Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პრესა რუსეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე


პუტინის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია
პუტინის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია

რუსეთში 1 ივლისს დასრულებულმა საკონსტიტუციო რეფერენდუმმა მოსალოდნელი შედეგი მოიტანა - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 2036 წლამდე შეუძლია ხელისუფლებაში დარჩეს. რას მოასწავებს ეს შედეგი რუსეთისა და დასავლეთისთვის - ამ საკითხების გარშემო ბევრი იწერება საერთაშორისო პრესაში.

ევოპასთან კონფრონტაცია გონივრული აზრი არ არისო, წერს იტალიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის La Repubblica 2 ივლისს: „რას მოუტანს სამუდამო მეფე თავის ქვეყანას შემდეგი 16 წლის განმავლობაში, ქვეყნის ლიდერის რანგში? ერთ-ერთი ვარაუდი არის ის, რომ ის გააგრძელებს დასავლეთთან პოლიტიკურ და სამხედრო კონფრონტაციას, სირიიდან ლიბიამდე, არქტიკაში ბირთვული ბომბდამშენების შეჭრით და ინგლისში უჩვეულო იარაღით (რადიოაქტიური პოლონიუმით და ნერვული გაზით) თავდასხმებით. თუმცა არის კიდევ სხვა, უფრო თეორიული და დახვეწილი გზაც, როგორც Financial Times-ი წერს: სამუდამო პრეზიდენტმა უნდა აღიაროს, რომ რუსეთი სუსტდება, რომ მოსკოვისთვის რეალური საფრთხე ჩინეთის ექსპანსიონიზმია აზიის ფრონტზე და რომ რუსეთის ბედი, როგორც პეტრე პირველმა თქვა, ევროპაში ძევს“.

სლოვაკეთში გამომავალი, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი Denník N-ი 2 ივლისის ნომერში წერდა, ეს შედეგი რუსეთის კიდევ უფრო მეტ ჩამორჩენას გამოიწვევსო: „ეს ქვეყანა მხოლოდ მოჩვენებითად გამდიდრდა პუტინის პირობებში და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ნავთობისა და გაზის ფასები ერთ დროს მაღალი იყო. ... დღეს რუსეთი, ფაქტობრივად, მხოლოდ იარაღის მრეწველობაშია კონკურენტუნარიანი და ახლა ის აეროკოსმონავტიკის სფეროშიც ჩამორჩება. სადაც უწინ მოწინავე იყო. ... პუტინს ორი ათწლეულია თავისი ქვეყანა წინ არ წაუწევია. ის ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო სიმბოლიზმს, დიდი სამამულო ომის მოგონებებს, პიროვნების კულტს და თავის ისე დაჭერას, თითქოს რუსეთი თანამედროვე და ძლიერი იყოს. ამომრჩევლებმა ოთხშაბათს უარი განაცხადეს თავიანთ სახელმწიფოს დახმარებოდნენ პუტინის მმართველობის მკაფიო დასასრულის დადგომაში“.

კონსტიტუციური ცვლილებების რეფერენდუმზე გასვლამ სლოვენიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის Dnevnik-ი 3 ივლისის ნომერში ავტოკრატი ლიდერების კიდევ უფრო მეტად აღზევების ტენდენციაზე დააფიქრა: „შესაძლოა ისიც იყოს, რომ ძალაუფლების დემოკრატიული მექანიზმები გლობალურად სუსტდება და, ამდენად, საკუთარი ბედის მინდობა ღია ავტოკრატებისთვის ჯობს, ჩინური მოდელის მიხედვით, ვიდრე არჩეული სოციოპათებისთვის, მათ შორის აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის. ... შესაბამისად, ალბათ, შეიძლება რეალისტურად ითქვას, რომ რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებები აჩვენებს არა მხოლოდ რუსეთში ამჟამად გამეფებულ სულისკვეთებას, არამედ გლობალურ სულისკვეთებასაც, რომელშიც ნაციონალიზმი, პოპულიზმი და სხვა ისეთი მოვლენები გამოსჭვივის, რომლებსაც გვეგონა, რომ დიდი ხნის წინ გავეყარეთ“.

რეფერენდუმი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა ესტონეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Eesti Rahvusringhääling-ი 29 ივნისის ნომერში მას „ფარსს“ უწოდებდა და წერდა, რომ ის ქვეყანას მომავალს ართმევს: „ამ რეფერენდუმის მიზანია მსოფლიოსთვის ჩვენება: მე დიქტატორი არ ვარ, ხალხმა თავად მთხოვა ხელისუფლებაში დარჩენაო. და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პუტინს შეეძლება ეს მოპოვებული მანდატი ელიტებსაც წარუდგინოს - პოლიტიკოსებს, ოფიციალურ პირებს და არჩეულ ფიგურებს. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს, პირველ რიგში, ხომ ის სურს, რომ ეს ელიტები არ დაფიქრდნენ პუტინის გარეშე მომავლის პერსპექტივაზე და არ დაიწყონ მისი შემცვლელის ძიება. ... პრეზიდენტის წარსული ვადების გაუქმება, რეალურად, მომავლის გაუქმებაა და არა წარსულისა. 1 ივლისის შემდეგ პუტინი ისევე იქნება რუსეთის ნაწილი, როგორც დროშა, ორთავიანი არწივი და სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე“.

რუსეთის პოლიტიკური პერსპექტივა მძიმეაო, წერდა დანიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის Politiken-ი 29 ივნისს: „ჯერჯერობით ვიცით ის, რომ თავისი პრეზიდენტობისა და პრემიერ-მინისტრობის პირველი 20 წლის განმავლობაში პუტინმა რუსეთის ახლად ფორმირებული დემოკრატია კვლავ ჩანასახში დააბრუნა. ვიცით, რომ ის ატარებს აგრესიულ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რამაც კულმინაციას მიაღწია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩრდილოვანი ომით, სირიაში ომის დანაშაულებით, ევროკავშირის დესტაბილიზაციისა და დასავლეთის დემოკრატიების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობით. ... ამგვარ რუსეთთან შერიგება რთული იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ყველა არხი და შესაძლებლობა საამისოდ ღია უნდა დარჩეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG