Accessibility links

ეკლესია, ნატო, ევროკავშირი - ინფორმაცია დეზინფორმაციის წინააღმდეგ


სასულიერო პირები ისევ ჩავლენ ბრიუსელში - ნატოსა და ევროკავშირის უკეთ გაცნობის მიზნით - გრძელდება „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) პროექტი.

პროექტი დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და საქართველოს უცვლელი საგარეო პრიორიტეტებისთვის ინფორმირებული მხარდაჭერის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

პირველმა ეტაპმა ბევრს აჩვენა, რომ პროექტი გასაგრძელებელია. მას შემდეგ, რაც 2016-2017 წლებში მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენელთა დელეგაციები ორჯერ ბრიუსელში და ერთხელ ვაშინგტონში ჩავიდნენ, აშკარად შეიცვალა მათი საჯარო გზავნილები ევროკავშირის, ნატოსა და შეერთებული შტატების მისამართით.

„სასულიერო პირების მხრიდან გავრცელდა მესიჯები და კომენტარები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების განწყობების წარმოჩენის ჭრილში.

ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ საპატრიარქომ გაავრცელა საგანგებო განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მართლმადიდებლური ეკლესია მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქეთევან ჩაჩავა, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ჩაჩავა ამბობს, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა მხოლოდ ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას შეუძლია. ამასთან, CDD-ის დაკვირვებით, რუსეთის პროპაგანდის ძირითად სამიზნეს სწორედ რელიგიური ჯგუფები წარმოადგენენ, საზოგადოებაზე მათი მასშტაბური ზეგავლენის გათვალისწინებით.

ისიც ფაქტია, რომ საკუთარი თვალით ნანახსა და საკუთარი ყურით მოსმენილს ყველაზე უკეთესად შეუძლია გაანეიტრალოს რუსეთის პროპაგანდის უმთავრესი გზავნილები, რომლებიც საეჭვოს ხდის და საფრთხეს უქმნის საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატოსკენ.

რუსეთის პროპაგანდისტული მესიჯები მრავალნაირია, ასე მაგალითად:

  • დასავლეთი ნერგავს გარყვნილებას;
  • დასავლეთს სურს ქართული ტრადიციების მოსპობა;
  • დასავლეთის მიზანია ქართველი ერის გადაგვარება;
  • დასავლეთში პატივს არ სცემენ ოჯახს, არ იციან უფროს-უმცროსობა და სხვა.

ქეთევან ჩაჩავას აზრით, ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერის შემთხვევაშიც, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს გააზრებული ჰქონდეს, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ეს უცვლელი არჩევანი - რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ ყველაფერს ქვეყნის განვითარებისთვის - "ასეთ შემთხვევაში არჩევანი უფრო მტკიცეა".

ქეთევან ჩაჩავა გვეუბნება, რომ სასულიერო პირები იყვნენ ძალიან მონდომებული და მოტივირებული, მიეღოთ მეტი ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ჭრილში.

პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ევროკავშირმა CDD-ს პროექტი სტრატეგიული კომუნიკაციების ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად აღიარა.

დეზინფორმაციის ზეგავლენების შემცირდების მიზნით, პროექტში რელიგიური ჯგუფების გარდა, ჩაერთვებიან ასევე - საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები და მოსწავლეები.

გაფართოვდა ასევე რელიგიური ჯგუფების წრეც. თუკი პროექტის პირველი ეტაპი ძირითადად მართლმადიდებელ ეკლესიას შეეხებოდა, ახალ პროექტში წარმოდგენილი იქნებიან:

  • მართლმადიდებელი ეკლესია;
  • მუსლიმთა თემი (როგორც სუნიტები, ასევე შიიტები);
  • კათოლიკური ეკლესია;
  • სომხური გრიგორიანული ეკლესია;
  • ებრაული თემი.

ახალი 2-წლიანი პროექტი მაისში დაიწყება. პროექტს აფინანსებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა, „კარგი მმართველობის ფონდის“ ეგიდით. პროექტის პარტნიორები არიან საგარეო საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG