Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგეგმება სახელმწიფო „ეკონომიკის განვითარების ბანკის“ შექმნა

ინიციატივის დეტალები ჯერ უცნობია. გარეკანის ფოტოზე: ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ყაველაშვილი
ინიციატივის დეტალები ჯერ უცნობია. გარეკანის ფოტოზე: ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ყაველაშვილი

„ქართული ოცნების“ მთავრობა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის“ შექმნას გეგმავს.

ეს ირკვევა მთავრობის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან - ირაკლი კობახიძის განკარგულებიდან, რომელიც ეხება პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულ გეგმებს.

41-გვერდიან დოკუმენტში ამ საკითხს ერთი აბზაცი ეთმობა, საიდანაც ირკვევა, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება“.

  • იქვე წერია, რომ სახელწოდებაში გამოყენებული იქნება ტერმინი „ბანკი“, თუმცა იგი „არ განახორციელებს კომერციული ბანკისთვის განსაზღვრულ ისეთ საბანკო საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ეროვნული ბანკის ლიცენზიას“.
  • „აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილებები უნდა აისახოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში“, - წერია დოკუმენტში.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფუნქცია ექნება განვითარების ბანკს, ვის დაექვემდებარება, რა მოდელზე იქნება დაფუძნებული და სხვა დეტალები. „ქართული ოცნების“ ლიდერებს ჯერ საჯაროდ არ უსაუბრიათ ამ ინიციატივაზე.

3 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით გაყვანილმა დეპუტატმა, „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ილია ინჯიამ „სახელმწიფო ბანკის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა - „ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო გამტკიცების მიზნით“.

მან ეს ინიციატივა წამოაყენა სასურსასო ფასების დარეგულირებაზე საუბრისას. „დარწმუნებული ვარ, ფასის შედგენაში დიდი მონაწილეობა ექნება საბანკო სისტემას და საპროცენტო განაკვეთს“, - თქვა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG