მათ სწორად ვუმკურნალებთ, სწორად ვმართავთ, ისინი გამოდიან მდგომარეობიდან, აღდგენას აღწევენ. შეიძლება რაღაც დეფიციტი დარჩეთ, მაგრამ ახერხებენ საზოგადოებაში ადგილის მოპოვებას, მუშაობას...
მარინა კურატაშვილი

რუსთავის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი მანანა ელიაშვილი ამბობს, რომ სათემო დღის აქტივობების ცენტრის არსებობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის ადგილობრივ საჭიროებებს ერგება:

„მარნეულის თვითმმართველობასთან რომ ვისხდეთ, იქ ვიტყოდი უამრავ რაღაცას. ახალგაზრდა ქალები, სრულიად ახალგაზრდა გოგონები, რომლებსაც 13 წლის ასაკში ათხოვებენ და... მერე ეს იწვევს უამრავ სტრესს და საშინელ ფსიქოზებს, ეშინიათ მამაკაცთან ფიზიკური სიახლოვის, როცა ათხოვებენ და მერე ასე ხდება მთელი ცხოვრება“.

მანანა ელიაშვილმა აქვე დასძინა, რომ რუსთავში არ არსებობს ნარკოლოგიური ცენტრი, ერთი ნარკოლოგიც კი, ამიტომ წამალ თუ ნარკოდამოკიდებული ადამიანები, უბრალოდ, ახალგაზრდები, რომლებმაც გაურკვეველი სახის ნარკოტიკი მიიღეს და ფსიქიკური პრობლემები შეექმნათ, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრს აკითხავენ, მაშინ როცა ფსიქიატრებს ამ კატეგორიის ადამიანების მკურნალობის უფლება არ აქვთ. რუსთავის ვიცე-მერმა გოჩა ლორიამ შეხვედრის შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მერია აუცილებლად იზრუნებს დღის აქტივობების ცენტრის დაფინანსებაზე, მთავარია, ფსიქიატრებმა პროექტი წარმოადგინონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG