Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი - შეეხება თუ არა საქართველოს?


დოკუმენტში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, წერია, რომ ისეთი საქმიანობები, რომლის მიზანი ან შედეგი სანქციებისთვის გვერდის ავლაა, ძირს უთხრის ევროკავშირის მიერ დაწესებული ამკრძალავი ზომების მიზანსა და ეფექტიანობას (საილუსტრაციო ფოტო)
დოკუმენტში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, წერია, რომ ისეთი საქმიანობები, რომლის მიზანი ან შედეგი სანქციებისთვის გვერდის ავლაა, ძირს უთხრის ევროკავშირის მიერ დაწესებული ამკრძალავი ზომების მიზანსა და ეფექტიანობას (საილუსტრაციო ფოტო)

უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირმა რუსეთს სანქციების 10 პაკეტი დაუწესა. მე-11 პაკეტი, რომელიც ახლა თანხმდება, შეეხება მესამე ქვეყნებსაც, თუ არ შეწყვეტენ რუსეთის დახმარებას ბრიუსელის მიერ დაწესებული სავაჭრო ემბარგოს გვერდის ავლაში. იქნება თუ არა საქართველო ახალი პაკეტის სამიზნე ქვეყნებს შორის?

უახლოეს კვირებში თბილისში ვიზიტი აქვს დაგეგმილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო'სალივანს. ამ თანამდებობის დაკავებამდე, იგი ევროკომისიის გენერალური მდივანი და ევროკავშირის ელჩი იყო შეერთებულ შტატებში.

რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ პასუხში, ო’სალივანის წარმომადგენელი წერს, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, საქართველოს გარდა, ამჟამად არაერთ მესამე ქვეყანას სტუმრობს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების აღსრულებასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. Politico-ს ცნობით, ო'სალივანი გასულ კვირებში სტუმრობდა თურქეთს, უზბეკეთსა და ყაზახეთს; ასევე იყო სერბეთშიც, სადაც 11 მაისს პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.

სანქციების მე-11 პაკეტის შესახებ 9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად კიევში ჩასულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.

„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ევროკავშირიდან საქონელი მესამე ქვეყნების გავლით ხვდება რუსეთში, შეგვიძლია შევთავაზოთ წევრ ქვეყნებს ამ საქონელზე სანქციების დაწესება“, - განმარტა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

სანქციების მე-11 პაკეტი - რა ჩაწერეს?

ახალი პაკეტი მესამე ქვეყნებსა და მათი მეშვეობით ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაზეა ფოკუსირებული. დოკუმენტში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, წერია, რომ ისეთი საქმიანობები, რომლის მიზანი ან შედეგია სანქციებისთვის გვერდის ავლა, ძირს უთხრის ევროკავშირის მიერ დაწესებული ამკრძალავი ზომების მიზანსა და ეფექტიანობას.

პროექტში, ასევე, ნათქვამია, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლის რისკის შესამცირებლად, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება აკრძალავს ისეთი საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტს, რაც შეიძლება დაეხმაროს რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიური განვითარების გაძლიერებას, თავდაცვისა თუ უსაფრთხოების სექტორის განვითარებას, ასევე ევროკავშირიდან გატანილი ისეთი საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტს, რაც გამოიყენება საავიაციო ან კოსმოსურ ინდუსტრიაში, თვითმფრინავის საწვავის და საწვავის დანამატებისთვის.

  • სანქციების პროექტით, მესამე ქვეყნების მეშვეობით ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლის აღმოსაფხვრელად, ბლოკი საეჭვო მესამე ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე უნდა ფოკუსირდეს, დიპლომატიური ჩართულობითა და ტექნიკური დახმარების გაწევის გზით.
  • თუკი ორმხრივი მოლაპარაკებები უშედეგო იქნება და კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირების მხრიდან რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა გაგრძელდება, ევროკავშირი შემდეგ ნაბიჯს გადადგამს. სანქციების პაკეტის პროექტში წერია, რომ ასეთი ქმედება უნდა იყოს პროპორციული და რუსეთისთვის უკრაინაში აგრესიული ომის გაგრძელებისთვის საჭირო რესურსების ჩამორთმევას უნდა ისახავდეს მიზნად.
  • ევროკავშირის მხრიდან ასეთი უკიდურესი ზომების მიღებისთვის სანქციების პაკეტში გაიწერა შესაძლებლობა იმისა, რომ ისეთ მესამე ქვეყნებში, რომელიც მაღალი რისკის ქვეშაა და რომლის იურისდიქცია განგრძობადად გამოიყენება რუსეთის სასარგებლოდ სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, შეიზღუდოს ისეთი საქონლისა და ტექნოლოგიების გაყიდვა, მომარაგება, გადაზიდვა ან ექსპორტი, რომელთა ექსპორტი აკრძალულია რუსეთში.
  • რომელიმე მესამე ქვეყნის საქონლისა და ტექნოლოგიების მიმართ ზომების მიღების გადაწყვეტისას, ევროკავშირის საბჭომ უნდა გაითვალისწინოს კომისიის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი ტექნიკური ანალიზი, მათ შორის, სავაჭრო მონაცემები, საკითხის ირგვლივ ევროკავშირის მიერ გაწეული ძალისხმევა მესამე ქვეყანასთან და აშკარა მითითება იმაზე, რომ ეს ძალისხმევა წარუმატებელი იყო.
  • გარდა ამისა, სანქციების ახალი პაკეტის პროექტით, ფართოვდება იმ სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც უშუალოდ მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
  • სანქცირებულთა სიას ემატება 35 სუბიექტი, რომლებზეც იმოქმედებს საექსპორტო შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნიკაზე, ისეთ ტექნოლოგიაზე, რამაც შეიძლება რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნლოგიურ განვითარებას შეუწყოს ხელი.
  • იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსსა და სამხედრო დრონების ირანულ მწარმოებლებს შორის პირდაპირი კავშირია, სანქციების სიაში ხვდება ოთხი იურიდიული პირი, რომლებიც მესამე ქვეყნებში ჩართული არიან უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასა და რუსეთისთვის მიწოდებაში.

    რატომ შეიძლება შეეხოს საქართველოს?

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არაა შეერთებული სანქციებს და შეუძლია რუსეთთან ვაჭრობა, ეს საერთო ჯამში აზიანებს ამერიკისა და ევროპის სანქციების პოლიტიკას.

“როცა ის [საქართველოს ხელისუფლება] აფართოებს თავის ურთიერთობებს რუსეთთან, ზრდის მოქალაქეების გადაადგილების შესაძლებლობებს, სატრანსპორტო შესაძლებლობებს, ახლა საერთოდ აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზეა საუბარი, იზრდება რუსული ბიზნესის წარმომადგენლობა საქართველოში, მთლიანობაში რუსეთის გავლენა იზრდება საქართველოს ხელისუფლებაზე, ცალკეულ კომპანიებზე - ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, შტატების მთავრობისთვის და ევროკავშირის მთავრობებისთვის შემაშფოთებელი ხდება. ამ კონტექსტში, უფრო რთული დასადგენია, ხდება თუ არა ისეთი რაღაცებით ვაჭრობა ან ტრანზიტი, რაც რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში”, - ეუბნება კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, რუსეთი (666.9 მლნ აშშ დოლარი), თურქეთის (673.7 მლნ აშშ დოლარი) შემდეგ, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში შედის.
საქსტატის დათვლით, ამ წლის იანვარ-მარტში რუსეთში 176 916 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით რუსეთში გატანილი ექსპორტის ღირებულება (109 836 მილიონი) 67 მილიონით არის გაზრდილი.
ექსპორტზე კიდევ უფრო მეტად, 490 მილიონ დოლარამდე, 200 მილიონით არის გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი საქართველოში. საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 667 მილიონი დოლარი შეადგინა.

ასევე, ოფიციალური სტატისტიკით, იანვარ-მარტში საქართველოს მთლიანი ექსპორტის 58,5% დსთ-ს ბაზარზე გავიდა.

ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა, რუსეთისთვის ირიბი დახმარების გაწევად მიაჩნია კახა გოგოლაშვილს.

“სანქციების დაწესებას კი არ გვთხოვენ, ნუ შეეცდები რუსეთთან გააორმაგო და გააოთხმაგო ვაჭრობაო, იმოქმედე ისე, რომ შეინარჩუნო სტატუს-კვო, ის რაც ომამდე იყოო. რუსეთს რომ აწვდი, რაც სჭირდება, ხომ აძლიერებ ეკონომიკურად? რომც არ გადიოდეს სანქცირებული პროდუქცია, ჩვენ ხორბლის 90% შემოგვაქვს რუსეთიდან მაშინ, როცა არსებობს ყაზახეთი, მაგრამ რადგან რუსულ ხორბალს 10%-ით იაფად ვიღებთ, მთავრობა არაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუწყოს ამ დამოკიდებულების თავიდან აცილებას. რუსეთის ხორბალზე როგორ შეიძლება იყოს დამოკიდებული ქვეყანა, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული?”

გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ საგრძნობლად გაზრდილია საქართველოს მეზობელი ქვეყნების ტრანზიტი რუსეთთან და ეს რაოდენობა რაც უფრო იზრდება, რუსეთისთვის სანქციების არიდების ხვრელის წარმოშობა ბევრად უფრო შესაძლებელი ხდება:

“როდესაც ვაჭრობა და ურთიერთობები ასე იზრდება, ბიზნესი გადახლართულია, პოლიტიკოსები ურთიერთობებს ამყარებენ და ა.შ., იქ ეჭვიც იბადება, რომ სანქციების გვერდის ავლაზე შეიძლება იყოს საუბარი. მე-11 პაკეტი ზუსტად ამას გულისხმობს. ჩვენც შეიძლება მოვხვდეთ მასში სწორედ ავიარეისების გახსნის გამო, იმის გამოც, რომ ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან გაორმაგდა და იზრდება გეომეტრიული პროგრესიით”.

გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, ვნახოთ, რომ სანქციების მე-11 პაკეტში საქართველოდან რაღაც კომპანიები შეიყვანონ, მანამდე კი ო’სალივანი საქართველოში გამაფრთხილებელი და ფაქტების დამდგენი მისიით ჩამოვა: “საუბარი იქნება საერთო პოლიტიკაზე, პოლიტიკის ცვლილების აუცილებლობაზე. შეიძლება აქ იყოს სერიოზული საუბარი, როგორ უნდა შეიცვალოს საქართველოს პოლიტიკა. რადგან ჩვენი მთავრობა უარს იტყვის ამაზე, მაშინ არაა გამორიცხული სხვანაირ მიდგომებს მიმართონ”, - ვარაუდობს გოგოლაშვილი.

"წყალგაუვალი ფაქტები ჯერ არ არის"

საქართველოს მიმართ ბევრი კითხვა და ეჭვი არსებობდა, თუმცა რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ კითხვები კიდევ დაემატებაო, გვეუბნება „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე.

კაპანაძე განმარტავს, საქართველოს მხრიდან სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაზე ბევრი კითხვის მიუხედავად, ისეთი ფაქტები, რომელსაც “წყალი არ გაუვა”, ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამასთან, ამატებს, რომ “ეს კითხვები არ არსებობს მოწმენდილ ცაზე” და ო’სალივანის ვიზიტიც ამაზე მიანიშნებს.

“ფრენების აღდგენა ნამდვილად ცუდ აღქმას ტოვებს ევროკავშირში. უკვე აღქმის დონეზე დავზარალდით ძალიან, მაგრამ ფრენების აღდგენა რამდენად გამოიწვევს სანქცირებული ტვირთების გადაზიდვას, სანქცირებული კომპანიების მიერ გამოყენებას ამ შესაძლებლობის და ზოგადად სანქცირებული ავიახაზების ფრენას, ეს სხვა მასშტაბის პრობლემაა…

სტრატეგიაში, რომელიც ამჟამად მუშავდება, აშკარად პრობლემაა [სანქციებისთვის] გვერდის ავლა, ჩვენ კი ერთ-ერთი ჯაჭვი შეიძლება ვიყოთ უფრო დიდი გვერდის ავლის სქემაში”.

რუსეთთან ფრენების აღდგენას უკვე ორჯერ გამოეხმაურა ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო. ბოლოს მან "შემაშფოთებელი" უწოდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ფრენების ნებართვა გასცეს რუსული თვითმფრინავებისთვის. 16 მაისის ბრიფინგზე მან ისიც დაამატა, რომ მცირდება საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.

"სამწუხაროდ, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების შარშანაც დაბალი მაჩვენებელი, 44%-დან წელს, ამდროინდელი მონაცემებით, კიდევ უფრო, 31%-მდე შემცირდა".

გასულ კვირას, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ ხსნის საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვას, პიტერ სტანომ მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, "მათ შორის ავიაციის სექტორში". მან ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე.

სანქციების აღსრულებასა და ფრენების აღდგენაზე საუბრისას, 11 მაისს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა თქვა, წელიწადზე მეტია, ვრცელდება "ყალბი ინფორმაცია" და "უსაფუძვლო ბრალდებები" საქართველოს მიერ სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, "თუმცა არ დადებულა სანქციების დარღვევის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი".

"ჩვენ არაფერი გვინახავს ამ პერიოდში ყალბი ინფორმაციებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა. არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება ან რაიმე ფაქტი, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს. ამავე დროს, ჩვენ მოსმენილი გვაქვს როგორც ამერიკული მხარის, ისე ევროკავშირის და ელჩების დონეზე გაკეთებული განცხადებები, რომ არცერთი შემთხვევა საქართველოში, რომ ვინმემ სანქციების გვერდის ავლა შეძლო - არ მომხდარა", - თქვა ხუციშვილმა.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკომისიის სანქციების მორიგი პაკეტი 10 და 12 მაისს ფორმალურად განიხილეს ევროკავშირის ელჩებმა. რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, ზუსტად რა დრო დასჭირდებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამ სანქციების მისაღებად, თუმცა ელიან, რომ ეს მაისის ბოლოსკენ მოხდება.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG