Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ევროპელები დგანან ტანკებით? - ევროკავშირში გაწევრიანებაზე დავა დიდ წითელ მაგიდასთან

ირაკლი კობახიძის ინიციირებული დებატები პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ სულ რამდენიმე კვირის დაწყებულია.
ირაკლი კობახიძის ინიციირებული დებატები პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ სულ რამდენიმე კვირის დაწყებულია.

“ეროვნული ინტერესები და ევროპული კურსი” -  დებატების მესამე სერიამ  პროსახელისუფლებო “რუსთავი 2”-ზე, ყურადღება სახელწოდების გამოც მიიპყრო - რომ თითქოს ევროპული კურსი ეროვნულ ინტერესებში არ შედის. სტუმრების უდიდეს ნაწილს ევროკავშირზე კარგი არაფერი დასცდენია.   

„თქვენი დებატის სათაურიდან რომ გამოვიდეთ, უნდა ითქვას, რომ - საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ეს შეუთავსებელია ერთმანეთთან“, – პირდაპირ თქვა ვატო შაქარიშვილმა - პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა - საათის ისრის მიმართულებით, ის პირველი გამომსვლელის სკამზე იჯდა. „ნეიტრალური საქართველო“ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე უარს დიდი ხანია ითხოვს და პლებისციტის ჩატარებასაც ლობირებს.

დებატებისთვის განკუთვნილ დიდ წითელ მაგიდასთან ევროკავშირის მოწინააღმდეგეებს ახალი არაფერი უთქვამთ.

სტუმრების დიდი ნაწილი, ცალ-ცალკე, უკვე წლებია, ღიად ლაპრაკობს ანტიდასავლურ განწყობებზე, ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სიკეთეებს და სხვადასხვა მიზეზით უტევს ბრიუსელს.

პროსახელისუფლებო "რუსთავი 2"-ის სტუდიაში გამოჩნდა, რომ ერთმანეთთან საკამათოდ მიწვეულ სტუმრებს - ვატო შაქარიშვილს, გოგა ხაინდრავას, ნოდარ კაპანაძესა და გურამ მაჭარაშვილს ერთმანეთთან საკამათო არაფერი ჰქონდათ.

„ეს [ევროკავშირი] არის მკვდარი ორგანიზაცია. გახრწნილი, აბსოლუტურად დეგრადირებული, კორუფციით გაჯერებული“ - გაიმეორა თავისი მესიჯი დებატებზე კინორეჟისორად და ყოფილ სახელმწიფო მინისტრად წარდგენილმა გოგა ხანდრავამ.

„რა ქრისტიანულ კულტურაზეა საუბარი, როდესაც მეუბნებიან, რომ თქვენ აქ გეიაღლუმები უნდა ჩაატაროთ, კაცების გათხოვება უნდა დააკანონოთ. ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ კრიზისშია უკვე ევრობიუროკრატია“ – „ქართული ოცნების“ განაყოფისა და სრული მოკავშირის, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი - გურამ მაჭარაშვილიც ჩვეული შეფასებებით გამოვიდა.

ექსპერტად წარდგენილი კიდევ ერთი სტუმარი - ნოდარ კაპანაძე ცდილობდა გაეშალა თემა, რომ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაში, რომლის შესრულებითაც, წლების განმავლობაში, ამაყობდა „ქართული ოცნება“, ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარების დამაზიანებელი ნაღმებია ჩადებული. „ამ დოკუმენტს თუ კარგად წავიკითხავთ, ვნახავთ - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა“ - თქვა კაპანაძემ.

მხარდამჭერებთან და მოკავშირეებთან არც ირაკლი კირცხალიას უკამათია - „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერსა და ფრაქციის თავმჯდომარეს.

„ტაბუირებული თემები არ უნდა არსებობდეს, ეს არ არის რელიგიაზე საუბარი, როდესაც ვსაუბრობთ თუნდაც ამა თუ იმ კავშირში გაერთიანებაზე“ - თქვა კირცხალიამ და ევროკავშირზე დებატების აუცილებლობა „იქაური მმართველი კლასის“, „მათი პოლიტიკის დამსახურებად“ გამოაცხადა. ევროპაზე საუბრისას მან ასევე თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედებულია „დიდი ბინძური და ბოროტი მანქანა“. ისევ ილაპარაკეს ევროკავშირის ქვეყნებში დემოკრატიის უკუსვლაზე, ეკონომიკის პრობლემებზე.

„მხოლოდ და მხოლოდ ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვით, ჩვენი იდენტობის დაცვით ვივლით და ეს არის დაკვეთა [ამომრჩევლის]... ნებისმიერ კავშირში გაწევრიანება და თუ მეგობრობა მხოლოდ და მხოლოდ ღირსეულ და პარიტეტულ საწყისებზე“, - თქვა კირცხალიამ. მას არ დაუკონკრეტებია კიდევ რომელ კავშირებს გულისხმობდა.

იმედი გამოხატა, რომ 2030 წლამდე საქართველო თავის ეკონომიკას „პრაგმატული პოლიტიკით“ გააძლიერებს, შეინარჩუნებს მშვიდობას და 2030 წელს, როცა გაფართოების საკითხი დადგება, უფრო თამამად შეძლებს თქმას, რომ „ჩვენთვის ღვინო პრიორიტეტია, ჩვენთვის ტურიზმი პრიორიტეტია, ჩვენთვის ის კარიბჭე, რაც არის აზიასა და ევროპას შორის, ეს უნდა გამოვიყენოთ“.

ბრიუსელის მიმართ თბილისის კონფრონტაციული პოლიტიკის ფონზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ბრიუსელში განაცხადეს ისიც, რომ “საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი“ დარჩა და საქართველო ევროკავშირისკენ აღარ მიდის. 2024 წელს ევროკავშირმა, ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო, საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განაცხადა; ხოლო თბილისმა ევროკომისია შანტაჟში დაადანაშაულა. ამავე წლის ნოემბერში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე პოლიტიკური დღის წესრიგიდან ხსნის ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას - რაც ევროინტეგრაციის აუცილებელი ეტაპია. ბრიუსელსა და თბილისს შორის შეჩერდა მაღალი დონის შეხვედრები, გაიყინა თანამშრომლობის არაერთი მიმართულება, დაპაუზდა დახმარების პროგრამები, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესდა სავიზო შეზღუდვები.

დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა და 13 თებერვალს, როდესაც ამის შესახებ ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა, საგანგებოდ მიუთითა, რომ „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა დებატების თემა მასთან ასე წარადგინა - „სჭირდება თუ არა ქვეყანას ევროინტეგრაცია?”

“ამ თემაზე დებატებია თავად მავნებლობა. თავი რომ გავანებოთ იმას, რომ ანტიკონსტიტუციურია” - უპასუხა “რუსთავი 2”-ს კაჭკაჭიშვილმა.

კაჭკაჭიშვილის პოსტიდან ფრაგმენტები დებატების წამყვანმაც წაიკითხა ღია ეთერში - თუმცა არ უხსენებია ფრაზა - „სჭირდება თუ არა ქვეყანას ევროინტეგრაცია?”. თქვა, რომ თუკი კაჭკაჭიშვილის კვლევითი ორგანიზაცია - პერიოდულად ზომავს ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერას საზოგადოებაში, რატომ არ შეიძლება ამ თემებზე დებატების გამართვა?! წამყვანმა მოიყვანა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც 2025 წლის იანვარში - ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი საქართევლოში 86%-ს შეადგენდა.

“საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ საკითხთან [ევროკავშირში გაწევრიანება] დაკავშირებით შედგა. მოსახლეობის დიდ უმრავლესობაში, ეს არის მყარად, სტაბილურად და მტკიცედ ჩამოყალიბებული განწყობა და რატომ უნდა დააყენო ეს განწყობა და დამოკიდებულება რევიზიის ქვეშ?! … ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას ეჭვის თვალით უყურებ - გინდა, რომ ეს გადაისინჯოს და განწყობები შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ უნდა გამართონ ასეთი დებატები?! რატომ უნდა შეიტანონ საყოველთაო განწყობაში ბზარი?!”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან სოციოლოგი, კვლევების ავტორი იაგო კაჭკაჭიშვილი და ამატებს , რომ დებატების თემა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, რადგან “კონსტიტუციაში გვიწერია სრულიად მკაფიოდ, რომ ყველა ძალისხმევა ამისკენ [ევროკავშირში გაწევრიანებისკენ] უნდა იყოს მიმართული”.

კაჭკაჭიშვილისთვის ნიშანდობლივია ისიც, რომ “რუსთავი 2”-ზე, უკვე მესამე დებატებზე - “პირდაპირ ევროკავშირის თემას მიადგნენ”.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი სახელმწიფო კონსტიტუციურ ორგანოებს ავალებს, გააკეთონ ყველაფერი საქართველოს გასაწევრიანებლად ევროკავშირსა და ნატოში. „ოცნებას“ პირდაპირ არასოდეს უთქვამს, რომ კონსტიტუციაში თავის მიერვე ჩაწერილი 78-ე მუხლის ამოღებას გეგმავდა, მაგრამ ასეთი ეჭვი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაჩნდა, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერები მხარდამჭერებს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო ხმების მობილიზებას სთხოვდნენ. კონსტიტუციის შეცვლა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობით არის შესაძლებელი [მინიმუმ 113 მანდატი]. დღევანდელ პარლამენტში „ქართული ოცნება“ და მისი მოკავშირეები ამ შესაძლებლობას არ ფლობენ.

„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 16 თებერვალს განაცხადა, რომ “დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც კონსტიტუციაში წერია" და "ეს არ არის მიზანი”, თუმცა, მისი თქმით, მოსახლეობაში “ჭარბი მოლოდინები რომ არ შეიქმნას, ზუსტად უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რა შედეგებს იწვეს ეკონომიკური კუთხით მაგალითად, ევროინტეგრაცია, რა პლუსები და მინუსები აქვს".

„ატყუებენ ადამიანებს, რომ ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით, ხვალ ბრიუსელში ან ბერლინში გავიღვიძებთ“ - თქვა კობახიძემ. მსგავსი რამ დებატების მსვლელობისას კირცხალიამაც განაცხადა.

ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის - კობახიძე, არ მალავდნენ, დღევანდელ ევროკავშირში გაწევრიანება მათ არ ხიბლავთ. „უბედურება ხდება ევროკავშირში“ - ეს ირაკლი კობახიძის სიტყვებია.

კიდევ ერთი მიწვეული სტუმარი, რომელმაც დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა, „რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილია. გვეუბნება, რომ ამ დებატების უსამართლო ფორმატი მას აზრის მწყობრად ჩამოყალიბების შესაძლებლობას არ მისცემდა; ხოლო, ის, რაც მოისმინა - ახალი არ ყოფილა - ევროკავშირის წინააღმდეგ განწყობილი სტუმრები სათქმელს არც მანამდე მალავდნენ.

„თუკი ვინმე ლაპარაკობს ევროკავშირის წინააღმდეგ, ჩანს რომ სიამოვნებთ მათ [„ქართული ოცნებას“]. მე ვიტყოდი, რომ აქ აბსოლუტური ჰარმონია ჩანს. აქ არის მონდომებაც, რომ ასიამოვნონ მთავრობის წარმომადგენლებს... ეგ ხალხი ცხოვრებას უყურებს არა ობიექტური, არამედ სუბიექტური თვალით. პირადი ინტერესებიდან უყურებენ ყველაფერს. თუ პარტიას დასჭირდება ჩინეთს გააკრიტიკებენ, რუსეთს გააკრიტიკებენ. ახლა პარტიას სჭირდება, რომ ევროკავშირი გააკრიტიკონ“, - მიღებული „რეპრესიული კანონები“, როცა სამოქალაქო საზოგადოებას არსებობის შესაძლებლობებს სრულად უჭრიან, ხოლო ადამიანებს აქციებზე ტროტუარებზე დგომისვისაც იჭერენ, კახა გოგოლაშვილისთვის სარწმუნო ინდიკატორია იმისა, რომ - „ქართული ოცნება“ ევროკავშირისკენ არ მიდის და უფრო მეტიც, თბილისი ევროკავშირს სულ უფრო მეტი წლით შორდება.


დებატები რუსთავი 2-ზე: ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა ობოლაძის შეკითხვა „ქართული ოცნების“ წევრს, ირაკლი კირცხალიას
please wait
დებატები რუსთავი 2-ზე: ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა ობოლაძის შეკითხვა „ქართული ოცნების“ წევრს, ირაკლი კირცხალიას

No media source currently available

0:00 0:05:37 0:00

16 თებერვალს, "რუსთავი 2"-ის მაგიდასთან, მმართველი პარტიის წარმომადგენელი და მათი მხარდამჭერები თითქმის ერთნაირ არგუმენტებს უპირისპირებდნენ დებატების კიდევ სამ სტუმარს: პოლიტიკოსებს - ცოტნე კობერიძეს, ნიკა ობოლაძესა და „გირჩის“ წარმომადგენელს, ყოფილ პარლამენტარ ჰერმან საბოს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი იცავდნენ პოზიციას - საქართველოსთვის ისტორიული და ერთადერთი პრაგმატული არჩევანი ევროკავშირია; ხოლო უმეგობროდ დარჩენილი ქვეყანა ბევრად უფრო მოწყვლადია ნებისმიერი გამოწვევის წინაშე.

„თუ რუსეთიდან ვგრძნობთ საფრთხეს და ჩვენი რიტორიკა არის ფრთხილი. სწორია? კი ბატონო, სწორია... ჩვენ გვინდა ჩვენი თავის შენარჩუნება. აბა რა ჯანდაბა გვეტაკა, რომ ევროპას დილიდან საღამომდე ვაგინებთ?! ... ეთნოწმენდა მოაწყვეს აფხაზეთში, ტანკებით დგანან ევროპელები?!...

სომხეთმა შეძლო, რომ რუსებსაც ხვდება ფაშინიანი, აზერბაიჯანთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, არც ვინმეს აბრალებს, რომ გიუმრის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა სთხოვა ვინმემ და ამერიკასთანაც აქვს სტრატეგიული პარტნიორობა“ - თქვა ნიკა ობოლაძემ.

ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაგეგმილი დისკუსია, ბოლოსკენ, შიდა პოლიტიკურ კამათში გადაიზარდა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა "ქართულ ოცნებას“ კორუფციისთვის დაჭერილი თანაგუნდელები, ქოლცენტრებთან დაკავშირებული ისტორიები, სიღარიბე და ინფრასტრუქტურის მოუწყობლობა გაახსენეს. იყო საპირისპირო ბრალდებებიც - "პატრონების" დაკვეთების შესრულებასა თუ არეულობის მოსურნეობაზე.

ირაკლი კობახიძის ინიციირებული დებატები - პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ სულ რამდენიმე კვირის დაწყებულია [კვირაში თითო], ხელისუფლების მხარდამჭერებმა კი უკვე დაიწყეს იმაზე ლაპარაკი - რომ ოპონენტები ამ ტრიბუნას სათავისოდ იყენებენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG