Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია “ქართული ოცნების“ გარეშე - ვინ დაკარგა მეტი, მან თუ პარტიამ?!


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

ეკა ბესელია დამოუკიდებელი დეპუტატია. 22 თებერვლის შემდეგ იგი თავის ადგილს ვეღარ ხედავს პარტიაში, რომელიც, როგორც თავადვე ამბობს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად დააფუძნა. „მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მას აქვს მიზანი და ამბიცია, შექმნას ახალი პოლიტიკური პლატფორმა. ეკა ბესელიას გეგმის განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, დატოვებენ თუ არა მისი თანამოაზრეები „ქართულ ოცნებას“. ამ ჯგუფიდან პირველი აღმოჩნდა დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი. მან საპარლამენტო უმრავლესობა 21 თებერვალს პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ დატოვა. ამის მიზეზი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნა გახდა.

ვინ დაუჭირა და ვინ არა კანონპროექტს მხარი?

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების კანონპროექტს მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 17 აღმოჩნდა. კანონპროექტს სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. კენჭისყრის ფურცელი ეკა ბესელიამ გაასაჯაროვა - ამ ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მხარდამჭერი 45 ხმიდან, 17 საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნოდა.

როგორ შეცვლის „ქართულ ოცნებას“ ეკა ბესელიას წასვლა?

ეკა ბესელიას „ქართული ოცნებიდან“ გასვლას საპარლამენტო უმრავლესობაში პიარზე გათვლილ ნაბიჯად აფასებენ. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ანტიკონსტიტუციურ კანონს, რომელიც მთლიანად დაანგრევდა სასამართლო სისტემას.თუმცა იმას, რაც 21 თებერვალს სხდომათა დარბაზში კანონპროექტზე კენჭისყრის მომენტში მოხდა, სიმპტომურად მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ყველა დაიმალა, მოდით ასე ვთქვათ. არ უნდოდათ კოლექტიური მურუსიძის სასამართლო სისტემაში დატოვებაზე ხელის მოწერა, მაგრამ, მეორე მხრივ, არც ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირების კომფორტის დაკარგვა უნდათ და უბრალოდ დაიმალნენ, არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. ეს პროცესი ბუნებრივია დიდხანს ვერ გაგრძელდება.“- განმარტავს გია ხუხაშვილი. მისი აზრით, კონკრეტულად ეკა ბესელია არ არის ისეთი ფიგურა, რომლის გადაადგილებასაც პარტიაში რყევების გამოწვევა შეუძლია, მაგრამ ვითარება ქვეყანასა და „ქართულ ოცნებაში“ მძიმეა.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

რეალურად იქ ბევრი ეკა ბესელიაა. ანუ ბევრი ადამიანია, ვინც ძალიან მიუახლოვდა წითელ ხაზებს.“- ფიქრობს გია ხუხაშვილი. მისი აზრით, პარტიის რიგებში კრიტიკული მასის დაგროვებას ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ ტრანსფორმაცია და მისი ქცევა „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრედ. „ეს მიკრო ბაბილონის გოდოლი ნგრევის პროცესშია ახლა და ნგრევას აჩერებს ერთადერთი რამე. მერკანტილური მოსაზრებები- რომ წავიდნენ, სად წავიდნენ?“- გვითხრა გია ხუხაშვილმა.

დემარში სასამართლოსთვის?

ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის „ქართული ოცნებიდან“ გასვლის ერთგვარ წყალგამყოფად ქცეული კანონპროექტი რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე ითვალისწინებდა.

საპარლამენტო უმრავლესობამ, ფაქტობრივად, არ გაიზიარა ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების შეხედულებები სასამართლოში კლანური „კოჰაბიტაციის“ შესახებ. დღეს კი ეკა ბესელია, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, სასამართლო ხელისუფლების ხარვეზების გამოსწორებას შემდეგი მიმართულებებით გეგმავს:

  • ხალხს უნდა ვკითხოთ, უჭერენ თუ არა ისინი მხარს მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას.
  • დავიწყოთ კონსტიტუციური ცვლილება, მათ შორის, ცვლილება უნდა შეეხოს იმ მოსამართლეებს, რომლებიც უკვე დანიშნულნი არიან უვადოდ.
  • დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს იუსტიციის საბჭო
  • უზენაეს სასამართლოში უნდა გამწესდნენ მხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებულნი ძალადობრივ რეჟიმთან.

შექმნის თუ არა ეკა ბესელია თავის პარტიას?

კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების შესახებ სულ 9 დეპუტატი აწერდა ხელს. ესენი არიან

  • ეკა ბესელია
  • გედევან ფოფხაძე
  • ლევან გოგიჩაიშვილი
  • ოთარ ჩრდილელი
  • ალექსანდრე ერქვანია
  • ზვიად კვაჭანტირაძე
  • კობა ნარჩემაშვილი
  • დავით ჭიჭინაძე
  • ლევან კობერიძე

აქედან 2-მა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა უკვე დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ გარიცხულია, ხოლო გედევან ფოფხაძე ორშაბათს, 25 თებერვალს საგანგებო ბრიფინგზე აპირებს თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებას.

ეკა ბესელიას გარშემო პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას პოლიტოლოგები ეჭვით უყურებენ. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ეკა ბესელიას საამისო პოლიტიკური წონა არ აქვს, ხოლო კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ მას ცალკე პარტიის შექმნა ფორმალურად შეუძლია,მაგრამ ეს იქნება პატარა ჯგუფი და ვერ იქნება მესამე ძალა.

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

ეკა ბესელია შეეცდება ითანამშრომლოს ყველა ოპოზიციურ ძალასთან, ნაციონალური მოძრაობის გარდა, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსთანაც. “ რომელთანაც რა ურთიერთობა აქვს ეკა ბესელიას, არ ვიცით“, - ამბობს კორნელი კაკაჩია. თუმცა ბესელიას ერთ-ერთი თანამოაზრე, დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შემდეგ სწორედ „პატრიოტთა ალიანსში“ გაერთიანდა.

ვინ დატოვა და ვინ გარიცხეს „ქართული ოცნების“ რიგებიდან?

დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ გასული წლის ივლისში გარიცხეს. ოფიციალურად ამის მიზეზი გახდა მისი საჯარო განცხადებები, რომლითაც მან პოლიტიკური გუნდის წევრებს მიაყენა შეურაცხყოფა და ამით დააზიანა პარტიის იმიჯი და ინტერესები.

„ქართული ოცნებიდან“ ასევე გარიცხეს მურმან დუმბაძე. სხვადასხვა დროს „ქართული ოცნება“ დატოვეს თამაზ მეჭიაურმა, დავით ლორთქიფანიძემ, არმაზ ახვლედიანმა, მედეა ვასაძემ.

მათ რიგებს დღეს, 2019 წლის 22 თებერვალს შეუერთდა დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილიც. ამის მიზეზი გახდა ის,რომ საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ბექა ნაცვლიშვილის უმრავლესობიდან წასვლა ირიბად თუ უკავშირდება ეკა ბესელიასა და სასამართლო სფეროში მიმდინარე რეფორმას, მაინც „ქართულ ოცნებას“ მისი წასვლა საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვად დაუჯდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG