Accessibility links

როდის დგება "პოლიტიკურ უპასუხისმგებლობაზე" საუბრის დრო?


20-21 ივნისის ღამის მოვლენებიდან 26 დღე გავიდა, თუმცა, საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, ძალის გადამეტების გამო ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს. ამ ფონზე „ევროპული საქართველოს“ ცალკეულმა ლიდერებმა პოლიტიკურ უპასუხისმგებლობად შეაფასეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მოწოდება 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის ეზოში „მშვიდობიანი შესვლის“ შესახებ.

გასული ორი დღის განმავლობაში ამ საკითხზე დავამ სოციალური ქსელებიდან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დღის წესრიგში გადაინაცვლა და ორდონიანი დაპირისპირება გამოიწვია. პოლიტიკოსები კამათობდნენ იმაზე, დროულია თუ არა ნიკა მელიას პოლიტიკური უპასუხისმგებლობის საკითხზე ყურადღების გამახვილება მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პოსტს ინარჩუნებს და პროკურატურა გამოძიებას ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდების მუხლით აწარმოებს.

დაპირისპირება პირველ დონეზე: უთანხმოება „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის

20-21 ივნისის ღამით "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მოწოდებას პარლამენტის ეზოში მშვიდობიანად, ხელაწეული შესვლის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, მიზანშეუწონელი, შეცდომა და არასწორი საქციელი უწოდა. ფეისბუკპოსტში, რომელიც ძირითადად „გავრილოვის ღამის“ ანალიზზე იურისტ სოფო ვერძეულის პასუხად დაიწერა, ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ ამ ქმედებით ნიკა მელიამ ხელისუფლებას როგორც მინიმუმ, მისცა საბაბი, ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში დაედანაშაულებინა.

ოთარ კახიძის მოსაზრებებს დაეთანხმა მისი თანაპარტიელი გიგა ბოკერიაც. მისი შეფასებით, ნიკა მელიასადმი გამოძიების მიერ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად აბსურდულია, თუმცა პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო მოწოდებები 20 ივნისის ღამეს.

ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას პასუხი იყო ის, რომ არასაარჩევნო პერიოდში პარტიულ „კბენებზე“ ამაღლება სჯობს და „ევროპული საქართველო“ „ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმეორებდეს იმას, რასაც ხელისუფლება გაიძახის.“ სოციალურ მედიაში ნიკა მელიამ დაწერა, რომ მას შემდეგ რაც უწყვეტი კადრების გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურას არგუმენტები მოაკლდა და მის დასაჭერად ახალ საყრდენებს ეძებს, მაშველ რგოლებად მას „ ევროპული საქართველოს“ აღნიშნული ლიდერები მოევლინენ.

დაპირისპირება მეორე დონეზე- უთანხმოება „ევროპული საქართველოს“ შიგნით

„ისრების გადატანა არასწორია - დღეს მთავარი სამიზნე ივანიშვილია და ეს ყველას უნდა ესმოდეს“,- ნიკა მელიას ამ მოსაზრებას „ევროპული საქართველოდან“ მხარი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დაუჭირა, როცა განაცხადა, რომ ახლა კინკლაობის დრო არ არის.

„რუსთაველზე დარბევაზე და მის მიზეზებზე საზოგადოებას ყოველთვის ერთი დამნაშავე ყავდა და ეს ხელისუფლება იყო. ახლაც ასე იქნება. პოლიტიკოსები ყველაფერზე ვკამათობთ, თუმცა სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა“,- დაწერა ფეისბუკში გიგი უგულავამ, რაზეც მოგვიანებით ოთარ კახიძემ მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ გულდასაწყვეტი იყო, რომ გიგი უგულავა თავისი პარტიის ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას მიემხრო, რაც, მისი თქმით, პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

ოთარ კახიძემ დაასახელა ფაქტი, როდესაც გიგი უგულავა ინდივიდუალურად დაესწრო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ მიტინგს, რომელშიც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ.

მოსალოდნელია თუ არა სანქციები გიგი უგულავას მიმართ?“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას პარტიიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ამ ეტაპზე არც პოლიტსაბჭოს მოწვევა იგეგმება, - გვითხრა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა. მისი განმარტებით, ფუნდამენტურ საკითხებზე ზოგადად პარტიის ყველა ლიდერი თანხმდება, მიმდინარეზე კი აზრთა სხვადასხვაობა პრობლემას არ წარმოადგენს. ირმა ნადირაშვილის თანახმად, ფუნდამენტური საკითხებია:

  • ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით და
  • ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია

რაც შეეხება მიმდინარე სტრატეგიულ საკითხებს, ამ შემთხვევაში, ირმა ნადირაშვილის თქმით, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმან, აქვს თუ არა ნიკა მელიას პასუხისმგებლობაზე საუბარს აზრი მაშინ, როდესაც გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენებაა მთავარი ამოცანა.

ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილი

ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ არავის დაუთვლია პარტიის წევრებიდან ვინ რომელ პოზიციაზეა, თუმცა იმედოვნებს, რომ კრიზისი ღრმა არ არის და პოზიციების დაახლოვება შესაძლებელი იქნება.

ზვიად აბაშიძე
ზვიად აბაშიძე

ამ ვითარების განსხვავებულ ანალიზს გვთავაზობს პოლიტიკური ექსპერტი, ზვიად აბაშიძე. იგი ფიქრობს, რომ „ევროპულ საქართველოში“ შექმნილმა ამ კრიზისმა გამოავლინა, რომ პარტია არ არის ჰომოგენური, ბოლომდე ფორმირებული დოქტრინული პარტია იმდენად, რომ თუ ადამიანი კარგად არ იცნობს პოლიტიკას, ვერ დაადგენს, რა განსხვავებაა მასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ზვიად აბაშიძის შეფასებით, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამიჯვნის მიზანს ემსახურებოდა ოთო კობახიძისა და გიგა ბოკერიას განცხადებები.

რატომ ცდილობს „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნას?

ზვიად აბაშიძის აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებისა და შსს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნის მიუხედავად, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ნიკა მელიას მოწოდებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლოდ მიიჩნევენ და ამაზე ხმამაღლა საუბრობენ. ექსპერტის შეფასებით, ამის მთავარი მიზეზია 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიების დაწყება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის მუხლით. ზვიად აბაშიძე ფიქრობს, რომ „ევროპული საქართველომ“ დაინახა საფრთხე, რომ თავადაც იყოს ასოცირებული ამ „დანაშაულთან“ და ცდილობს „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნოს.

გია ნოდია
გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია კი აღნიშნავს, რომ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ბრძოლის სტრატეგიის საკითხებში არსებითი განსხვავებებია და ეს 20-21 ივნისის ღამითაც გამოჩნდა, კერძოდ:

  • „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა რევოლუციური სცენარისთვის და ეჭვის თვალით უყურებს წმინდა საპარლამენტო და საარჩევნო მეთოდებს
  • ევროპული საქართველო კი მომხრეა ბრძოლა წმინდა კონსტიტუციურ ლეგიტიმურ ფარგლებში მიმდინარეობდეს.

ეს წინააღმდეგობები, გია ნოდიას შეფასებით, აქციის ძალადობრივი დაშლის მეთოდებმა გადაფარა და ზოგად მოთხოვნებსა და შეფასებებში პარტიები ერთად აღმოჩნდნენ, თუმცა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება, უფრო მკაფიოდ აუხსნას ხალხს, რითი განსხვავდება იგი „ნაციონალური მოძრაობისგან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG