Accessibility links

ეგზიტპოლების შედეგებს ტელეკომპანიები 8 საათზე გამოაქვეყნებენ


ქუთაისის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი

31 ოქტომბერს, 20:00 საათზე, როდესაც კენჭისყრა დასრულდება და საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლას დაიწყებენ, ეგზიტპოლების საშუალებით გამოვლენილ პირველად შედეგებს საზოგადოებას ოთხი ტელეკომპანია შესთავაზებს:

  • „მთავარმა არხმა“ ეგზიტპოლები ფრანგულ „IPSOS“-ს დაუკვეთა;
  • „ფორმულამ“ - ამერიკულ „Edison Research“-ს’;
  • „რუსთავი 2“- მა - ბრიტანულ „Survation“-ს;
  • „იმედმა“ - ამერიკულ „Public Opinion Strategies“-ს.

როგორც „ედისონ რისერჩის“ („Edison Research“) ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო ჯაფარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საღამოს 20:00 საათისთვის წარმოდგენილი იქნება, სავარაუდოდ - 18:00 საათის მონაცემების მიხედვით დათვლილი მაჩვენებლები.

ამის შემდეგ, უკვე ღამის 22:00 საათისთვის, წარმოდგენილი იქნება კენჭისყრის დღის სრული სურათი და ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ეგზიტპოლის მონაცემების გაანალიზება იგეგმება. კომპანია „Edison Research“-ის მიერ შესრულებული სამუშაო პროპორციულ (პარტიული სიების) ნაწილს შეეხება.

„ედისონს“ საქართველოში სხვადასხვა დროს არაერთი ეგზიტპოლი აქვს ჩატარებული და ძირითადად - „რუსთავი 2“-ის დაკვეთით. მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სწორედ „ედისონის“ ეგზიტპოლის შედეგებით გამოვლინდა მეორე ტურის საჭიროება. 2017 წელს კი, დედაქალაქის მერად კახა კალაძის პირველსავე ტურში არჩევა სწორედ ამ კომპანიის მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლმა აჩვენა.

„Edison Research“-მა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, გასულ თვეებში არაერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

„IPSOS - საფრანგეთისთვის“ დაკვეთილი ეგზიტპოლის პირველად შედეგებს ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 31 ოქტომბერს, ასევე საღამოს 20:00 საათზე, სპეციალური გადაცემის ფორმატში გამოაქვეყნებს. 30 ოქტომბერს ამომრჩევლებს თხოვნით მიმართა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომ საარჩევნო უბნებიდან გამოსულებმა თავი არ შეიკავონ „მთავარი არხის“ ეგზიტპოლში მონაწილეობისგან და ყველას ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.

მანამდე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მთავარი არხისთვის“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს ასრულებდა არა „IPSOS - საფრანგეთი“, არამედ „ფეიკ-ორგანიზაცია“ - „IPSOS - უკრაინა“. ოდნავ მოგვიანებით, დაახლოებით იგივე გაიმეორა ტელეკომპანია „იმედმაც“ და ასევე ითქვა, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ შემსრულებლის მიერ მიწოდებულ კვლევის შედეგებს აყალბებდა.

„იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია „მთავარი არხის“ ეთერში კატეგორიულად უარყვეს „IPSOS“-ის როგორც საფრანგეთის, ასევე საქართველოს წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, კომპანიის მიერ შესრულებული კვლევის შედეგებს „მთავარი“ ეთერში უცვლელი სახით აქვეყნებდა. „IPSOS“-მა ამ ტელეკომპანიისთვის გასულ თვეებში საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე კვლევაც მოამზადა. ბოლო კვლევების თანახმად, ოპოზიციური პარტიების რეიტინგების ჯამი მნიშვნელოვნად აღემატებოდა მმართველი პარტიის რეიტინგებს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2019 წელს „IPSOS - საფრანგეთი“ მონაწილეობდა საქართველოში სასამართლო რეფორმების შესაფასებლად ჩატარებულ კვლევაში.

„რუსთავი 2“-ის ეთერში ასევე საღამოს 20:00 საათზე გამოქვეყნდება ბრიტანული „Survation“-ისთვის დაკვეთილი ეგზიტპოლის პირველადი შედეგები. ამ კომპანიამ „რუსთავი 2“-ისთვის გასულ თვეებში საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე კვლევაც მოამზადა. კვლევის შედეგების თანახმად, მმართველი პარტია ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა.

„Survation“-ის მიერ გამოყენებულმა მეთოდოლოგიამ სოციოლოგების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. კერძოდ იმის გამო, რომ „Survation“-ის კვლევებში არ იყო ასახული გამოკითხულთა ორი ჯგუფის - ე.წ. გადაუწყვეტელი და პასუხზე უარის მთქმელი რესპონდენტების მაჩვენებლები. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კომპანიის კვლევა მხოლოდ იმ რესპონდენტთა პასუხებს აერთიანებს, რომლებსაც გამოკვეთილი პოზიცია აქვთ. „Survation“-ი საქართველოში ეგზიტპოლს პირველად ატარებს.

ეგზიტპოლი საქართველოში მანამდე არც ამერიკულ „Public Opinion Strategies“-ს ჩაუტარებია. ამ კომპანიის მიერ შესრულებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებას ტელეკომპანია „იმედი“ საღამოს 20:00 საათზე გეგმავს. „Public Opinion Strategies“-მა მანამდე „იმედისთვის“ საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების თანახმად, მმართველი პარტია ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა.

როგორც ტელეკომპანია აცხადებს, „Public Opinion Strategies“-ი ძალიან გამოცდილი კომპანიაა და „ნდობას იმსახურებს ზუსტი პროგნოზებით და ასევე, შედეგზე ორიენტირებული კვლევის მეთოდებით“.

გაზაფხულზე ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ კვლევებსა და არჩევნების ეგზიტპოლს მისთვის შვეიცარიაში დარეგისტრირებული კომპანია „გელაპი“ (GALLUP INTERNATIONAL) ჩაატარებდა, ხოლო საველე სამუშაოებს „გელაპის“ პარტნიორი კომპანია - საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი - „გორბი“ (GORBI) შეასრულებდა. მოგვიანებით „იმედმა“ განაცხადა, რომ თანამშრომლობა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჩაიშალა.

საველე სამუშაოებს „იმედისთვის“ „Public Opinion Strategies“-ის შემთხვევაშიც „გორბი“ ასრულებს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ტელეკომპანია „იმედი“ საქართველოში მოქმედ „ფსიქოპროექტთან“ თანამშრომლობდა. შედეგები რადიკალურად განსხვავდებოდა სხვა ეგზიტპოლებისა და ცესკოს შედეგებისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG